სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომა

20 მარტი 2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე ჯგუფის წევრებმა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე აირჩიეს.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი წიწილაშვილმა ჯგუფის წევრებს აუდიტის ანგარიში „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები“ წარუდგინა.

ირაკლი წიწილაშვილის განმარტებით, ამ დრომდე უმაღლესი განათების სფეროში ეფექტიანობის აუდიტი არ ჩატარებულა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გადაწყვიტა პირველ ეტაპზე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები შეესწავლა. ანგარიში განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება და მასში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ნაკლოვანებებია ასახული.

აუდიტის სამსახურმა ჩატარებული ანალიზისა და გამოტანილი დასკვნების საფუძველზე სამუშაო ჯგუფს სარეკომენდაციო ნაწილთან ერთად, შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა, რომელთა შესრულების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდაა შესაძლებელი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის დეტალური განხილვისას, აუდიტის სამსახურისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებს გასცეს პასუხები და შესაბამისი განმარტებები გააკეთეს.

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ლაშა მარგიშვილის თქმით, ცენტრი სრულად იზიარებს აუდიტის სამსახურის ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს და შესაბამისად, მათი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია დასკვნაში ასახული მითითებების გაუმჯობესების მიმართულებით.

„დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აუდიტის სამსახური არის პარლამენტის პარტნიორი, რომელმაც პარლამენტის მიერ გამოყოფილი თანხების ეფექტურობა და მიზნობრიობა უნდა შეისწავლოს. პირველმა სხდომამ კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა და იმედი გვაქვს, რომ კომისია ასევე გააგრძელებს მუშაობას. ჩვენი სურვილია, რომ პროცესი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო, ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ,“-განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები გაიზიარეს. სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციებს შეიმუშავებს და შესაბამის კომიტეტს წარუდგენს.

პაატა კვიჟინაძის განმარტებით, სამუშაო ჯგუფში აუდიტის სამსახურის მიერ განსახილველად წარმოდგენილია დასკვნები გასულ, 2016 წელს შემოწმებული 86 ობიექტის თაობაზე. ჯგუფი ამ ფორმატში მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

გალერეა

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომა, 2017 წლის 20 მარტი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომა, 2017 წლის 20 მარტი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომა, 2017 წლის 20 მარტი