საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა

12 ივნისი 2018
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გასული წლის მაკროეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მშპ 2017 წელს 5% -ით გაიზარდა.

კონომიკურ ზრდაში კი წარმართველი როლი კვლავ კერძო სექტორს ეჭირა. მანვე აღნიშნა, რომ 2017 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 709 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.8 %-ით მეტია; აქედან ექსპორტის მოცულობა 29,1%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 22.3%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების, 27.1 %-ით - ტურიზმიდან შემოსავლების, 16.2 %-ით კი- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ვალი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში სტაბილურობით ხასიათდება და 2017 წელს მშპ-ს 44.6% შეადგინა. 

მომხსენებლის თქმით, არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზეც დადებითი გავლენა მოახდინა, რომლის მაჩვენებლები მან დეპუტატებს გააცნო.

კომიტეტმა მოისმინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე“.

გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის მიერ გაცემულ ძირითად რეკომენდაციებზე, რაც გააუმჯობესებს საჯარო ფინანსების მართვის ხარისხს და ხელს შეუწყობს ეფექტიანობის ზრდას. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, უტყუარად ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციას. ჩვენი რეკომენდაციების შესრულებისთანავე, ვფიქრობთ, რომ გლობალურად საჯარო ფინანსების მართვის პროცესი გაუმჯობესდება და გაიზრდება ეფექტურობა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შემაჯამებელი მსჯელობით, 2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5 %-იან ზრდაზე, რეალურად კი 5 %-იანი ზრდა განხორციელდა. „ჩვენ გვქონდა ბიუჯეტის დეფიციტი, თუმცა, ზღვრულ მაჩვენებელზე ქვევით მივიღეთ და სავალუტო ფონდმა ეს მნიშვნელოვან მიღწევად ჩაგვითვალა. ბიუჯეტის შემოსულობებმა 11 მილიარდ 619 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ, დაგეგმილს 131 მილიონი ლარით გადააჭარბა, რაც კარგი მაჩვენებელია ფინანსთა სამინისტროსა და, ზოგადად, ქვეყნისათვის“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი შეფასებით, კარგი მაჩვენებელი იყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების კუთხითაც. შესაბამისად, კომიტეტმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირა.

„სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიშის“ ფინანსური ნაწილი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირინა ფუტკარაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილმა ასიგნებამ შეადგინა 39,443 ათასი ლარი. დამატებით კომერციული საქმიანობიდან 2017 წლის განმავლობაში მიიღო 2,880 ათასი ლარი. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ 2017 წელს ჯამურად მიღებულმა ფულადმა სახსრებმა 42,323 ათასი ლარი შეადგინა. გარდა 2017 წელს მიღებული შემოსავლისა, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ გააჩნდა წინა პერიოდში დაგროვებული ფულადი რესურსი 4.144 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში, 2017 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 46,377 ათას ლარს. 2017 წლის განმავლობაში სრულად იყო ათვისებული სახელმწიფო ასიგნების ბიუჯეტი, ხოლო კომერციული შემოსავლებიდან აკუმულირებული თანხიდან გაიხარჯა 6,613 ათასი ლარი. ამდენად, 2017 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გახარჯულმა მთლიანმა თანხამ შეადგინა 46 მილიონ 56 ათასი ლარი. 2017 წელს კომერციული საქმიანობიდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2,879 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო. შესყიდვების მიმართულებით სულ დადებულია 891 ხელშეკრულება, 179 საბიუჯეტო სახსრებიდან და 712 საკუთარი სახსრებიდან.

მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტს აქვს შენიშვნები ფინანსურ თემებზე, კერძოდ, შესყიდვებსა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით, რაც ასახული იქნება კომიტეტის დასკვნაში, რომელიც წამყვან კომიტეტს გადაეცემა.

კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, სამინისტროების ძირითადი მიმართულებები დაფუძნებულია იმ დოკუმენტზე, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, როდესაც მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მისი თქმით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია, შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად იზრდება და 6 %-ს აღწევს. „ ინფლაცია დაგეგმილია მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში, კერძოდ, 3%-ის ოდენობით. რაც შეეხება ფისკალურ ჩარჩოს, ჩვენ ეტაპობრივად ვამცირებთ მიმდინარე ხარჯებს მშპ-თან მიმართებაში. გაგრძელდება კლებადი ტენდენცია და მიუხედავად იმისა, რომ 2019-2020 წლებში პენსიების ზრდაა გათვალისწინებული, ასევე გათვალისწინებულია საპენსიო რეფორმის ეფექტიც, 2022 წლისთვის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 20%-მდე ჩამოვა, ხოლო კაპიტალური პროექტებისთვის ხარჯები 8-9%-ის ფარგლებში იქნება შენარჩუნებული. საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი ყოველწლიურად კლებადი იქნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც კომიტეტი ეთანხმება, თუმცა, ამავე დროს აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს.

დღესვე კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქათველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმებას.

გიორგი კაკაურიძემ წარადგინა „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს ექნება საშუალება, პირის ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში სამუშაოდ გადაადგილებისას უზრუნველყოს მისი ბინით მომსახურება.

დღესვე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარადგინა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება, გადასახადებისგან გათავისუფლების მუხლთან დაკავშირებით. „ დღეს საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მორე მსოფლიო ომის დროს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. ცვლილების პროექტით, ასევე, არ დაიბეგრება სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა, 2018 წლის 12 ივნისი