საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

10 ივნისი 2019
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში მოისმინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

ანგარიში, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა, მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფინანსური სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელის შეწყობა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყანაში საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის მიმდინარეობის შესახებ და ამ პროცესში საჭირო ინსტრუმენტების დახვეწასა და მონეტარული გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის ზრდაზე.

ეროვნული ბანკის პრიორიტეტებზე საუბრისას, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ლარიზაციის ზრდაა, ვინაიდან ლარიზაცია ქვეყანაში მაკროფინანსური რისკების შემცირებისა და საგარეო მოწყვლადობების მიმართ მდგრადობის გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მან საზოგადოებასთან აქტიური კომინიკაცია გამოყო რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საგარეო სექტორის აქტივობის, კერძოდ კი საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების მატების კუთხით.

მომხსენებლის თქმით, განსაკუთრებული წელი იყო რეზერვების დაგროვების თვალსაზრისითაც. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ გასულ წელს დაიწყო აქტიური ფაზა არასაბანკო-საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის თვალსაზრისით, რომელმაც წესრიგი უნდა დაამყაროს ამ მიმართულებაში და შეამციროს მოწყვლადობა. ეროვნულმა ბანკმა დაიწყო აქტიური მუშაობა, რომ გამკლავებოდა ქვეყანაში დაფიქსირებული სამომხმარებლო სესხების ზრდის პროცესს.

2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ობლიგაციების ბაზარი. საანგარიშო წელს 2018 წელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინიციატივით, „ფინანსური განათლების წლად“ გამოცხადდა და ის ფინანსური განათლების მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.

კობა გვენეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობამ 2018 წლის განმავლობაში მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწონება დაიმსახურა და შესაბამისი ჯილდოებიც მიიღო ხსვადასხვა მიმართულებით გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს კითხვები, რომლებიც შეეხებოდა ლარის კურსს და ეროვნული ბანკის ხედვას იმასთან მიმართებაში, რა ინსტრუმენტით შეიძლება მისი ამპლიტუდის მინიმუმამდე დაყვანა.

დეპუტატები დაინტერესდნენ საბანკო ზედამხედველობისა და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხებით. საბანკო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებით და სხვა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანმიმდევრულად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

საფინანსო-საბიუჯტო კომიტეტის თავმჯჯდომარემ,ირაკლი კოვზანაძემ მოკლედ შეაფახა მოსმენილი ანგარიში და განაცხადა: „ანგარიშის მოსმენის შემდეგ ჩვენ შთაბეჭდილება გაგვიმყარდა, რომ ეროვნული ბანკის 2018 წლის ფულად-საკრედიტო და საზედამხედველო პოლიტიკა არის ადეკვატური და აქედან გამომდინარე, ანგარიში წარდგება პლენარულ სესიაზე. გარკვეული შენიშვნები გვექნება, რა თქმა უნდა, რასაც პლენარულ სხდომაზე ჩვენი კომიტეტის მოხსენებაშიც ავსახავთ“.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.

საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მოისმინა სხვადასხვა უწყებების მიერ წარდგენილი საბიუჯეტო განაცხადები 2020 წლისთვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი გააცნო კომიტეტს. მან ბიუჯეტის განკარგვის პროგრამულ კოდებზე ისაუბრა, რომელიც განაცხადის დანართში დეტალურადაა გაწერილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი მექვაბიშვილმა წარმოადგინა. მან დეპუტატებს სლაიდების მეშვეობით წარმოუდგინა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის დინამიკა.

საბიუჯეტო განაცხადი, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, სამუშაო ვერსიად მიიღეს და კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე მის განხილვას.

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა გონგაძემ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა გამოიტანა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი განაცხადების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს ასევე, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტებს, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ წარუდგინა.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა სავალდებულო წესით განიხილა პარლამენტის წევრის, ოთარ დანელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის განმარტებით, კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 2016 წლის 31 ივლისს შევიდა ძალაში.

რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მოქმედების ვადა გრძელდება 2020 წლის 1 იანვრამდე, რაც შექმნის იმის საფუძველს, რომ გაგრძელდეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი, ამავე კანონით დადგენილი სპეციალური წესისა და შეღავათების გათვალისწინებით. მომხსენებლის თქმით, რეფორმის განმახორციელებელი უწყების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს ამ პერიოდისათვის საკმარისი ფინანსური რესურსი კანონის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს.

გალერეა

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი