სოფიო ქაცარავამ სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეებს უმასპინძლა

20 მარტი 2017
სოფიო ქაცარავამ სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეებს უმასპინძლა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის (NB8) წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს და საქართველოში ამავე ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

სოფიო ქაცარავა მიესალმა საქართველოში შვიდი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. პარლამენტების თავმჯდომარეების ვიზიტი საქართველოს კავშირებს ნორდიკულ-ბალტიურ ქვეყნებთან კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის“, - აღნიშნა შეხვედრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტიდან, კახაბერ კუჭავა, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე და ნინო წილოსანი ესწრებოდნენ. ქართველმა კანონმდებლებმა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებსა და ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრეს. 

დელეგაციის წევრებმა მოგვილოცეს საქართველოსთვის ესოდენ დიდი მიღწევა. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, საქართველოს საგარეო მიმართულებებზე და ამ პროცესში მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვიმსჯელებთ თუ რა მიმართულებით გავაღრმავოთ ურთიერთთანამშრომლობა ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ. ასევე, ვისაუბრებთ საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, რათა საქართველოს ევროპული მისწრაფება უფრო მეტად შედეგის მომტანი და ხელშესახები იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია ქეასგო; ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე; ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი; ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინღიმერ სეიფუსონიშვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენს.

დელეგაციის წარმომადგენლები, დღესვე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს გორში, მისიის ოფისში შეხვდებიან. სტუმრები სოფლებში - ნადარბაზევსა და ხურვალეთში გაემგზავრებიან და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და ვიცესპიკერების ვიზიტი საქართველოში 22 მარტამდე გაგრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან.

სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცესპიკერები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავამ სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეებს უმასპინძლა, 2017 წლის 20 მარტი
  • სოფიო ქაცარავამ სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეებს უმასპინძლა, 2017 წლის 20 მარტი
  • სოფიო ქაცარავამ სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეებს უმასპინძლა, 2017 წლის 20 მარტი
  • სოფიო ქაცარავამ სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეებს უმასპინძლა, 2017 წლის 20 მარტი