საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

13 მარტი 2019
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს პარლამენტის წევრმა, ოთარ კახიძემ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტი წარადგინა განსახილველად. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი კანონის მე-7 და 21-ე მუხლების მოქმედების 2020 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას.

კერძოდ, როგორც მომხსნებელმა განაცხადა, „ეს არ არის ის ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს მომზადებული იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს ორგანიზებული დაგროვებითი პენსია. ამჯერად წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ არსებული, უკვე მიღებული მოდელის დროებით შეჩერებას, 2020 წლის 1 იანვრამდე, რადგან დღეისათვის მოქმედი დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის რეგულაციებს ნაკლოვანებები აღმოაჩნდა“. კომიტეტმა წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტის წევრების: გია ჟორჟოლიანის, ბექა ნაცვლიშვილის, კობა ნარჩემაშვილის, მირიან წიკლაურის, გედევან ფოფხაძის, ერეკლე ტრიპოლსკის, რუსლან პოღოსიანის, ირაკლი აბუსერიძის და ზაზა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა წარმოადგინა.

მომხსენებლის თქმით, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში არსებობს კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების სერიოზული პრობლემა. სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირების წრის გაზრდა პირდაპირ შეუწყობს ხელს, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემის გადაჭრას, აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციების უკეთ განხორციელებას და ამით მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, რაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა.

კანონპროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლს, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში სოციალურ შეღავათებს შეეხება, დაემატება ზოგადსაგანმანათლებლო და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა ის წრე, რომლებიც დღესდღეობით ვერ სარგებლობენ იმ შეღავათით, რითაც სარგებლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი. ესენია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი, აგრეთვე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული ის პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება. ინიციატორების თქმით, კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რის შედეგადაც საჭირო გახდება წელიწადში დაახლოებით 5.000.000 ლარის გამოყოფა, კანონპროექტის ბენეფიციარებზე სოციალური შეღავათების გასაცემად. აქედან დაახლოებით 4,4 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 600 ათასი ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, მით უფრო, რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენას მოახდენს და შესაბამის ცვლილებებს მოითხოვს.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახა კუჭავას, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და არჩილ თალაკვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა განმარტა, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში, რომელიც ჰიბრიდული ავტომობილებისთვის საგადასახადო შეღავათს ადგენს. ცვლილებით, მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი შემცირდება 20%-ით, ნაცვლად არსებული 60 %-ისა. ნინო წილოსანის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების შედეგად შემცირდება მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების იმპორტი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ეკოლოგიური გარემოს, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

საკითხის განხილვისას, პარლამენტის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს შესთავაზა ამავე კანონპროექტში ასახულიყო კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც საკოლექციო ავტომობილების განბაჟებაზე შეღავათის დაწესებას შეეხება. კომიტეტმა იმსჯელა შემოთავაზებულ წინადადებაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი კარგად დამუშავდეს და მასთან დაკავშირებით ცალკე კანონპროექტი მომზადდეს. ამის შემდეგ კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი მიზნად ისახავს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური ზედა ზღვარის გაზრდას 100 000 ლარიდან 165 000 ლარამდე, რაც საშუალებას მისცემს პირებს ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახდო პირობებით. რომან გოცირიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით ხდება მხოლოდ არსებული მდგომარეობის კორექტირება ლარის გაუფასურების ზომით და კანონპროექტის მიღება გამოიწვევს საგადასახადო ტვირთის შემცირებას ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. შედეგად ბიზნესში დარჩება დამატებითი სახსრები საქმიანობის გაფართოებისათვის.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარმოადგინა. მისი განმარტებით კანონპროექტის მიღების მიზეზია ე.წ. „უკეთესი რეგულირების“ სისტემის - რეგულირების ზეგავლენის შეფასების (Regulatory Impact Assessment) დანერგვის აუცილებლობა. როგორც კანონპროექტშია ასახული, RIA წარმოადგენს თანამედროვე, დასაბუთებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, რომელიც თანმიმდევრულ და სტრუქტურულ ჩარჩოს ქმნის არსებული პრობლემების მოგვარებისათვის. ეს არის საშუალება, რომელიც ამოწმებს და აფასებს რეგულაციის შესაძლო სარგებელს, დანახარჯებსა და შედეგებს. ის აძლევს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ღირებულ ემპირიულ მონაცემებს და ქმნის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შეიძლება შეფასდეს გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები. რეგულირების ზეგავლენის შეფასება არ ცვლის პოლიტიკურ გადაწვეტილებას, არამედ საშუალებას იძლევა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნეს სათანადო ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ნათია მიქელაძის თქმით, აუცილებელია, რომ კანონშემოქმედებით პროცესში დაინერგოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) სისტემა, რომლის დროსაც პირველ ეტაპზე განისაზღვრება საკითხი და დადგინდება პრობლემა, რომლის მოგვარებაც დაგეგმილია. კანონპროექტის მიღებით საქართველოში მიმდინარე კანონშემოქმედებით პროცესში რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ საკანონმდებლო დონეზე გაკეთდება შესაბამისი განაცხადი. თავის მხრივ, რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე საკითხის კომპლექსურად შესწავლა, ხელი შეუწყოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სწორი არჩევანის გაკეთებას და არსებულ პრობლემათა გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი გზების მოძიებას, რა მიზნითაც, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ის ინსიტიტუციური ჩარჩო, რომელმაც რეგულირების ზეგავლენის შეფასება კანონშემოქმედებითი პროცესის სავალდებულო ელემენტად უნდა აქციოს. კომიტეტი მთლიანობაში ეთანხმება კანონპროექტის არსს, თუმცა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითც კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა გააცნო კომიტეტის წევრებს. ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით, წარმოდგენილი ცვლილებები ძირითადად ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების (Public Service Contract) მეშვეობით, მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სახელმწიფო რეგულირებას.

კანონპროექტით განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტით საზოგადოებრივი მომსახურების წესები და პირობები, რაც გულისხმობს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების დადგენას, კომპეტენტურ ორგანოსა და სარკინიგზო სამგზავრო ოპერატორს შორის ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, რომელთა საფუძველზეც სარკინიგზო ოპერატორს დაეკისრება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება და რის სანაცვლოდაც იგი მიიღებს კომპენსაციას კომპეტენტური ორგანოსგან. პროექტი ასევე განსაზღვრავს საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით სარკინიგზო ოპერატორის შერჩევის პროცესს და მეთოდებს, სარკინიგზო ოპერატორთან გასაფორმებელი ხელშეკრულების შინაარსს. ასევე პროექტის თანახმად, იქმნება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების საკანონმდებლო საფუძველი.

წარმოდგენილ საკითხზე მსჯელობისას გამოითქვა შენიშვნები, რომლებიც კომიტეტის სავალდებულო დასკვნაში აისახება. ამ დათქმით დაუჭირეს დეპუტატებმა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კიდევ ერთი კანონპროექტი განიხილა. „საქართველოს ტყის კოდექსი“ და მისი თანმხლები 22 კანონპროექტი საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამიგულაშვილმა წარმოადგინა. მომხსენებლის თქმით, კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ტყის კოდექსში მოცემული ტყის მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები საფუძვლად უნდა დაედოს ტყის მდგრად მართვას. ტყის კოდექსმა უნდა შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი (ლეგიტიმაციის საფუძვლები) ტყის მართვის სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მისაღებად და მათი გამართული ფუნქციონირებისათვის. მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა კანონპროექტის არსი და მოსალოდნელი შედეგები, უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს, რის შემდეგაც კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს.

გალერეა

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი