ირაკლი კოვზანაძე კონრად ადენაუერის ფონდის სტუდენტებს შეხვდა

19 აპრილი 2019
ირაკლი კოვზანაძე კონრად ადენაუერის ფონდის სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის პროექტის - „პოლიტიკური განათლების აკადემიის” - სტუდენტებს შეხვდა.

ირაკლი კოვზანაძემ 26 წარმატებულ სტუდენტს, რომლებიც გერმანულმა ფონდმა პროექტში მონაწილეობისთვის საგანგებოდ შეარჩია, სახელმწიფო ბიუჯეტის მართვაზე საპარლამენტო ზედამხედველობის სისტემა გააცნო, ასევე მიმოიხილა 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები.

ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობას სრული წარმოდგენა ჰქონდეს და ერკვეოდეს, თუ როგორ ხორციელდება სახელმწიფო ფინანსების მართვა და კონტროლი, რა ბერკეტი და მექანიზმი გააჩნია ამ პროცესში პარლამენტს რომლის როლი, ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, სულ უფრო იზრდება. ეს ახალგაზრდები მომავალი პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები, თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მართვასა და მომავლის შენებაში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კონრად ადენაუერის ფონდს მსოფლიოში, დაახლოებით, 70 წარმომადგენლობა ჰყავს. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიის, სოციალური საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანობის განვითარებას. ორგანიზაცია საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის, „პოლიტიკური განათლების აკადემიას”, რისთვისაც სტუდენტებს ყოველწლიურად არჩევს როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში.