იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმოდგენილი კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა

08 ნოემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმოდგენილი კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, ანრი ოხანაშავილის, გურამ მაჭარაშვილის და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმოდგენილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

„ეს პროექტი „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ სასამართლო რეფორმების ფარგლებში  2012 წლიდან განხორციელებული ცვლილებების ქვაკუთხედია, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების სფეროს გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებისკენ.

ეს პროექტი ერთ კონტექსტში აქცევს ყველა ამ ცვლილებას და უზრუნველყოფს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყოს კიდევ უფრო მეტად გახსნილი, კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მონიტორინგის შესაძლებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების შესახებ. 

ჩვენი ამოცანა იყო მაქსიმალურად ობიექტურად, დეტალურად გაგვეწერა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებაში, რომ არ ყოფილიყო არანაირი ინტერპრეტაციის და ნორმის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა,  რაც, სამწუხაროდ, არაერთხელ მოხდა კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებაში, წინა ხელისუფლების პირობებში.

შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველა პრინციპი ყოფილიყო გაწერილი ობიექტურად და დეტალურად.  მეორე საკითხი, ეს არის მოსამართლეების უფრო მეტი დაცულობა და ნორმის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების გამორიცხვა.

ჩვენი ამოცანაა, მართლმსაჯულების სფეროში, კერძოდ, სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი სკოლა  იყოს კიდევ უფრო მეტად დახვეწილი იმისთვის, რომ უზრუნველყოფდეს შესაბამისი კადრების სათანადოდ მომზადებას, გადამზადებას და იყოს ხარისხიანი სწავლება იმისთვის, რომ კონკრეტული კადრი, რომელიც გაივლის იუსტიციის უმაღლესს სკოლას, იყოს ძალიან კარგად მომზადებული იმ საპასუხისმგებლო საქმის განსახორციელებლად, რომელიც უკავშირდება სამოსამართლო საქმიანობას.

შესაბამისად, აღნიშნული პროექტით,  ჩვენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებას ვახორციელებთ, რომლის მიხედვითაც,  ერთი მხრივ, გახანგრძლივდება სწავლება და მეორე მხრივ, ხარისხი იქნება უფრო კარგი. 

პროექტში ჩადებულია გარანტიები იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა იყოს მიმზიდველი. იზრდება  ხელფასის ოდენობაც, უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, შესაბამისი პირობები კანდიდატებისთვის, ვინც იქნებიან მსმენელები.

პროექტის თანახმად, შემოდის სისტემა, რომლითაც ისინი გაივლიან არა მხოლოდ თეორიულ კურსს, არამედ მიეცემათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, იქნება ეს სასამართლო, ადვოკატურა, ნოტარიუსი თუ სხვა ორგანოები.

შესაბამისად, მივიღეთ მაქსიმალურად დაბალანსებული სისტემა.  შემდგომი საკითხი უკავშირდება დამოუკიდებელი ინსპექტორის გარანტიების შექმნას. დამოუკიდებელ ინსპექტორთან მიმართებაში ჩვენ კანონში შემოგვაქვს მთელი რიგი ის ცვლილებები, რომლითაც დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობა არის კიდევ უფრო დაცული და უზრუნველყოფს მყარ გარანტიებს იმისთვის, რომ მან განახორციელოს მისი საქმიანობა მაქსიმალურად დამოუკიდებლად და მაქსიმალურად ობიექტურად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით აღნიშნული რეფორმა განხორციელდა საერთაშორისო პარტნიორებთან  ერთად და ისინი მიესალმნენ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მიესალმა ამ პროექტს, როგორც ერთობლივ კონსენსუსზე დაფუძნებულ პროექტს, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააჯანსაღოს მართლმსაჯულების სისტემა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, ასევე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელი, ბატონი კრისტიან ურსე, რომელიც მიესალმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებს. ამ პროცესში ჩართული იყო, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული სუბიექტი, არასამთავრობო  ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ეფუძნება სწორედ, კონსენსუსს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებას. ყველა ძირითადი რეკომენდაცია, ერთობლივი კონსენსუსის საფუძველზე იქნა გათვალისწინებული და შესაბამისად, სასიხარულოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ასეთი კონსენსუსით არის მიღებული“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. 

კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე გამოთქმული დათქმის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭება სარეზოლუციო მანდატი, შეიქმნება სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივი მექანიზმი, შესაბამისი ინსტრუმენტები და კრიზისული სიტუაციების მართვის ზომები, რაც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოს ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება, რომლის ფარგლებშიც მას შეეძლება შეინარჩუნოს კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციები და უკეთ დაიცვას დეპოზიტართა ინტერესები. ამასთან, კანონპროექტის მიღება დახვეწს და განამტკიცებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს.

რეზოლუციის ცნება, გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო მანდატის ფარგლებში კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებასა და სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების განხორციელებას რეზოლუციის მიზნების მისაღწევად, როგორიცაა კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფა, ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება, საბიუჯეტო და სახელმწიფო სახსრების დაცვა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტებისა და მომხმარებლების სახსრებისა და აქტივების დაცვა.

ამასთან ახლებურად განიმარტება დროებითი ბანკი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფუძნებულ და ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ დროებით კომერციულ ბანკს, რომელიც იქმნება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების, ვალდებულებების ან/და კრიტიკული ფუნქციების მთლიანად ან ნაწილობრივ გადასაცემად კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად.

კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა  საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გიორგი კახიანის, მერაბ ქვარაიას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტით მუნიციპალიტეტის ( გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა -  გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით -  გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ასევე მესამე მოსმენისთვის განიხილა  პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად:

  • საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) ან იგივე საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • სპეციალური რეგულარული გადაყვანის (საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებულების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმოდგენილი კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა, 2019 წლის 8 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმოდგენილი კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა, 2019 წლის 8 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმოდგენილი კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა, 2019 წლის 8 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმოდგენილი კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა, 2019 წლის 8 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმოდგენილი კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა, 2019 წლის 8 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმოდგენილი კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა, 2019 წლის 8 ნოემბერი