სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

31 მარტი 2017
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

სპორტისა ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დღეს პროექტ „ჩვენი მენტორის“ შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პროექტი ფიზიკური კულტურის თანამედროვე სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას ისახავს მიზნად.

იდეის ინიციატორმა, ერუდიციის ცენტრის დირექტორმა, გიორგი გოგელიამ დეტალურად განმარტა, რომ პროექტის შესაბამისად, სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური და მენტალური აღზრდის სპეციალისტები კონკრეტულად და ინდივიდუალურად მიუდგებიან თითოეულ ბენეფიციარს ან ბენეფიციართა ჯგუფს, გასცემენ რეკომენდაციებს კონკრეტული აღსაზრდელის ფიზიკური განვითარების მოთხოვნილებისა და შესაძლებლობის საფუძველზე, ეხმარებიან მოზარდებს მათი განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში და ვარჯიშების დანერგვაში. მენტორი, ასევე კონკრეტულ აღსაზრდელს რეკომენდაციას გაუწევს სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, მისი მომზადების მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად.

მომხსენებლის განცხადებით, პროექტის მიზანი არ არის პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდა, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესითა და ფიზიკური აქტივობით ბენეფიციართა დაინტერესება.

სპორტისა და ახალგაზრდულ სქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, „საქართველოს პარლამენტი ჩართულია ქვეყანაში მიმდინარე თამბაქოს აკრძალვის კამპანიაში, ასევე ვმსჯელობთ ნარკოპოლიტიკის თაობაზე და აქვე აქტიურად დგას საკითხი, რას შევთავაზებთ ახალგაზრდებს ალტერნატივის სახით. ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის მკაფიო, სრულყოფილი ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მოზარდები, ჩვენი შვილები, ბავშვები ამ მავნე ჩვევებს ჩამოვაშოროთ. ჩვენი მთავარი მისიაა საყოველთაოობა და ახალგაზრდებისათვის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახეობების მისაწვდომობა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი იწყება იმით, რომ მოზარდები, ბავშვები სკოლამდელ ასაკში სათანადოდ ინფორმირებული იყვნენ, მათი შესაძლებლობები მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი. ამისთვის შესამუშავებელია პროექეტები, რომ მათ მივცეთ სრულყოფილი განვითარების შესაძლებლობა. ასევე ჩვენ ვთანხმდებით, რომ ძველი სტანდარტები და მეთოდიკა შესაცვლელია, ამ პროცესში ბევრი გამოწვევაა დასაძლევი და წარმოდგენილი იდეის განხორციელება სწორედ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით გადადგმული“.

საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენრტის და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წარმომადგენლები. ისინი, კომიტეტის წევრებთან ერთად იზიარებენ მოსაზრებას, რომ პრობლემა მართლაც აქტუალურია და დრო არ უნდა დაიკარგოს. რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყოს საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადება და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამღლება.

გალერეა

  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 31 მარტი
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 31 მარტი
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 31 მარტი