ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს

20 ნოემბერი 2019
ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს

„ეროვნულმა ბანკმა, მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტი,  საპარლამენტო სესიაზე ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა წარმოადგინოს,“ - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტით ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2020-2022 წლისთვის კვლავ  3 პროცენტია. ირაკლი კოვზანაძის თქმით,  ოქტომბრიდან,   პროექტის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეიცვალა ვითარება.

„კერძოდ, ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ჯამში კი, მონეტარული პოლიტიკის უკანასკნელ სამ სხდომაზე,  1.5 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე.  ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა. დოკუმენტის განმარტებით ბარათში კი  წარმოდგენილია ინფლაციის დონე აგვისტოს თვის მონაცემებით 4.9%, აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს რეალობის გათვალისწინება თუ  რამდენად შესაძლებელია,  ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის (3%-ის) მიღწევა. ამასთან, საინტერესოა რა ინსტრუმენტების გამოყენებას გეგმავს ამ კუთხით ეროვნული ბანკი,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს წარუდგინა მომავალი  სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად. 18 გვერდიანი დოკუმენტი დღეს კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააცნო.

„ინფლაციის დინამიკას ძირითადად ორი ფაქტორი განსაზღვრავს - წინა პერიოდებში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება და სუსტი ერთობლივი მოთხოვნა. პირველი მათგანი, მოკლევადიან პერიოდში, ინფლაციაზე მიმართულებით ახდენს ზეწოლას, ხოლო მეორე მათგანი კი, პირიქით, ინფლაციაზე დაღმავალ წნეხს აჩენს. საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით განეიტრალდება და, ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი გაუმჯობესების კვალდაკვალ, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას უზრუნველყოფს. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და სექტემბერსა და ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად 8.5%-მდე გაიზარდა. დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა, ხოლო შემდგომ კი ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას და ორწლიანი პერიოდის შემდეგ ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება, რომელიც, არსებული შეფასებით, 6%-ის ფარგლებშია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი ვარაუდით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ჰქონდა არაადეკვატური რეზერვები და აუცილებელი იყო შევსება. მისივე თქმით, სებ-ის მიერ რეზერვების შევსებას, არც გაცვლით კურსზე და არც ეკონომიკურ ზრდაზე არ უმოქმედია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის რეგიონში იყო ერთადერთი ეროვნული ბანკი, რომელსაც ჰქონდა არაადეკვატური რეზერვები. ჩვენი ინტერვენცია ყოველთვის არის გააზრებული კონტექსტში და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ინტერვენციას, რომელიც განხორციელდა გაცვლითი კურსის მიმართულება არ შეუცვლია. მიუხედავად ამ ინტერვენციებისა, სავალუტო კურსი იქნებოდა ის, რაც იყო. როდესაც ბაზრისათვის საჭირო გახდა, გავყიდეთ რეზერვები “, - აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, სებ-ი პოლიტიკის განხორციელების დროს ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე და სჭირდება ადეკვატური რეზერვები.

„ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ  წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებით, გაიზრდება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა პოტენციური შოკების მიმართ და ხელი შეეწყობა ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს, რომელთა დიდი ნაწილი ეროვნული ვალუტის კურსსა და ინფლაციას ეხებოდა.

კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება და საკანონმდებლო პაკეტი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა,  პაპუნა ლეჟავამ წარმოადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,  მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს რეზოლუციის განხორციელების შესაძლებლობას, რის გამოც აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილება სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ზომების შესაქმნელად. კანონპროექტით იხვეწება როგორც კომერციული ბანკების ადრეული ინტერვენციის საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე დგინდება ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები, ეროვნული ბანკი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება რეზოლუციის განმახორციელებელ ორგანოდ.

 „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ კანონპროექტი გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტთან ერთად ევროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გააცნო დეპუტატებს.  

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს შექმნის დერივატივების, ურთიერთგაქვითვის შეთანხმებისა და ფინანსური გირავნობის გამოყენების თვალსაზრისით. ასევე ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს გაუმარტივდებათ და გაუიაფდებათ უცხოეთიდან ფინანსური რესურსების მოზიდვა და რისკების მართვა. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეხმარება რეზერვების მართვის პროცესში ვინაიდან გაადვილდება ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის ხელშეკრულებების დადება.

 „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ", კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ კომიტეტის სხდომაზე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა,   კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან მიყენებული და შესაძლო ზიანის მიყენებისგან დაცვას.

დეპუტატებმა იმსჯელეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე, რომლის მიღების შემდგომ, ქვეყანასში მკვეთრად გაიზრდება თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოკლე თუ შორეულ მომავალში კიდევ უფრო გაზრდის თამბაქოს პროდუქტზე თავის დანებების შესაძლებლობებს, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების ჯანმრთელობაზე აისახება. „ეს კი, გრძელვადიან პერიოდში, გამოიწვევს ჯანდაცვითი ხარჯების შემცირებას როგორც სახელმწიფოს, ასევე პაციენტის მხრიდან."

სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურები პირების  ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილება შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტით დგინდება სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურები იმ  პირების მიმართ სამართლიანი ნამსახურობის წლების გამოთვლის მეთოდი, რომლებიც დაფრინავდნენ სახელმწიფო კომპანიებში 2005 წლის 1 იანვრამდე.

 „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ წარმოადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,  კანონპროექტით გაიწერება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლები და წესი. ამასთანავე, შემუშავდება შემაკავებელი ორდერის აღსრულების ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ჩადენილი ძალადობის პრევენციას, სავარაუდო მსხვერპლის დაცვასა და ძალადობაზე სახელმწიფოს მყისიერ რეაგირებას.

დღესვე კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ  ორ დოკუმენტს: „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას";  „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KFW"), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი"), შორის სასესხო შეთანხმებას  (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი II)"

გალერეა

  • ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, 2019 წლის 20 ნოემბერი
  • ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, 2019 წლის 20 ნოემბერი
  • ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, 2019 წლის 20 ნოემბერი
  • ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, 2019 წლის 20 ნოემბერი
  • ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, 2019 წლის 20 ნოემბერი