ნინო გოგუაძემ ბრიფინგზე „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში წარადგინა

13 იანვარი 2020
ნინო გოგუაძემ ბრიფინგზე „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში წარადგინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან არსებული „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობისა და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ნინო გოგუაძემ. „ჩვენი ანგარიშის და რეკომენდაციების მომზადების მთავარი მიზანი ის არის, რომ პარლამენტმა და მთავრობამ იმუშაოს კოორდინირებულად, რათა რუსული დეზინფრომაცია და პროპაგანდა შემცირდეს საქართველოში და ჩვენი საზოგადოება დავიცვათ ამ პროპაგანდისტული კამპანიის ზემოქმედებისგან“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფმა გამოიკვლია ის ძირითადი ტენდენციები, როგორ მუშაობს ანტიდასავლური დეზინფორმაცია და კამპანია საქართველოში, როგორ ხორციელდება ეს პროცესი, რა სუბიექტები დგანან მათ უკან და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა ამ დეზინფორმაციის და პროპაგანდის ზეგავლენის შესასუსტებლად. 

თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნის შესაბამისად, არაერთ დოკუმენტშია ასახული და მოხსენიებული რა საფრთხეს წარმოადგენს ეს დეზინფომაცია და პროპაგანდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ მოკვლევის ჯგუფს საჭიროდ მიაჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს შორის ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა, ასევე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით. ამიტომ მათი რეკომენდაციებიც სწორედ მთავრობისა და პარლამენტისკენ არის მიმართული. 

ნინო გოგუაძემ დეტალურად ისაუბრა მოკვლვის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც ანგარიშთან ერთად დღეს ოფიციალურად წარედგინება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.

მან იმ სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში უნდა იყოს ჩართული. ასევე იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.