საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

05 დეკემბერი 2018
საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მეორე მოსმენით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, თანმდევი კანონპროექტები დაკავშირებული იყო სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასთან.

„ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და დავხვეწეთ საბიუჯეტო კოდექსში შესაბამისი მუხლები. ასევე, ფისკალური წესების ნაწილში „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონში უფრო ნათლად ჩამოვაყალიბეთ თუ რა იგულისხმებოდა აღნიშნული ფისკალური წესების ფარგლებში“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

საკითხის მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე ასევე, მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს.

საკითხი განსახილველად პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ზედამხედველობა-კონტროლის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნის აუცილებლობით. კანონპროექტის მიზანია, ტყის მართვის ეფექტიანი მოდელის ჩამოყალიბება და ზედამხედველობა-კონტროლის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნის უზრუნველყოფა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დღეისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კონტროლის ფუნქცია გადანაწილებულია მართვის ორგანოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შორის.

„ფუნქციები მეტ-ნაკლებად გამიჯნულია, თუმცა, აღსრულებისას არსებობს მრავალი ხარვეზი, განსაკუთრებით ზედამხედველობა-კონტროლის ნაწილში ფუნქციების გადაფარვის თუ დუბლირების სახით, რაც საბოლოო ჯამში ვერ იძლევა ეფექტიან შედეგს“, - განაცხადა სულხან მახათაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზად მიჩნეულია კონტროლის ერთიან სისტემაში მოქცევა და ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება და ამ მიზნით, აღნიშნული ფუნქციის მატარებელი ერთიანი სტრუქტურის შექმნა.

„კონტროლის ფუნქციის ერთი ორგანოსათვის მინიჭება უზრუნველყოფს უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტების პრევენცია-გამოვლენა-აღკვეთაზე ორიენტირებული სპეციალიზებული სისტემის შექმნას, რომელიც ფუნქციურად ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ერთ მიმართულებაზე - კონტროლის განხორციელებაზე. მართვის ორგანოსთვის ტყის ფიზიკურად დაცვის ფუნქციის ჩამოშორებით და ტყის ფიზიკური დაცვის ტყის კონტროლის სისტემაში ტრანსფორმირებით ერთი მხრივ, გაძლიერდება სატყეო-სამეურნეო საქმიანობების სრულყოფილად დაგეგმვა-განხორციელება, ხოლო, მეორე მხრივ შესაძლებელი გახდება კონტროლის ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ მობილიზება, რაც დადებითად იმოქმედებს უკანონო ტყით სარგებლობის პრევენციასა და აღკვეთაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა შემცირდება 459 ერთეულით, რომელთა სახელფასო ფონდი შეადგენდა 3 882 600 ლარს, რა ოდენობითაც გაიზრდება ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა, მაგრამ სახელფასო ფონდი ზედამხედველობის დეპარტამენტში განისაზღვრება 5 520 000 ლარით, შესაბამისად, სხვაობა შრომის ანაზღაურების ნაწილში შეადგენს 1 637 000 ლარს. „ამდენად, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტის წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში.

გალერეა

  • საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 დეკემბერი
  • საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 დეკემბერი
  • საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 დეკემბერი