სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა

13 მარტი 2019
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფმა საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ პირველი სხდომა გამართა. ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა, პაატა კვიჟინაძემ აუდიტის ჯგუფის გაზრდილი უფლებამოსილების თაობაზე სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა და ჯგუფის ახალ სტატუსზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აუდიტის ჯგუფის კომპეტენციები დეტალურად გაიწერა პარლამენტის რეგლამენტში, კერძოდ მას მიენიჭა გაზრდილი უფლებები, რომლის მიხედვითაც ჯგუფს გენერალური აუდიტორისგან პერიოდულად გადაეგზავნება მასალები და პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებული წერილი. 

დღეის მდგომარეობით აუდიტის ჯგუფში გადმოგზავნილი წერილის საფუძველზე გენერალურმა აუდიტორმა ათი პრიორიტეტული მიმართულება გამოკვეთა. დღევანდელ სხდომაზე კი განვიხილავთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ანგარიშვალდებულების წინაპირობების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარებული აუდიტის მასალები წარმოადგინა და იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რაც აღნიშნული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა. მომხსენებლის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა მოხსენება წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სამინისტრო იზიარებს აღნიშნულ მიგნებებს, შესაბამისად უწყების შიგნით უკვე დაწყებულია გარკვეული სამუშაოები და ივნისისთვის შემოთავაზებული რეკომენდაციების შესრულება იგეგმება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემაც ისაუბრა. 

სხდომის დასასრულს პაატა კვიჟინაძემ აუდიტის ჯგუფის პირველი სხდომა შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამინისტრო იზიარებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს და მზაობას აცხადებს მათ შესრულებაზე. მისივე განცხადებით, აუდიტის ჯგუფი დააკვირდება პროცესებს და შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა თვეში ერთხელ გაიმართება, რომელზეც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მიმართ მომზადებულ რეკომენდაციებს და წინადადებებს განიხილავენ.

გალერეა

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა, 2019 წლის 13 მარტი