სოფიო ქაცარავა: „ევროპის საბჭოს მომავალს ის მთავარი ღირებულებები განაპირობებს, რაც ორგანიზაციის ეფექტურობაზე, მდგრადობასა და სანდოობაზე მეტყველებს“

10 ოქტომბერი 2018
სოფიო ქაცარავა: „ევროპის საბჭოს მომავალს ის მთავარი ღირებულებები განაპირობებს, რაც ორგანიზაციის ეფექტურობაზე, მდგრადობასა და სანდოობაზე მეტყველებს“

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.

„ცვლილებები ორგანიზაციაში მხოლოდ და მხოლოდ პრინციპებისა და მთავარი ღირებულებების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს! ევროპის საბჭოს მომავალს განაპირობებს ის მთავარი ღირებულებები, რაც ორგანიზაციის ეფექტურობას, მდგრადობას და სანდოობას წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთგული დარჩა თავისი ძირითადი პრინციპების, რაც ინსტიტუტის მიმართ ნდობას ზრდის“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა კორუფციისადმი ბრძოლის საკითხს, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და წევრი ქვეყნების ერთ-ერთ პრიორიტეტს და საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს.

„მნიშვნელოვანია წევრი ქვეყნები ვიზიარებდეთ იმ საერთო სტანდარტს, რომელზეც ორგანიზაცია დგას - ვიყოთ თანმიმდევრულები და სწორად წამოვჭრათ საკითხები“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.