ზაზა გაბუნია: „მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილები მოიტანს მთის განვითარების ახალ შესაძლებლობებს"

22 მაისი 2020
ზაზა გაბუნია: „მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილები მოიტანს მთის განვითარების ახალ შესაძლებლობებს"

„დღეს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით დაამტკიცებს ცვლილებებს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში რომლის საფუძველზე მაღალ მთაში მცხოვრები, დამატებით 6767 პენსიონერი, ექიმი, ექთანი და მასწავლებელი მიიღებს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. ამ ცვლილებებით, დამატებით 25 დან 30 ათასამდე მთაში მცხოვრები მოქალაქე ისარგებლებს. ეს არის ცვლილებები, რომელიც მოიტანს მთის განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ახალ შესაძლებლობებს იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის ზრდისთვის და განვითარებისთვის“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ზაზა გაბუნიამ კანონპროექტით გათვალისწინებულ რამდენიმე მნიშვნელოვან იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მთაში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის არსებულ მძიმე პირობებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილებები იმ თვალსაზრისითაც, რომ შეღავათების მისაღებად მოქმედი რედაქციის არსებული ნორმა, რომელიც აწესებს მთაში 9 თვის განმავლობაში ცხოვრების ვალდებულებას, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მცირდება 6 თვემდე, რაც უფრო ხელსაყრელია, ცხადია, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

განსაკუთრებულად აღსანიშნავი ამ ცვლილებებში არის ის, რომ ცვლილების თანახმად, გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ 19 დასახლებას მიენიჭება აღნიშნული სტატუსი, რაც ნიშნავს იქ მცხოვრები ადამიანების ძლიერ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, რაც ნიშნავს სამეწარმეო და ბიზნესსაქმიანობაში ამ ადამიანების ჩართვის ფართე შესაძლებლობებს, რაც ნიშნავს გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან მიგრაციის პროცესების შეჩერებას, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია კონფლიქტის ხაზის მიღმა მცხოვრებთა ყურადღების თვალსაზრისითაც.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებებით, საბოლოო ჯამში, დამატებით 59 დასახლება ისარგებლებს და მიიღებს მაღალი მთის სტატუსს. ეს არის ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ მთაში მცხოვრებთა ცხოვრების ხარისხის და დონის ზრდას, ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც მთელი სახელმწიფოს ამოცანა გახლავთ, რომ პანდემიით გამოწვეულ შედეგებს ვებრძოლოთ, მათ შორის შედეგებს, რომელიც სამწუხაროდ აისახა შრომის ბაზარზე“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საქართველოს პარლამენტი დღეს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრის კენჭს.