საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას, ვენესუელას ეროვნული ასამბლეის მხარდამჭერი განცხადება

17 იანვარი 2020
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას, ვენესუელას ეროვნული ასამბლეის მხარდამჭერი განცხადება

ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვთქვამთ შეშფოთებას შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისის, აგრეთვე, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის მიზანმიმართული შეფერხების და მისი წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო.

ჩვენთვის, ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ, დემოკრატიული გზით არჩეულ პარლამენტს წარმოადგენს ვენესუელის ეროვნული ასამბლეა. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ეროვნული ასამბლეის დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება, ასევე, მისი წევრების უფლებები და უსაფრთხოება.

კატეგორიულად ვგმობთ ვენესუელის დემოკრატიული გზით არჩეული ეროვნული ასამბლეის წევრების დაშინებას, შევიწროებასა და დევნას. შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, აუცილებელია, მათ შეძლონ კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის შეუზღუდავად და თავისუფლად განხორციელება.

ამასთან, ვგმობთ მადუროს რეჟიმის მიერ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის წევრების უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მრავალგზის დარღვევას. ჩვენთვის მიუღებელია მათ მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები, მათ შორის, დაპატიმრება, საპარლამენტო იმუნიტეტის უგულვებელყოფა, პასპორტის ჩამორთმევა და მოგზაურობის შეზღუდვა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და პატივისცემას გამოვხატავთ ეროვნული ასამბლეის წევრების მიმართ, მათი სიმამაცისთვის, ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენისა და არსებული ჰუმანიტარული კრიზისის დასრულებისთვის ბრძოლაში.

მოვუწოდებთ პარტნიორ საკანონმდებლო ორგანოებს, შემოგვიერთდნენ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის და მისი დემოკრატიული გზით არჩეული თავმჯდომარის, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარდაჭერაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის პროცესში.