იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა

18 მარტი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

მომხსენებლის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი საკითხების განხილვა ფართო ჩართულობით ხდება.

„წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი გახლავთ ის, რომ პროცესი იყოს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საზოგადოების მონიტორინგი პროცესისადმი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურას ადგენს, ათ ძირითად პრინციპს ეფუძნება.

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დაწყებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადების შეტანიდან, გაგრძელებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით და პარლამენტისთვის წარდგენით, დასრულებული საქართველოს პარლამენტში კანდიდატების ინდივიდუალურად მოსმენით, წარმოდგენილია მთლიანობაში ხუთ ეტაპიანი პროცესი.

ჩვენ აქამდე გვქონდა მოდელი, როდესაც ერთი პირი, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენდა პარლამენტს კანდიდატებს ყოველგვარი პროცედურის გარეშე, არ არსებობდა არანაირი პროცედურა. დღეის მდგომარეობით, კონსტიტუციით შეცვლილია მდგომარეობა - კანდიდატებს წარადგენს არ ერთი პირი, არამედ კოლეგიური ორგანო, ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენ არ გვქონდა აქამდე არც ერთი პროცედურა დეტალურად გაწერილი, თუ როგორ წარიმართებოდა ეს პროცესი. შესაბამისად, ჩვენ ვახდენთ ამ პროცედურების დეტალურად გაწერას.

მეორე ძირითადი პრინციპი გახლავთ ის, რომ არ არსებობს შეზღუდვა, რომ რომელიმე კვალიფიციურ იურისტს შეეზღუდოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩვენ არავის ვავალდებულებთ შევიდეს შეთანხმებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ჩვენ არ ვქმნით ბარიერს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ნებისმიერ კანდიდატს, ნებისმიერ კვალიფიციურ იურისტს შეეძლოს მიიღოს მონაწილეობა პროცესში და დარეგისტრირდეს კანდიდატად.

მესამე ძირითადი პრინციპი გახლავთ ის, რომ ვაკანტური თანამდებობებზე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 18 ვაკანტური პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატის, ორნახევარჯერ მეტი კანდიდატის მოხვედრა არის გათვალისწინებული ე.წ. გრძელ სიაში.

მეოთხე ძირითადი პრინციპი გახლავთ ის, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მას არ ექნება საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება. ეს გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს.
მეხუთე ძირითადი პრინციპით - იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს გაესაუბრება ინდივიდუალურად, რაც იქნება საჯარო.

მეექვსე ძირითადი პრინციპით - საბჭოს წევრების მხრიდან მოხდება კანდიდატების შესაბამისი ქულებით შეფასება.
მეშვიდე ძირითადი პრინციპით - საბჭო კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.

მერვე ძირითადი პრინციპი გახლავთ, ის რომ საბჭოში პროცესი წარიმართება ორი თვის განმავლობაში.

 ასევე, გასათვალისწინებელია მეცხრე ძირითადი პრინციპი, რომ თუკი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებზე საბჭოს რომელიმე წევრს ექნება განსხვავებული პოზიცია, არ დაეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, საბჭო თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და დაასაბუთოს თავის პოზიცია, თუ რატომ არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას.

მეათე ძირითადი პრინციპი უკვე უკავშირდება საქართველოს პარლამენტს, თუ როგორ წარიმართება პროცესი საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქმნება სამუშაო ჯგუფი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფი ფორმირებას და სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ტარდება ე.წ. ამერიკული მოდელით ინდივიდუალური გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან. ჩვენ ამ საკითხს დავუთმობთ იმდენ დროს, რამდენიც საჭირო იქნება ამისთვის, რომ მივიღოთ შესაბამისი ღირსეული გადაწყვეტილება. პროცესი საქართველოს პარლამენტში იქნება საჯარო, რაც ნიშნავს იმას, რომ სხდომის დახურვა იქნება დაუშვებელი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მომხსენებელმა დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენისთვის განხილვა არ მოხდება მანამ, სანამ ცნობილი არ გახდება ვენეციის კომისიის მოსაზრებები.

„ვენეციის კომისია ორიენტირებულია ობიექტური კრიტერიუმების გაწერაზე და ეს იქნება ჩვენთვის სახელმძღვანელო. დაველოდებით მათ მოსაზრებებს და ამის შემდეგ დავიწყებთ მეორე მოსმენით განხილვას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს კონსულტაციები ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებზე დასმული ბევრი საკითხი ასახულია წარმოდგენილ კანონპროექტებში.

ანრი ოხანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი თავიდან ბოლომდე საქართველოს კონსტიტუციას ეფუძნება, სადაც გათვალისწინებულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება აქვს.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი „ქართული ოცნების“ გუნდმა შეაჩერა, რადგან კანდიდატების წარმოდგენის პროცედურა არ იყო მისაღები.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგინა, მაგრამ წარმოდგენის პროცედურა რომ არ მოგვეწონა, ამიტომაც შეაჩერა პროცესი „ქართული ოცნების“ გუნდმა", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა პროექტს არავის არგებს, განსხვავებით ბევრი სხვა პროექტისგან, რომელიც წარმოდგენილია პარლმენტში.

„ჩვენ არავის ვარგებთ პროექტს, განსხვავებით ბევრი სხვა პროექტისგან, რომელიც წარმოდგენილია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მონიტორინგი, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა კვალიფიციურ იურისტს მიეცეს შესაძლებლობა, რომ კოალიციაში კი არ შევიდეს საბჭოს წევრთან, რომ შეუთანხმდეს წარდგენაზე, არამედ, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა შეიტანოს განაცხადი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კომპეტენტურობა მეტი იყოს და ავწიოთ ეს სტანდარტი. ამ სტანდარტთან მე ვერ ვიგებ, რა წინააღმდეგობა შეიძლება იყოს. ჩვენი ამოცანაა, ავირჩიოთ შესაბამისი კომპეტენტურობით და კეთილსინდისიერებით გამორჩეული კანდიდატები. ეს არის საქართველოს პარლამენტზე დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუკი დაფიქსირდება უხეში მანიპულაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, სადაც საბჭოს მხოლოდ და მხოლოდ 11 წევრის მხრიდან იქნება ნომინირება კონკრეტული პირების და უმცირესობაში მყოფ წევრებს არ ექნებათ საშუალება, მათ მიერ ნომინირებული კანდიდატები მოხვდნენ გრძელ სიაში, ასეთ სიას პარლამენტი არ განიხილავს და არ დაამტკიცებს. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში, დეპუტატების გარდა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შემაჯამებელ სიტყვაში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა მზაობა, რომ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სხდომაზე გახმოვანდა, კიდევ გაგრძელდება მსჯელობა მეორე მოსმენის დაწყებამდე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის კრიტიკა, რაც არსებობდა - რომ პროცედურის გარეშე მოხდა ე.წ. სიის წარმოდგენა, ამ კრიტიკას ვუპასუხოთ სათანადოდ. წარმოდგენილი პროექტი სათანადოდ პასუხობს ამ კრიტიკას, რომელიც იყო სამართლიანი. დავუსვით წერტილი, რომ ამ პროცედურით არ შეიძლება მოხდეს სიის წარმოდგენა. კონსტიტუცია ამის შესაძლებლობას ითვალისწინებდა, თუმცა პროცედურა ვინაიდან არ არსებობდა, ამას სჭირდებოდა გაწერა. ეს ამბავი რომ გახდა კრიტიკის საგანი, ამიტომ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც დააბალანსებს პროცედურას. ჩვენ დეტალურად ვწერთ პროცედურას იმისთვის, რომ პროცესი იყოს ღია, საჯარო და საბოლოოდ მივიღოთ ღირსეული გადაწყვეტილება - საქართველოს პარლამენტში ავირჩიოთ ისეთი ღირსეული კანდიდატები, რომლებიც შეეფერებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 18 მარტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 18 მარტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 18 მარტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 18 მარტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 18 მარტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 18 მარტი