საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

15 მარტი 2019
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სამი კანონპროექტი. 

საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „ევროპული საქართველო - რეგიონების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, პარლამენტის წევრმა ოთარ კახიძემ წარმოადგინა განსახილველად.

მისი განმარტებით, - „პროექტი მიზნად ისახავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, ამ შემთხვევაში ჩინჩალაძის კლანს ჩამოერთვას მონოპოლია, რომ პარლამენტს წარუდგინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მხოლოდ მათთვის მისაღები კანდიდატები. პროექტის მიღების შედეგად, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ვაკუუმი და განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენის წესი“.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუმცა, მისი თქმით, ღიად არის დატოვებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი კანდიდატის წარდგინების პროცედურა.

ოთარ კახიძის განცხადებით, მის მიერ წარდგენილი პროექტის მიზანია სწორედ კანდიდატთა წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით გარკვეული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსება.

პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, ზვიად კვაჭანტირაძის, გედევან ფოფხაძის, ბექა ნაცვლიშვილის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას, გელა მიქაძის, ემზარ კვიციანის, ადა მარშანიას, ნატო ჩხეიძის, გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი.

მომხსენებელმა კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო კომიტეტს. მან ის სუბიექტები ჩამოთვალა, რომლებთან თანამშრომლობით და კონსულტაციებითაც შექმნეს წინამდებარე კანონპროექტი და ამის შემდეგ, მან კანონპროექტის ძირითად არსზე ისაუბრა.

მისი თქმით, - „დღეს კანონმდებლობაში არ არის ნათლად გაწერილი პროცედურა, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურა და კრიტერიუმები. ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება კი შექმნის საკანონმდებლო საფუძველს იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე არჩეულ იქნენ ის კანდიდატები, ვინც აკმაყოფილებენ ორგანული კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და პიროვნული და პროფესიული თვალსაზრისით შეესაბამებიან ამ მაღალ სტატუსს. აგრეთვე, მოსალოდნელი შედეგი არის არჩევის პროცედურის წარმართვა იმ სახით, რომ იწვევდეს საზოგადოების მაქსიმალურ ნდობას და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდეს სასამართლოს ავტორიტეტს“.

ეკა ბესელიამ იმ პრინციპებზე ისაუბრა, რომლებსაც ეყრდნობა წარმოდგენილი პროექტი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინა პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტი, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი.

მომხსენებლის განცხადებით  - „განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და იდეას, ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოთა ურთიერთპატივისცემის პრინციპს. აღნიშნული კანონპროექტით, შემოთავაზებულია უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი, ღიაობა, საჯაროობა, საზოგადოებოს მეთვალყურეობა ამ პროცესისადმი, რაც უზრუნველყოფს მასში საზოგადეოების ჩართულობას“.

კანონპროექტის მიხედვით, აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცესი, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურები დეტალურად იყოს გაწერილი საკანონმდებლო დონეზე, რათა, ერთი მხრივ, ყველა შესაფერის კანდიდატს მიეცეს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა და, მეორე მხრივ, საზოგადოებას ჰქონდეს აღნიშნული პროცესის მიმართ ნდობა.

მან ასევე ისაუბრა აღნიშნული პროცედურის განხორციელების ეტაპებზე.

კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის აპარატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც დასვეს კითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

თითოეულმა მომხსენებელმა უპასუხა კოლეგების და სხდომის დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენელთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, კომიტეტმა სათითაოდ უყარა კენჭი წარმოდგენილ კანონპროექტებს.

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტს, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტები განიხილა სავალდებულო წესით, ხოლო საკითხის შემდგომი განხილვა გაგრძელდება წამყვან - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 მარტი