საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

11 თებერვალი 2019
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, კანონპროექტების განხილვამდე, კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და კომიტეტის თემატური მომხსენებლები განსაზღვრა. 

კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, სსიპ საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილა.

პროექტით, განსაზღვრულია კომისიის შემდეგი შემადგენლობა: ირაკლი კოვზანაძე (კომისიის თავმჯდომარე), პაატა კვიჟინაძე, რომან გოცირიძე, ირაკლი(დაჩი)ბერაია, გრიგოლ მიქელაძე, ხათუნა გოგორიშვილი, გოგი მეშველიანი, გია ბენაშვილი და ლევან სურგულაძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმება წარმოადგინა.

ხათუნა თოთლაძის განმარტებით, 1959-ის შეთანხმება ძალაში 1960 წელს შევიდა და დღეის მდგომარეობით 108 სახელმწიფოა მისი წევრი.

„აღნიშნული შეთანხმება ეფუძნება თვითონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტატუსს, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1996 წელს და გახდა სააგენტოს სრულუფლებიანი წევრი. სტატუსის მოთხოვნათა შესაბამისად, თითოეული სახელმწიფო ვალდებულია სააგენტოსთან გააფორმოს ცალკე შეთანხმება, რომელიც უკვე განსაზღვრავს სააგენტოს სამართლებრივ სტატუსს თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე. სააგენტოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციებით, ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამ შეთანხმებასთან შეერთება. ჩვენ შემთხვევაში სავალდებულოდ აღიარებას ახდენს პარლამენტი. სავალდებულოდ აღიარება მოხდება მე-12 მუხლის 38-ე ნაწილით დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს მისი მიღების სიგელის დეპონირებას დეპოზიტორისათვის და ძალაში შევა ამ პროცედურების დასრულების შესაბამისად. საგულისხმოა, რომ შეთანხმების თანახმად, განსაზღვრულია ის სამართლებრივი სტატუსი, რომლითაც პრინციპში სარგებლობს საქართველოში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანალოგიური წარმომადგენლობები. ის უთანაბრდება თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და დიპლომატიური წარმომადგენლობის სამართლებრივ სტატუსს და აქედან გამომდინარე, არ ითვალისწინებს დამატებით ხარჯებს ბიუჯეტში და არც რაიმე სხვა დამატებითი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

კანონპროექტით, ცვლილება ხორციელდება კანონის 28-ე მუხლის მე-14 პუნქტში, რომლის თანახმადაც, იმ პირებს რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ არიან სერტიფიცირებული ბუღალტრები, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭებათ სამსახურისათვის წარდგენილი აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ამასთან, კანონის 28-ე მუხლს ემატება 141 პუნქტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც ინდივიდუალურად ან აუდიტორული ფირმის სახელით აუდიტორული მომსახურების საქართველოში გაწევა სურთ.

კერძოდ, დგინდება რომ აღნიშნული პირების რეესტრში რეგისტრაცია 2019 წლის 1 ივნისამდე განხორციელდება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების გარეშე.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „ევროპული საქართველო - რეგიონების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტში უნდა შევიდეს ტექნიკური შესწორება, რომელიც ეხება უძრავი ქონების გაქირავებას საცხოვრებელი სახლის მიზნით.

კერძოდ, მოცემულ პუნქტს ემატება დამატებითი კონკრეტიკა, რომელიც გულისხმობს, რომ უძრავი ქონების საცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას, პირი იხდის 5%-ს თუ იგი არ ხვდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ევალება მთავრობის დადგენილებაში სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ შეიტანოს შემდეგი ცვლილება: დანართი N3-ის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.

ეს ნიშნავს იმას, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსი გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან (გაქირავებიდან) შემოსავლების სახით თუ მიიღებენ წელიწადში 30 000 ლარზე ნაკლებს, ისინი არ დაიბეგრებიან.

კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა წარმოადგინა.

კანონპროექტით იქმნება ახალი საპენსიო სქემა, რაც გულისხმობს სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემას, რომელიც განსაზღვრული სარგებლის სქემას წარმოადგენს. მასში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის.

კანონპროექტის თანახმად, არსებული საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში რიცხავს დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს, რასაც ემატება სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი. თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს.

შემოთავაზებულ სქემაში პენსიების გაცემა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ეს იმიტომ, რომ თაობათა სოლიდარობის სვეტიდან მიღებული პენსიის ოდენობა ეფუძნება პენსიონერის სტაჟსა და დამსახურებას და არა უბრალოდ შენატანების აბსოლუტურ ფულად ოდენობას; ამასთან, ყოველწლიურად ფინანსდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიერ და არა პირის მიერ დაგროვილი თანხების მიხედვით.

შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს, ასევე, სპეციალური ჯგუფების სტატუსის შემოღებას იქ, სადაც პროფესიული დაავადებების რისკი მაღალია.

სოციალური პარტნიორები, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოში არიან, განსაზღვრავენ მძიმე და მავნე პირობებში მომუშავეთა კატეგორიას, რომელთაც მიენიჭებათ სპეციალური ჯგუფის სტატუსი. მათ შეეძლებათ ქვეყანაში საყოველთაოდ დადგენილ საპენსიო ასაკის მიღწევამდე 5 წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი