იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინა

08 ნოემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაასრულა.

კომიტეტმა დღეს, ბოლო, რიგით მე-20 კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის მონაწილეებს გოჩა ჯეირანაშვილის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.

გოჩა ჯეირანაშვილს სპეციალობით მუშაობის 18-წლიანი, მათ შორის, მოსამართლედ მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: 2009 წლის მარტიდან 2018 წლის იანვრამდე იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და 2009 წლის დეკემბრიდან 2018 წლის იანვრამდე, იმავდროულად ასრულებდა სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას; 2018 იანვარიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან დასმული შეკითხვები შეეხებოდა: მის სპეციალობით საქმიანობას, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის უფროს ინსპექტორად მუშაობის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად მუშაობის პერიოდს; სამოსამართლო საქმიანობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, იყენებდა თუ არა იგი ამ პროცესში სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებებს და საერთაშორისო კონვენციებს; ქმედუნარიანობის რეფორმას და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს; სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ ნორმებს; სტამბულის კონვეციას; უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას; პოზიტიურ დისკრიმინაციას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციას და საქართველოს პარლამეტის მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ გაჩენილ შესაძლებლობებს; პარლამენტში მიმდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს და პირადად მის გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში; 2004 -2012 წლებში სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას; შეჯიბრებითობის და ინკვიზიციურ მოდელებს სისხლის სამართლის პროცესში; ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით; უზენაესი სასამართლოს გამოწვევებს; გამოხატვის თავისუფლებას და ასევე, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებს. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობდნენ: საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების და ოპოზიციური ფრაქციების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე, სახალხო დამცველის, სამეცნიერო სფეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლები.
გოჩა ჯეირანაშვილმა მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც კანდიდატს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმართული გასაუბრების მთლიანი პროცესი კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეაფასა, როგორც „ხალხის პროცესი“.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერც ერთმა სახელისუფლებო გუნდმა აქამდე: გახსნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, ეს პროცესი გახადა საზოგადოებრივი და საზოგადოებას გადასცა შესაძლებლობა განეხორციელებინა მონიტორინგი მასზე. ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურება. მე მაქვს პატივი და ვარ ამაყი, რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშავე ამ ცვლილებებზე. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ეს პროცესი შედგა. ეს პროცესი შედგა, როგორც საზოგადოებრივი პროცესი, როგორც ხალხის პროცესი და ჩვენს საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში, საჯაროდ ედევნებინა თვალყური ამ პროცესისთვის და ჰქონოდა უშუალო წარმოდგენა, თუ ვინ შეიძლება განიხილებოდნენ საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, როგორც უმაღლესი ინსტანციის მართლმსაჯულების განმახორციელებელი შესაძლო პირები. შესაბამისად, ეს არის ჩვენი გუნდის ასეთი მასშტაბის პირველი მონაპოვარი, რომელიც აქამდე არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს და ყველა სუბიექტს. მისივე თქმით, ეს პროცესი უკვე ორი თვეა მიმდინარეობს და როგორც უშუალოდ მისი, ასევე უმრავლესობის წევრების მოსაზრებაა, რომ კომიტეტში საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურის ჩატარება არ უნდა დაჩქარდეს.

ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს, როგორც კომიტეტის წევრებთან, ასევე დაინტერესებულ სუბიექტებთან. შესაბამისად, გონივრულ ვადაში დაინიშნება კომიტეტის სხდომა იმისთვის, რომ ჩავატაროთ კენჭისყრა და ამის თაობაზე წინასწარ გაცნობებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში 20 კანდიდატს მოუსმინა. კანდიდატებთან გასაუბრება 23 სექტემბერს დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა მოუსმინა: თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძეს, მირანდა ერემაძეს, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძეს, თამარ ზამბახიძეს, შალვა თადუმაძეს, ზაზა თავაძეს, ვლადიმერ კაკაბაძეს, ლევან მიქაბერიძეს, გიორგი მიქაუტაძეს, პაატა სილაგაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ნინო ქადაგიძეს, ლაშა ქოჩიაშვილს, ქეთევან ცინცაძეს, ალექსანდრე წულაძეს და გოჩა ჯეირანაშვილს. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ამერიკული მოდელის მიხედვით მიმდინარეობდა და პროცესს მონიტორინგს უწევდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინა, 2019 წლის 8 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინა, 2019 წლის 8 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინა, 2019 წლის 8 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინა, 2019 წლის 8 ნოემბერი