იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

18 აპრილი 2017
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად წარადგინა. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტი, რომელიც სამთვიანი ინტენსიური მუშაობისა და მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად შეიქმნა და რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა. 

დოკუმენტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. მასში ასახულია კომიტეტის სტრატეგიული გეგმა, ორწლიანი დღის წესრიგი და კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საპარლამენტო ზედამხედველობა, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობა და რეაგირება, ანუ კონკრეტული ქმედეთი ღონისძიებები მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისგან შემოსულ პეტიციებზე, განცხადებებზე, საჩივრებზე და სხვა. სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროგნოზირებადობა, რაც თავის მხრივ საჯაროობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა, ასევე კომიტეტის საზედამხედველო როლის გაძლიერების ღონისძიებები, კომიტეტის აპარატის გაძლიერებისა და განვითარებისათვის აუცილებელი მოქმედებები.

წარმოდგენილ დოკუმენტს კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. საკითხის განხილვას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, რომელმაც ასევე გამოხატა თავისი მხარდაჭერა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიმართ.

კომიტეტმა მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში განხორციელებული ძალადობის, არამედ ზოგადად ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებს.

წარმოდგენილ კანონპროექტს თან ახლავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. დეტალურად განხილვის პროცესში კომიტეტის წევრების მხრიდან გამოითქვა მთელი რიგი შენიშვნები, მათ შორის აღინიშნა, რომ ზოგიერთი საკითხი მეტ სიცხადეს ან განმარტებას მოითხოვს, რის შესახებაც კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე დამატებით იმსჯელებენ. ამ დათქმით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს.

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის შესაბამისად, იცვლება აქამდე არსებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის.

დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების თაობაზე“ კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. ორივე ჯგუფში წარმოდგენილი იქნებიან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, შსს-ს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, უზენაესი და საერთო სასამართლოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივაზე, აზარტული თამაშობების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე. მისი განმარტებით საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ დაიწყოს მუშაობა ამ სფეროს რეგულაციებზე, რამდენდაც აზარტულ თამაშებზე წვდომა არის ძალიან მარტივი, ასევე მარტივია წვდომა საერთაშორისო ონლაინსერვისებზე, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანებს და რის შედეგადაც ქვეყნიდან დიდი რაოდენობით თანხები გაედინება, ამდენად სახელმწიფო დაინტერესებულია მოხდეს პროცესის რეგულაცია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფის შექმნას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 18 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 18 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 18 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 18 აპრილი