საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა

04 მარტი 2019
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა.

„როგორც მოგეხსენებათ ბატონ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა სურვილი მოსულიყო პარლამენტში და თავისი მოსაზრებები გამოეთქვა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებთან. ეს იყო დაახლოებით ორი კვირის წინ და მაშინ ვთქვი, რომ პარლამენტი არის ღია და უპირველეს ყოვლისა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ჩვენ შეგვეძლო მოგვეწყო ამ საკითხის განხილვა. ჩემი შეთავაზებაც იყო ადეკვატური იმიტომ, რომ ეს არის პროფილური კომიტეტი და ჩვენ შეგვეძლო მოგვეწყო ამ საკითხის განხილვა. შესაბამისად, ამისთვის ჩვენ დღეს მზად ვართ“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა 2007- 2008 წლებში „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე. მისი განაცხადებით, 2007 წელს „თიბისი ბანკმა“ დაარღვია კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა, რის გამოსასწორებლადაც მას ძალიან მოკლე დრო მიეცა.

„ჩვენ გვჭირდებოდა კაპიტალი, რომ გაგვეგრძელებინა საქმიანობა და დაკრედიტება. ეს არის კარგი პრობლემა, რადგან ნიშნავს, რომ იზრდება ეკონომიკა, იზრდება ბანკი და უბრალოდ იმისთვის, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა გჭირდებოდა ახალი დამატებითი კაპიტალის მოზიდვა. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება გვქონოდა სამი - ექვსი თვე კაპიტალის მოძიებისთვის. შესაბამისად, მეორე დღეს ეროვნული ბანკის ბრძანებით ბანკს შეუწყდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა „თიბისი ბანკის“ მიერ ინვესტორების მოძიების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კუთხით. მან ხაზი გაუსვა ამ პროცესებზე რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის უარყოფით გავლენას.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, 2009 წლის შემდეგ „თიბისი ბანკი“ მსოფლიო კატეგორიის ბანკების რიცხვში მოხვდა და შევიდა იმ 250 ყველაზე დიდი კომპანიის სიაში, რომელიც ვაჭრობს ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე.

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ „ეროვნული ბანკი“, პრაქტიკულად, მას და ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდა მისი პრეზიდენტის და მისი ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან.

„მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას. მინდა დადგეს, არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება, ეს ალბათ, თქვენი, დეპუტატების გადასაწყვეტია, მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს და ამ ინდუსტრიაში 27 წლის მანძილზე ჩაფლულ ადამიანს, მინდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და მეორე, მოვითხოვ, ასევე, არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება და როგორ არის პროცედურულად, მაგრამ მოვითხოვ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა იმ დეტალს, წერილს და კიდევ ბევრ ნიუანსს გაგაცნობთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის თქმით, მან არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო მუქარის შემცველი წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან. „ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

კითხვა-პასუხის რეჟიმის ამოწურვის შემდეგ, სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ შეაჯამა.

„ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კითხვები დაესვა და ბატონ ხაზარაძესაც და ბატონ ჯაფარიძესაც შესაძლებლობა ჰქონდათ სრულად ეთქვათ რისი თქმაც უნდოდათ. მათ ჰქონდათ განცდა, რომ პარლამენტში არ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ მათთვის მოესმინათ. ჩვენ, მმართველმა პარტიამ ეს შესაძლებლობა მათ გავუხსენით“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ქართული საფინანსო სისტემის.

„ის არის აღიარებული ლიდერი ქართული საბანკო სექტორის და არა მარტო ქართული საბანკო სექტორის. მიმაჩნია, რომ ის არის კავკასიაში წამყვანი ქართული ბანკი და მას უნდა მოფრთხილება, ისე როგორც არც ერთ საბანკო სტრუქტურას, საქართველოს ბანკთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი განცხადება მეტყველებს ყველაფერზე და „თიბისი ბანკისათვის“ ის არის საფუძველი საქართველოში მისი შემდგომი განვითარების.

„სხდომის დროს ბევრი რამ გაცხადდა, ბევრ რამეს პასუხი გაეცა. ვფიქრობ, კითხვები კიდევ უფრო მეტი გაჩნდა. რაც შეეხება ბატონ გახარიასთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას, მიმაჩნია, რომ ის არის სერიოზული პროფესიონალი მინისტრი და მე მგონი, ამ მიმართულებით ჩვენ ალბათ მომდევნო სიცხადე დაგვჭირდება.

ეროვნული ბანკი ახლა აკეთებს სპეციალურ განცხადებას. მას მიაჩნია, რომ შანტაჟთან დაკავშირებით სხდომაზე გაკეთებული განცხადება არის არასწორი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევა დაგვჭირდება.

ერთობლივი განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „თიბისი ბანკმა“ უნდა განავითაროს მისი კორპორატიული მართვა დამოუკიდებელ დირექტორებთან დაკავშირებით. „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა შეწყვიტეს სამართლებრივი დავა ეროვნულ ბანკთან და ეს არის აქციონერების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯი და სწორი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს შემდგომი განვითარების საფუძველს იძლება.

კომიტეტის სხდომა არ გახლავთ სასამართლო. კომიტეტის სხდომა არ ემსახურება იმას, რომ გავარკვიოთ ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეხსნა ეს პოტენცია ბატონი ხაზარაძისთვის და ბატონი ჯაფარიძისთვის. პარლამენტის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ მათთვის. ეს იყო მთავარი. გარდა ამისა, ჩემთვის მთავარი ამოცანა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელიც 25 წელია ბანკირია, არის ერთი - „თიბისი ბანკს“ უნდა მოფრთხილება და ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში და ამოსავალი წერტილი არის ის ერთობლივი განცხადება, რომელიც გაკეთებულია. ვერ ავყვები ვერანაირ შეთქმულების თეორიას. მთავარია განვითარდეს „თიბისი ბანკი“, მთავარია იქ განვითარდეს ჯანსაღი კორპორატიული მართვა და ბანკი წავიდეს წინ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გალერეა

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 მარტი