სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა ორ უწყებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე იმსჯელა

22 ნოემბერი 2019
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა ორ უწყებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „შპს „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ მოისმინეს. 

როგორც აუდიტის ჯგუფის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, აღნიშნული ანგარიშის თანახმად, გაცემულია 5 რეკომენდაცია, აღმოჩენილია ნაკლოვანებები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე შერმადინის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შპს „საქართველოს ფოსტის” 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი და მოიცვა კომპანიის შემოსავლების განკარგვისა და ქონების მართვის საკითხები.

მან ისაუბრა კომპანიის საქმიანობის სამ ძირითად მიმართულებაზე: საფოსტო მომსახურების, გადაზიდვების და საცალო ვაჭრობის შესახებ.

მისი ინფორმაციით, კომპანიის დაფინანსების წყაროა საკუთარი შემოსავლები, რომლის სათანადოდ დაგეგმვა და განკარგვა მნიშვნელოვანია წესდებით განსაზღვრული მიზნის − მოგების მიღების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული მიზნის გარდა, კომპანია ასრულებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას − უზრუნველყოს საფოსტო მომსახურების მუდმივი მიწოდება საქართველოს ტერიტორიის ყველა პუნქტის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. ზემოაღნიშნული ვალდებულების გათვალისწინებით, დადგენილი ტარიფების გამო, საფოსტო მიმართულება ფინანსურად ზარალიანია, რაც ნაწილობრივ კომპენსირდება ვაჭრობიდან და გადაზიდვებიდან მიღებული მოგებით. მიუხედავად ამისა, 2017 წელს კომპანიას დაუფიქსირდა უარყოფითი ფინანსური შედეგი და ჯამურმა საოპერაციო ზარალმა 1.5 მილიონი ლარი შეადგინა. მომხსენებელმა ისაუბრა აუდიტის შედეგად სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილ ნაკლოვანებებზე.

„ხუთი რეკომენდაციიდან ოთხი საქართველოს ფოსტის, ხოლო ერთი - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მისამართლით გაიცა“, - განაცხადა თორნიკე შერმადინმა.

რეკომენდაციებში საუბარია ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე; მონეტარული ზღვარის დაწესებაზე საქონლისა და მომსახურების ერთგვაროვნების მიხედვით; შესყიდვების გეგმაში აუცილებელი ცვლილების შემთხვევაში, ისეთი პროცედურის შმუშავებაზე რაც უზრუნველყოფს ცვლილების საფუძვლისა და მიზნობრიობის დოკუმენტირებას; დანამატების გაცემის კრიტერიუმები და დასაბუთების წესის შემუშავებაზე, რომლითაც მოსამსახურეთა მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების საფუძველზე დარეგულირდება დამატებითი ანაზღაურებების ოდენობა და განისაზღვრება მათი გაცემის მიზანშეწონილობა.

სხდომაზე მოისმინეს საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობის მოსაზრებები და იმ გონივრულ ვადებზე, რომლის განმმავლობაშიც აღნიშნული რეკომენდაციები უნდა განხორციელდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე დასკვნა იყო დაწერილი, ყველა რეკომენდაციას ეთანხმებით, ერთზე მოგაწვდით დროის ფაქტორს. ჩვენ კმაყოფილები ვართ დღევანდელი შეხვედრით და წარმატებას გისურვებთ“, - მიმართა საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებს პაატა კვიჟინაძემ.

დღესვე მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ ზაალიშვილის განცხადებით, სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართა აუდიტი: აქტივების მართვა, სახელმწიფო შესყიდვები და ხარჯები. მისივე ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა გასცა 5 რეკომენდაცია.

უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი მარგველაშვილმა უნივერსიტეტის შენობასთან დაკავშირებული პრობლემები გააცნო დეპუტატებს.

„ქონებასთან დაკავშირებით ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ მოქმედებაზე. საბუთების ნაკლოვანებები, იმედია, გამოსწორებული იქნება“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

გალერეა

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა ორ უწყებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე იმსჯელა, 2019 წლის 22 ნოემბერი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა ორ უწყებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე იმსჯელა, 2019 წლის 22 ნოემბერი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა ორ უწყებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე იმსჯელა, 2019 წლის 22 ნოემბერი