იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს მოუსმინა

27 სექტემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, მამუკა ვასაძეს მოუსმინა.

სხდომის მონაწილეებისთვის კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემების გაცნობამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

დღეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ძალიან მძიმე დღე - სოხუმის დაცემის დღე. ამ დღეს ჩვენ ყველა დიდი ტკივილით ვიხსენებთ, თუმცა, ამასთანავე იმ იმედით, რომ შევძლებთ ერთად დგომას ჩვენს მეგობრებთან ერთად, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე დადგება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კომიტეტში მიმდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ მოსმენები იქნება კონსტრუქციული და კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებული.

ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ თითოეული კანდიდატისგან, მაქსიმალურად დავსვათ ის შეკითხვები, რომელიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომელიც შეიძლება არსებობს საზოგადოებაში და მოვითხოვოთ ამ შეკითხვებზე პასუხის მიღება. ჩვენ აქ კომფორტისთვის არ მოგვყავს რომელიმე კანდიდატი, არამედ იმისთვის, რომ ამ უმნიშვნელოვანესი, მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე პროცესის დროს, საზოგადოებამ ნახოს რა შეკითხვები აქვთ პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურს, სამეცნიერო სფეროს და არასამთვარობო ორგანიზაციის წარმომადგენელებს. ამ ფორმით, ასე გახსნილად პროცესი არ წარმართულა. ამიტომ, ჩვენი ამოცანა და ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ ამ პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, ამიტომ ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ კონსტრუქციულ ფორმატში წარვმართოთ ეს პროცესი და შევარჩიოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კანდიდატები“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, მამუკა ვასაძე: 2014 იანვარიდან 2015 ნოემბრამდე იყო საგამოძიებო ნაწილის უფროსი საქართველოს მთავარ პროკურატურაში; 2015 ნოემბერიდან 2018 დეკემბრამდე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე; 2018 ივნისიდან 2018 ივლისამდე მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი და 2018 დეკემბრიდან დღემდე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. 

სხდომის მონაწილეები დაინტერესდნენ მამუკა ვასაძის მოსაზრებით: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლების ხარისხზე და არსებულ გამოწვევებზე, რამდენად უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე, ფინანსურ პოლიციაში და პროკურატურაში მის საქმიანობაზე, უზენაეს სასამართლოში არსებულ პრაქტიკაზე, სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით უზენაეს სასამართლოსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად მიღებული დადგენილების რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, იყო თუ არა 2004 -2011 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროკურატურასა და სასამრთლოში სისტემური პრობლემები და პოლიტიკური გავლენები, ასევე სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა შეკითხვებს: ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიებაზე, პროკურატურის სისტემაში შესაძლო სისტემურ ხარვეზებზე, ვაზაგაშვილის საქმეზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების საქმეების გამოძიებაზე, ნიკანორ მელიას საქმეზე, თიბისი ბანკზე კიბერშეტევის საქმეზე, დეკანოზ მამალაძის საქმეზე და სხვა საკითხებზე. 

მამუკა ვასაძეს კითხვები დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების და ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ასევე, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც მას კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააცნო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიმდინარე კვირაში მოუსმინა 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს: თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძეს, მირანდა ერემაძეს და მამუკა ვასაძეს. მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის რიგითობა განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატების გვარების ანბანური თანამიმდევრობით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ერთი კვირის შემდეგ გაგრძელდება.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს მოუსმინა, 2019 წლის 27 სექტემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს მოუსმინა, 2019 წლის 27 სექტემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს მოუსმინა, 2019 წლის 27 სექტემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს მოუსმინა, 2019 წლის 27 სექტემბერი