რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

17 მარტი 2017
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან თვითმმართველობის მიმართულებით კანონმდებლობის სრულყოფისათვის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება.
დღეს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის წევრებმა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მოწვეული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან. „საბჭოს არსებობის მთავარი მიზანია, რომ თქვენ თქვენი ხედვებით, პარლამენტს კანონმდებლობის სრულყოფაში დაეხმაროთ. თვითმმართველობის მიმართულებით დაწყებულია უდიდესი სამუშაო, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. გვაქვს ცალკეული ინიციატივები, რომლის წამოწევასაც ჩვენ ვაპირებთ, მაგრამ სანამ მათ საკანონმდებლო ინიციატივებად ვაქცევთ, გვინდა, თქვენთან ერთად გავიაროთ ეს თემები. ასევე დიდი სიამოვნებით მოგისმენთ ყველა იმ საკითხზე რასაც თქვენ ამუშავებთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა მოგვცემს სწორედ იმ შედეგებს, რასაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება,“ - განაცხადა შეხვედრაზე გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეხვედრაზე გრიგოლ ლილუაშვილმა იმ საკანონმდებლო ცვლილებების და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც იგეგმება.

მისი განცხადებით, კომიტეტი აპირებს გარკვეული ინიციატივების დაყენებას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიმართულებით. ტექნიკური ხასიათის შესწორებების შეტანა იგეგმება ე. წ. მთის კანონში, მისი ადგილებზე იმპლემენტაციის კუთხით. გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი დეცენტრალიზაციის მიმართულებით. პოზიციები ყალიბდება უფლებამოსილებების დელეგირებასთან დაკავშირებითაც. ასევე, გუბერნატორის ინსტიტუტის დახვეწისა და მუნიციპალიტეტებში გამგეობების შექმნის მიმართულებით. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, როგორც შეხვედრაზე გაჟღერებულ, ისე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, თითქმის ყველა ორგანიზაციასთან გაიმართა შეხვედრები. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი და კომიტეტის მიმართულებები ემთხვევა თქვენს ხედვებს. ჩვენ ვიზიარებთ ერთმანეთის შეხედულებებს,“- მიმართა გრიგოლ ლილუაშვილმა მოწვეულ სტუმრებს. 

შეხვედრისა და საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ.

ვუერთდები იმ განწყობას, რომ ეს შეკრება არის სწორი და დროული. აქ არის ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თითმმართველობის საკითხებზე მუშაობის საინტერესო გამოცდილება. თვითმმართველობა და რეგიონული პოლიტიკა ეს ისეთი საკითხებია, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს წარმატებული და განვითარებული ქვეყნების ძალიან მდიდარი ევროპული გამოცდილება და მე ვფიქრობ თითოეული ინიციატივა, წინადადება თუ სურვილი რომელიც ამ მიმართულებით იქნება კომიტეტისთვის მოწოდებული, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კომიტეტი მზად არის ნებისმიერი ასეთი წინადადება განიხილოს. იმედი მაქვს მომავალში ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმი ძალიან ნაყოფიერი იქნება.“-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მათ კომიტეტის მიერ შეთავაზებული ფორმატი საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ კანონშემოქმედებით პროცესში და პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია, თუ რას გეგმავს ხელისუფლება ამა თუ იმ მიმართულებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების კონცეპტუალური ხედვა თუ რა მიმართულებით აპირებს სვლას თვითმმართველობებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ასეთი ფორმატი, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას მეტად ნაყოფიერი იქნება ჩვენი მომავალი საქმიანობისათვის,“- განაცხადა შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძრვანელმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში კომიტეტი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებას შეიმუშავებს და მომავალ წევრებს მიაწოდებს. დებულება საბჭოს წევრთა შენიშვნების გათვალისწინებით დამტკიცდება. დაიგეგმება შეხვედრების პერიოდულობა და საზოგადოებრივი საბჭო კონკრეტული თემების ირგვლივ შეუდგება საქმიანობას. 
შეხვედრას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები და თვითმმართველობის დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

გალერეა

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, 2017 წლის 17 მარტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, 2017 წლის 17 მარტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, 2017 წლის 17 მარტი