empty

სხდომის ოქმი N184


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი N184

23.09.2019

სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

სხდომის მდივანი: ნინო ძოწენიძე - აპარატის თანამშრომელი;

სხდომას ესწრებოდნენ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები:
ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სოფიო კილაძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი, ირაკლი აბესაძე, ოთარ კახიძე, გელა მიქაძე, ეკა ბესელია.

სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხდომაზე დამსწრე სხვა პირები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომა გახსნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით.

დღის წესრიგი

1. 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების საკითხის განხილვა.

2. 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტთან შეთანხმება.

3. 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილის კომიტეტის სხდომაზე მოსმენა (1-16602/19; 06.09.2019).

მოისმინეს რატი იონათამიშვილის ინფორმაცია:

საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის 2 და 21 პუნქტების შესაბამისად შექმნილმა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა 2019 წლის 13, 16 და 20 სექტემბერს გამართა სამუშაო შეხვედრები. შეხვედრების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2019 წლის 6 სექტემბერს N1-16602/19 წარდგინებით წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

სამუშაო ჯგუფის 13, 16 სექტემბრის შეხვედრაზე მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება, კერძოდ:

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატს გაეგზავნა მოთხოვნა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის დამატებით წარმოდგენის თაობაზე;
2. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაეგზავნა მოთხოვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის დამატებით წარმოდგენის თაობაზე;
3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს გაეგზავნა მოთხოვნა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის არანაკლებ მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის თაობაზე.

მომხსენებლის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის 20 სექტემბრის სხდომაზე მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის 2 და 21 პუნქტის თანახმად შექმნილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი (წარდგინება N1-16602/19; 06.09.2019) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შეესაბამებიან საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.

ამასთან, მიზანშეწონილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის ამ საკითხზე კენჭისყრამდე წარდგენილ იქნეს ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომების თაობაზე, მოსამართლეობის კანდიდატისთვის შესაბამისი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ უნდა მოეთხოვოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით აქვთ წარმოდგენილი უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, კერძოდ, ქეთევან ცინცაძეს და ალექსანდრე წულაძეს.

მომხრე - 11;
წინააღმდეგი - 0;

სხდომის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პირველი კანდიდატის თამარ ალანიას მოკლე ბიოგრაფია:

იგი დაიბადა 1976 წლის 8 ივლისს ქ.თბილისში, 1993 წელს დაამთავრა თბილისის N51 საშუალო სკოლა, 1998 წელს დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი,1999 წელს დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების სამმართველოს სტაჟორ პროკურორად. 2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს ანალიტიკური განყოფილების პროკურორად. 2003-2004 მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს საოლქო სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორად. 2004 წელს დაინიშნა გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალურ სამსახურში პროკურორად. 2006 წელს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. 2013 წლის 9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. 2014 წელს კონკურსის გავლის გზით იყო მივლინებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 2014 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოში.

თამარ ალანიამ წარმოადგინა ხუთ წუთიანი სიტყვა, მისი მომავალი გეგმების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ არჩეული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს კითხვები დაუსვა ფრაქციების მიხედვით პარლამენტის წევრებმა და დამოუკიდებელმა, უპარტიო დეპუტატებმა. ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელმა.

კითხვები ძირითადად ეხებოდა მომხსენებლის მოსამართლეობის პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიამ გასცა პასუხი დასმულ შეკითხვებს.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

სხდომის მდივანი ნინო ძოწენიძე