იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა

17 სექტემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სრულად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდება და იმისათვის, რომ ამ სამსახურს თავის საქმიანობაში შეფერხება არ ჰქონდეს კანონში ცვლილებები ორი მიმართულებით შედის. ცვლილებების ერთი ნაწილი შეეხება გამოძიების ხარისხიან და ეფექტიან წარმართვას, ხოლო მეორე - მყარი სოციალური გარანტიების შექმნას იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავებული იქნებიან საგამოძიებო ფუნქციების განხორციელებით.

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს კანონში ახალი ტერმინების - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი/საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი“ და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი/გამომძიებელი“ - შემოღებას.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი განიმარტა იმგვარად, რომ მასში მოიაზრებიან როგორც გამომძიებლები, ასევე გამომძიებლის სტატუსის არ მქონე პირები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას განახორციელებენ. ასევე, დაკონკრეტდა „გამომძიებლის“ სტატუსის მქონე პირთა წრე.

კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად მიიჩნევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ამ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უმცროსი გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი.

ამგვარი ტერმინების შემოღება აუცილებელია, ვინაიდან, ამჟამად მოქმედი კანონის რედაქცია არ ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი პირების არსებობის შესაძლებლობას.

ასევე, კანონის მოქმედი რედაქცია არ იძლევა გამომძიებელთა დონეების მიხედვით დიფერენცირების შესაძლებლობას და გამომძიებლის სტატუსს არ ანიჭებს საგამოძიებო დანაყოფში მენეჯერის თანამდებობაზე მყოფ პირებს, მაშინ როცა ისინი მათთვის დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულების მიზნით გამომძიებლის კვალიფიკაციისა და სტატუსის მქონე პირები უნდა იყვნენ.

კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემის დანერგვას, რაც ერთის მხრივ დამწყები იურისტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემის, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზანს ემსახურება.

კანონპროექტში უფრო მკაფიოდაა ჩამოყალიბებული სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების მოადგილის ფუნქციები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის უფლებას ნორმატიული აქტით განსაზღვროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი.

აღნიშნული საშუალებას აძლევს ინსპექტორს, მოაწესრიგოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დაურეგულირებელი ურთიერთობები. 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს სპეციალური წოდებების მხოლოდ გამომძიებელთათვის მინიჭებას და მხოლოდ მათ სოციალურ დაცვას. წარმოდგენილი კანონის პროექტი სპეციალური წოდებების მინიჭებას და შესაბამის სოციალურ დაცვას ითვალისწინებს საგამოძიებო მიმართულების მოადგილისთვის, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებისთვის (გამომძიებლებისა და ოპერატიული მუშაკებისათვის) და ასევე, სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისთვის (რომელთა ძირითადი ფუნქცია საგამოძიებო მიმართულების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი გადაცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება იქნება). 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. 

მისი განცხადებით, უკვე ჩატარდა სამუშაო ჯგუფის ორი შეხვედრა და გამოიკვეთა დამატებითი ინფორმაციის მოძიების აუცილებლობა სამი მიმართულებით.

ერთი შეეხება პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ქსეროასლებზე წვდომის საკითხს, მეორე - ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის გამოთხოვას და მესამე - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიებას. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ქსეროასლების და ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის გამოთხოვას.

ეს ინფორმაციები უნდა გამოვითხოვოთ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციის ვერ გავასაჯაროვებთ და ვერც გადავცემთ პარლამენტის ვერცერთ წევრს. ყველას, ვისაც ექნება ამ ინფორმაციის გაცნობის სურვილი, ეს შესაძლებლობა ექნება. ამისთვის კომიტეტში გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილი, სადაც კონფიდენციალურობის დაცვით, კონკრეტული წევრი შესაბამის ხელმოწერას დააფიქსირებს, რომ გაეცნო ინფორმაციას და მისთვის ცნობილია ის სამართლებრივი შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ ინფორმაციის გამჟღავნებას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. 

მისივე თქმით, განათლების დამადასტურებელ მასალებთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციის გამოთხოვის საკითხზე კომიტეტი მუშაობს, ხდება ამ საკითხების იდენტიფიცირება და ხვალინდელ სხდომაზე ცნობილი გახდება ვისთან მიმართებაში, რა სახის დამატებითი დამადასტურებელი ცნობა თუ დოკუმენტი არის გამოსათხოვი და ამასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვის უნდა მიმართოს სამუშაო ჯგუფმა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა, 2019 წლის 17 სექტემბერი