რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმინა

13 მარტი 2019
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმინა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე მოისმინა ინფორმაცია საზღვრისპირა და გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ (დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე), რომელიც სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.

სახელმწიფო მინისტრი თავდაპირველად, ბუნებრივია, გუშინ გალში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობას და კომიტეტის წევრებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

„ტრაგიკული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ ცხელი ხაზის მეშვეობით შემოვიდა. ამ ინფორმაციის თანახმად, ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა. სანამ ჩვენს ხელთ არ იქნება მეტი დეტალი და მასალა, რათა უფრო დაზუსტებულ გარემოებებზე ვისაუბრო, ცხადია, ამას ვერ გავაკეთებ. მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი უწყებების მხრიდან, რომ სწორედ ეს გარემოებები გამოვლინდეს. სოხუმში, საქართველოში მყოფი ჟენევის თანათავმჯდომარეები გაემგზავრნენ, რომელთანაც კომუნიკაცია გვქონდა. მათ კონკრეტული კითხვები და მოთხოვნები ექნებათ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოების დადგენა მაქსიმალურად ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც ჩვენთვის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში არის ხელმისაწვდომი. მინდა გითხრათ, რომ ინფორმაციის მიღებიდან ფაქტობრივად მყისიერად ვართ ჩართული ყველა უწყება, რომ ეს ამოცანა იყოს მიღწეული. მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდეს ცხედრის სწრაფად გადმოსვენება, როგორც ექსპერტიზის, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, ამოქმედებულია სხვადასხვა მექანიზმები, არხები, კონტაქტები იმისთვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალური სიზუსტით მივიღოთ, ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ამ საკითხში ყველა მოახერხებს თანამშრომლობას, ვინაიდან მეტი დეტალი ყველას ინტერესის საგანს წარმოადგენს.

„თუმცა, თავისთავად ეს ფაქტი, რომელიც უკავშირდება დაკავებას, ალბათ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მძიმე გარემოში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და კარგად აჩვენებს იმ ფონს, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ - ჩვენი საქმიანობა გამყოფი ხაზების გასწვრივ, კერძოდ იმ სოფლებში, რომლებიც გაჩეხილია და გაყოფილია მავთულხლართებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი 60 სოფელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიების ჩათვლით კიდევ უფრო ბევრია. მათ უწევთ ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრება, საფრთხე დიდია, დაკავებები განსაკუთრებით გაზრდილია ჩვენი მოქალაქეების აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვლისას. განგრძნობადი ოკუპაციის პირობებში ხალხს ძალიან უჭირს.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სწორედ იმის გამო, რომ კონტაქტები იზრდება, რუსეთის მხრიდან იკეტება გამშვები პუნქტები, საქმე გვაქვს ძალიან ბანალურ დაყოფის სტრატეგიასთან, თუმცა სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არა აქვს.

„დასკვნა ჩვენთვის ერთად ერთია - კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით უნდა გავაძლიეროთ კონტაქტები და დამერწმუნეთ, ჩვენი ძალისხმევა, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, ბოლო ფორუმებზე, ვიზიტების, უფრო ფართო პლატფორმების ჩათვლით, უკავშირდება ჩვენს თხოვნას პარტნიორებთან, დაგვეხმარონ კიდევ მეტი ძალისხმევით, მშვიდობიანად, კონსტრუქციულად, ძალიან კონკრეტული დღის წესრიგით, რომელიც თქვენს მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი მომავლისკენ“ უკავშირდება, გავაგრძელოთ ამ კონტაქტების წახალისება“, - მიმართა კანონმდებლებს სახელმწიფო მინისტრმა.

შემდეგ, ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტს წარუდგინა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2018 საქმიანობის ანგარიში.

„ეს არეალი და იქ მცხოვრები მოსახლეობა არის არა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, არამედ ჩვენი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული ინტერესების არეალი. უწყებათშორისი კომისია 2013 წლიდან შევქმენით, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელმძღვანელობენ და რომელშიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიცა ჩართული. კომისიამ ხუთი წელი იმუშავა, რომ მათ საჭიროებებზე რეაგირება მოეხდინა. საჭიროებები კვლავაც რჩება, მაგრამ მიდგომაა, რომ საჭიროებებიდან უკვე გადავედით ამ რეგიონების განვითარების სტრატეგიაზე“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გუშინ ამოქმედდა და ოპერირებადი გახდა უპრეცედენტო პროგრამა - 7-დან 35 ათას ლარამდე მოცულობის გრანტები პირველად გახდა ხელმისაწვდომი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისათვის მცირე წარმოებისათვის, ინდივიდუალური პროექტებისთვისაც და განსაკუთრებით, ერთობლივი პროექტებისათვის, რომლებიც განხორციელდება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების თუ საწარმოებისთვის. ეს, სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ - ნდობის მშენებლობაზეა ორიენტირებული.

მან დეტალურად ისაუბრა უშუალოდ გამყოფი ხაზების გასწვრივ განხორციელებულ საქმიანობაზე, ეხებოდა ეს გამოზამთრების ღონისძიებებსა თუ სასმელი წყლის და საირიგაციო სისტემის მნიშვნელოვან პროექტებს, განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისა თუ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებს.

დასასრულ, ქეთევან ციხელაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგაშვილმა პარლამენტის წევრებისა და დამსწრე საზოგადოების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას განცხადებით, თავის დროზე საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის მიერ ინიცირებული პოლიტიკის პაკეტს, რომელიც რვა მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს, მხარი დაუჭირა და ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო მინისტრის დღევანდელი მოხსენება სწორედ ამ საკითხებზე იყო აქცენტირებული.

კომიტეტმა სხდომაზე საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით, რამდენიმე კანონპროექტზეც იმსჯელა.

საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსი“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, ეს არის სრულიად ახალი კანონპროექტი, რომელიც ახლებურად აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს ტყესთან დაკავშირებით.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, წარმოდგენილი კანონის პროექტით, იქმნება ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ტყის კოდექსის პროექტში მოცემულია ტყის მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს ტყის მდგრად მართვას.

კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, „კანონპროექტი ეყრდნობა ტყის მართვის მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას, თუმცა იგი მთლიანად მორგებულია საქართველოს რეალობას, ვინაიდან ჩვენთვის ტყე არის ეროვნული, სტრატეგიული მნიშვნელობის როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.

საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს მოიცავს.

მას უდიდესი ეროვნული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ მიწოდებას.

ჩვენი ტყე იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი 98% არის ბუნებრივი წარმოშობის და ხელოვნური ტყეები თითქმის არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამ კოდექსით უზრუნველვყოთ იმ ფუნქციების შესრულება როგორიცაა წყალმარეგულირებელი, ეროზიისგან დაცვითი და სხვა“,-  აღნიშნა მომხსენებელმა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტი პრინციპების დონეზე წარუდგინა.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ტყეში, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ტყისა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვის ქვეშ არსებულ ტყეებში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლს, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს. დაცული ტერიტორიების ფართობზე არსებული ტყის სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე, ახორციელებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.

პარლამენტის წევრების, განსაკუთრებით, მაჟორიტარების უკმაყოფილება გამოიწვია სწორედ იმ ფაქტმა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან ქრება ტყისა და ტყის რესურსის ცნება. შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობებს ტყის და ტყის რესურსის განკარგვის უფლება ერთმევათ და ეს ფაქტი დეცენტრალიზაციის პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამ საკითხზე მომხსენებლის განმარტებებმა კომიტეტის წევრები არ დააკმაყოფილა.

საბოლოოდ, ზაზა გაბუნიას წინადადებით, კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტზე კენჭისყრა ერთი კვირით გადადო.

კომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძისა და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საკითხი რატი იონათამიშვილმა გამოიტანა. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10 ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით, როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, კობა ლურსმანაშვილის და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველოს კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც კოლეგებს კობა ლურსმანაშვილმა წარუდგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამ ინიციატივით, მუნიციპალიტეტებს პარკირების საფასურის და პარკირების უფასო დროის განსაზღვრის უფლება ეძლევათ. აგრეთვე იკრძალება პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენება; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა; წინასწარი შეცნობით რეგისტრაციის ნომრის შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა.

კომიტეტმა დღესვე კენჭი უყარა წინა სხდომაზე განხილულ კანონპროექტს - „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, რომელიც პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურისა და მამუკა მდინარაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, კომიტეტს ამ კანონპროექტზე მთელი რიგი შენიშვნები აქვს, რომლებიც ეხება მუნიციპალიტეტებს, თვითმმართველობებსა და მათ შესაძლებლობებს.

„კანონპროექტს ჩვენს შენიშვნებს დავურთავთ, რომლებიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მოვამზადეთ და რომლებიც ფოკუსირებულია თვითმმართველობების დღევანდელ შესაძლებლობებზე. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით კანონპროექტის როგორც პათოსს, შინაარსს, მის სიახლეებს. ასევე ცალსახად მისასალმებელია ბავშვთა კოდექსის მიღება, მაგრამ აუცილებლად გასაზიარებელი პრინციპით, რომელსაც ჩვენს შენიშვნებს დავურთავთ“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. კომიტეტმა შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

გალერეა

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმინა, 2019 წლის 13 მარტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმინა, 2019 წლის 13 მარტი