იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

06 იანვარი 2017
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ,“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით,  სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა  სტრუქტურები, კერძოდ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, უზენაესი სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და  არასამთავრობო ორგანიზაციები.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც  ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესი  მაქსიმალურად გახსნილი იქნება. მისივე თქმით, კომიტეტმა დეკემბერში, უკვე ჩაატარა გარკვეული კვლევითი სამუშაოები სხვადასხვა მოდელებთან დაკავშირებით, რასაც სამუშაო ჯგუფს წარუდგენს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტები მომზადდება, მათი განხილვის პროცესიც  საზოგადოების ფართო ჩართულობით წარიმართება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება განიხილა, მათ შორის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანისა და ხელმძღვანელი ორგანოების უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.

როგორც საკანონმდებლო წინადადების ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ჩართოლანმა განმარტა, ცვლილებების მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალურ დირექტორს არსებული კანონით მკაფიოდ არ აქვს გამიჯნული უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები. სამეურვეო საბჭოს მინიჭებული აქვს უპირატესი უფლება მაუწყებლის მართვის საკითხებში, რადგან მას საკუთარი ინიციატივით, დირექტორთან შეთანხმების გარეშეც, აქვს უფლება შეცვალოს ბიუჯეტი და დებულება.

მისივე განმარტებით, გენერალურ დირექტორს კანონი არ აძლევს საშუალებას პასუხისმგებლობა აიღოს მაუწყებლის როგორც სტრუქტურის მართვაზე, ისე ბიუჯეტის მართლზომიერ განკარგვაზე, რაც უკიდურესად ზღუდავს დირექტორის უფლება -მოვალეობებს. „ასეთი რამ ახდენს თავად მაუწყებლის მუშაობის პარალიზებას და შეიცავს მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის მუდმივი უთანხმოების საშიშროებას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

გიორგი ჩართოლანმა აღნიშნა, რომ კანონი გენერალურ დირექტორს აქცევს სრულად დამოკიდებულს სამეურვეო საბჭოს ნება-სურვილეზე. მისივე თქმით, კანონი სამეურვეო საბჭოს მთავარ არსობრივ პრინციპს არღვევს, რომლის მიხედვითაც, ის უნდა იყოს გენერალური დირექტორის საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო, კანონის ცალკეული მუხლებიდან გამომდინარე კი, სამეურვეო საბჭო თავად ხდება გადაწყვეტილებების მიმღებიც და მაკონტროლებელიც.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა განაცხადა, გარდა ამ საკითხებისა, არის კიდევ მთელი რიგი საკითხები, რომელთა დარეგულირება აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის გამართული ფუნქციონირებისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადებას. კომიტეტმა  მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე იმ დათქმით, რომ გარდა საკანონმდებლო წინადადებაში მოცემული საკითხებისა, საჭიროების შემთხვევაში,  ჯგუფში განხილული იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა თემებიც.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ ის, რომ დააკვირდეს კანონის მოქმედების პრაქტიკას, განსაკუთრებით ცვლილებების ამუშავების შემდეგ და ეს ვალდებულება მას აკისრია როგორც კონსტიტუციით, ასევე რეგლამენტით.

პარლამენტის მზაობა, დაინახოს კანონის მოქმედების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და ამაზე იმსჯელოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უფრო, როდესაც საზოგადოებრიც მაუწყებელს და ზოგადად, მედიას ეხება საკითხი. საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბუნებრივია, აქვს თავისი განსაკუთრებული სპეციფიკა, რაც გამოარჩევს მას ყველა დანარჩენისაგან, თუნდაც ის, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდება  და ანგარიშვალდებულება არსებობს,  მათ შორის, პარლამენტის წინაშე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 6 იანვარი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 6 იანვარი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 6 იანვარი