იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

15 მაისი 2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. 

კანონპროექტით შემოთავაზებულია დანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობის, ჩვენებაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისათვის არსებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება.

დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და ერთსა და იმავე სანქციას ითვალისწინებს.

წარმოდგენილი ცვლილებებით, ანგარებით ან სხვა პირადი მოტივებით ცრუ ჩვენების მიცემისთვის სანქცია მძიმდება. კერძოდ, დღეს აღნიშნული ქმედება ისჯება 2-დან 4 წლამდე, კანონპროექტის მიღების შემდეგ კი დაისჯება 2-დან 6 წლამდე.

სიახლეს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე და 376-ე მუხლების ნაწილებად ჩაშლა და სანქციების გრადაცია ნაწილების სიმძიმისა და საშიშროების მიხედვით.

კანონპროექტით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კერძოდ, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 2-დან 6 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე დაისჯება, ნაცვლად დღეს არსებული რედაქციისა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ალტერნატიულ სანქციებს ითვალისწინებს ჯარიმის და შინაპატიმრობის სახით.

კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება და ამავე დროს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნის გათვალისწინებით, შენარჩუნდება ალტერნატიული სანქციები.

კანონპროექტის მიზანი და ამოცანაა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას, მოქალაქეთა თანამშრომლობის ხარისხის გაზრდას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულს სხდომაზე განხილვას.

კომიტეტმა განიხილა მემორანდუმი „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“.

წარმოდგენილი მემორანდუმის მიზანია „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ 2017 წლის 4 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაცია. ურთიერთგაგების მემორანდუმი განსაზღვრავს საქართველოსა და ევროპოლს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნის, განხორციელების, ოპერირების, ჩანაცვლებისა და დემონტაჟის პროცედურებს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მემორანდუმის პლენარულს სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილების - „ააიპ „ფრემა“ საქართველოს წინააღმდეგ“ აღსრულებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენების შესაძლებლობას არალიმიტირებული მოცულობით.

ინიცირებული კანონპროექტის შესაბამისად, როდესაც საგადასახადო ორგანოს ფლობს ინფორმაციას, რომ პირი გეგმავს თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, გადაუდებელი გასვლითი შემოწმებისას მას უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ზემოაღნიშნული აქტივების ღირებულების ფარგლებში.

ამავდროულად, გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია მოიყვანოს შესაბამისობაში გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოცულობა დარიცხულ საგადასახადო დავალიანებასთან, ამ უკანასკნელის ოდენობის თანაზომიერად (პროპორციულად).

კანონპროექტი ინიცირებულია საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და დავით მათიკაშვილის მიერ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტმა განიხილა „ქალთა მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი პეტიცია (თანდართული 1 000 პირზე მეტი ელექტრონული ხელმოწერით) გენდერული ნიშნით მკვლელობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლის ან დამამძიმებელი გარემოების შემუშავების მიზნით.

პეტიცია შეეხება „ფემიციდის“ დასჯადობის საკითხს. პეტიციის ავტორები მიუთითებენ, რომ „ფემიციდის“ აკრძალვის მიზნით, აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდეს ცვლილებები სპეციალური მუხლის ან გენდერულად მოტივირებული მკვლელობისათვის დამამძიმებელი გარემოების სახით. ამასთან, ავტორთა მოსაზრებით, ფემიციდისათვის სასჯელის სახედ უნდა განისაზღვროს 13-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში - უვადო თავისუფლების აღკვეთა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა პეტიციის განხილვის დაწყებას მხარი დაუჭირა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 2018 წლის 15 მაისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 2018 წლის 15 მაისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 2018 წლის 15 მაისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 2018 წლის 15 მაისი