საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

05 იანვარი 2018
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი. კერძოდ, კანონპროექტები: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტები ზოგადი პრინციპების დონეზე კომიტეტის წევრებს მომხსენებელმა ეკა ბესელიამ წარუდგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტთა პაკეტი მე-4 ეტაპის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და მისი მიღება განპირობებულია რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და შესაბამისად, მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ინტერესით.

ეკა ბესელიას განცხადებით, ამ პაკეტის მიღების მიზანია მხარეთა ინტერესების უკეთ დაცვა, მოსამართლეთა დატვირთულობის შემცირება და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა. საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოში უფრო ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის სამართლებრივი საფუძველი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, დღემდე, რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისაგან განსხვავებით, ორგანული კანონი არ ითვალისწინებს ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოში, არა და აქაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქმეთა ნაკადის მატება და მოსამართლეთა დატვირთულობის ზრდა. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავების, რომელთა მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს, განხილულ იქნეს სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) მიერ. აღნიშნული რეგულირების შემოღება ხელს შეუწყობს სასამართლოს განტვირთვასა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. მისი გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემდეგნაირი იქნება: საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავების განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში საჭიროა სასამართლოს 3 შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) დანიშვნა. თითოეულის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრება 1690 ლარით. ყოველწლიურად გასაცემი თანხის ოდენობა შეადგენს 81 120 ლარს.

კომიტეტის წევრებმა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენელებმა კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გაიზიარეს და განაცხადეს, რომ უდავოდ კარგი იდეაა და შენიშვნა არც ფინანსურ ნაწილთან ჰქონდათ. მათი აზრით, პირიქით, კარგი იქნება, თუ კი სასამართლოს 3 შესაბამისი მოხელის ნაცვლად ეს რაოდენობა გაიზრდება, რათა დროულად მოხდეს საქმეების განხილვა.
კანონპროექტების მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია საქართველოს მთავრობას.

კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

გალერეა

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 იანვარი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 იანვარი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 იანვარი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 იანვარი