რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

17 მარტი 2017
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე, კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრაზე, რომელიც დღეს კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. „ძალიან კარგი შეხვედრა იყო. გავაჟღერეთ ინიციატივები, ერთმანეთს გავაცანით პოზიციები და ჩამოვყალიბდით, რომ საბჭო იქნება წარმომადგენლობითი. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ საბჭოს წევრობის კანდიდატებს და საბჭო იმსჯელებს ყველა იმ საკითხზე, რასაც კომიტეტი განიხილავს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს. საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება საქართველოს კოდექსის პროექტი: „არქიტექტურული, ქალაქთმოწყობითი და სამშენებლო საქმიანობის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტმა, იური სვანიძემ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კოდექსი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობისას სრულფასოვანი გარემოს შესაქმნელად, სახელმწიფო ორგანოებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობებს არეგულირებს. იხილავს სივრცითი მოწყობის საკითხებს, არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროში მონაწილე სუბიექტებს შორის დამოკიდებულებებს და სეისმური რისკებისგან საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის დაცვას ემსახურება.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინიციატივა საჭიროებს გადამუშავებას, რომ კანონპროექტის სახით ჩამოყალიბდეს და ამასთან, მისი განხილვა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსთან“ ერთად უნდა მოხდეს.

კომიტეტის წევრებმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კოორდინატორის, ლევან ალაფიშვილის მიერ წარმოდგენილ „რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს.

საკანონმდებლო ინიციატივა მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის ინსტიტუციონალიზაციას, თვითმმართველობების შესაძლებლობების და დეცენტრალიზაციის პროცესის გაძლიერებას შეეხება.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, შემოთავაზებული წინადადება პრონციპების დონეზე მისაღებია, თუმცა ამ ეტაპისთვის უმჯობესია საკითხზე მსჯელობა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში გაიმართოს და შემდგომ ის კანონპროექტის სახით შემოვიდეს პარლამენტში.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველპობის კომიტეტის წევრებს, ა(ა)იპ „მწვანე კავკასიის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „მწვანე კავკასიას“ თავმჯდომარემ, გიორგი აბულაძემ გააცნო. მისი განცხადებით, ინიციატივა საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებას შეეხება. პროექტის მიზანს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თანამონაწილეობითი დაგეგმვის პროცესისათვის ნორმატიული ბაზის შექმნა წარმოადგენს. პროექტით შემოთავაზებული პროცედურებით, მუნიციპალიტეტის მიერ პროექტების შერჩევის ისეთი მექანიზმი შეიქმნება, რომელიც ორგანოების მიერ საზოგადოებასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღებას გამორიცხავს.

„ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული წინადადება კარგია, მაგრამ ამ მიმართულებით მიმდინარეობს გარკვეულ ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა და მიზანშეწონილი იქნება საკანონმდებლო წინადადება სწორედ ამ პაკეტის ფარგლებში იყოს წარმოდგენილი,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ. პოზიცია საკანონმდებლო წინადადების ერთიან პაკეტში წარმოდგენის თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარემაც გაიზიარა.

დღესვე სხდომაზე, დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცეს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საპარლამენტო უმცირესობის წევრი, მამუკა ჩიქოვანი აირჩიეს.

გალერეა

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა