იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინა

09 ოქტომბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი გრძელდება. დღეს კომიტეტმა მერვე კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო. შალვა თადუმაძეს აქვს 18-წლიანი პროფესიული გამოცდილება. იგი 2012 ოქტომბერიდან 2018 აპრილამდე იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, 2018 აპრილიდან 2018 ივლისამდე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ხოლო 2018 ივლისიდან დღემდე არის საქართველოს გენერალური პროკურორი.

დადგენილი პროცედურის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა დღეს თქვენს წინაშე წარვმდგარიყავი. დღეს, მე აქ ვდგავარ, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, არ ამოვეფარები თანამდებობრივ სტატუს, არ და ვერ ვისარგებლებ მოსამართლის მაღალი ეთიკის ნორმებით. შესაბამისად, ვიქნები აბსოლუტურად გულწრფელი ყველა პასუხსა და შეფასებაში. იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერსო გასაუბრება იქნება და მე მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ თქვენს კითხვას და ვიყო გულწრფელი ყველა ჩემს პასუხში“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან დასმული შეკითხვები შეეხებოდა: მისი უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნამდვილობის საკითხს, ქონებრივ დეკლარაციას, პროკურატურაში მის საქმიანობას, პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებს და საქმეების დროულად გამოძიებას, ადამიანის უფლებებს, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელების ინსტიტუციურ მექანიზმებს, თიბისი ბანკთან დაკავშირებულ საქმეს, ნიკანორ მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეს, 20 ივნისის აქციაზე დაშავებულთა დაზარალებულად ცნობას, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებს.

სხდომის მონაწილეები დაინტერესდნენ კანდიდატის მოსაზრებით: რამ მიაღებინა გადაწყვეტილება მოქმედ გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარმდგარიყო; რამდენად დამოუკიდებლად გრძნობს თავს მის პროფესიაში, იმ დროს, როცა მისი საქმიანობის დიდი ნაწილი მმართველ გუნდს უკავშირდება; უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში შეუქმნის თუ არა მას იმ მოსამართლეებთან ერთად სისტემაში ყოფნა დისკომფორტს, რომლებიც წარსულში ზეწოლის ქვეშ იღებდნენ გადაწყვეტილებას და ასევე, სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს სთხოვეს დაეფიქსირებინა მისი პოზიცია - არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.

„რუსეთი ოკუპანტია. ამ დიპლომით მქონდა საშუალება ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ჩამომიყალიბდა ეს მენტალიტეტი: ოკუპანტი არის ოკუპანტი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველა ქართველის მოვალეობაა, რეალობა ისე დააფიქსიროს როგორიც არის. ოკუპანტი არის ოკუპანტი!“- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

სხდომის მიმდინარეობისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს კომიტეტზე დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ.

ამასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს არ მიუმართავს კომიტეტისთვის სხდომაზე დასწრების თხოვნით, თუმცა, ამის მიუხედავად, მას ადგილი კომიტეტში მაინც გამოუყვეს. ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე დამსწრე OSCE/ODIHR -ის წარმომადგნელებს მიმართა, ჩაინიშნონ, რომ დასწრება არავისთვის შეუზღუდავთ.

„მას ჩვენთვის არ მოუმართავს, რომ სურდა ჩვენთან კომიტეტზე დასწრება. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიზღუდავს, შევთავაზეთ დასწრებოდა კომიტეტის სხდომას იქ, სადაც სხვა მოქალაქეებიც სხედან. ადგილი გამოყოფილია და მას მიეცა საშუალება, რომ დასწრებოდა კომიტეტს, თუ ამის სურვილი ექნებოდა. ამიტომ ეს, რომ ჩაინიშნოთ და იცოდეთ, ჩვენ არ შეგვიზღუდავს არავინ დასწრებაში. თვითონ აქ, უშუალოდ დარბაზში, იმის გათვალისწინებით, რომ ფართო წარმომადგენლობაა, ვისაც აქვთ უფლება კითხვების დასმის და მონიტორინგის, ამის გათვალისწინებით არის ადგილები გადანაწილებული, სხვა მხრივ ჩვენ არავინ შეგვიზღუდავს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, შალვა თადუმაძესთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობდნენ: საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების და ოპოზიციური ფრაქციების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის, იურიდიული დახმარების სამსახურის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც შალვა თადუმაძეს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამერიკული მოდელის მიხედვით მიმდინარეობს და პროცესს მონიტორინგს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა უწევს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, ზაზა თავაძეს ხვალ მოუსმენს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინა, 2019 წლის 9 ოქტომბერი