თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

07 ოქტომბერი 2020
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტს მხარი დაუჭირა.

ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, კომიტეტის წევრებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 5% ეკონომიკურ ზრდაზეა პროგნოზირებული და ამ მაჩვენებლის მიხედვით ხდება ბიუჯეტის დაგეგმვა. მისივე განცხადებით, ბიუჯეტის შედგენისას გარკვეული რისკები კვლავაც რჩება და იგი ვირუსის გავრცელების საკითხს უკავშირდება.

მინისტრის მოადგილემ მაკროეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები წარმოადგინა და საბიუჯეტო დეფიციტზე, საგარეო ვალების მომსახურებასა და კომიტეტის საკურატორო სფეროში შემავალი სახელმწიფო უწყებების დაფინანსების მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტის მიხედვით, მომავალი წლისთვის თავდაცვის სამინისტროს 900 მლნ. შსს-ს - 790 მლნ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - 137.5 მლნ და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის - 60 მლნ. ლარით დაფინანსება იგეგმება. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ გადამუშავდება და შესაძლოა მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ სხდომაზე მოწვეულმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა მათი უწყებებისადმი გამოყოფილი ასიგნებები შეაფასეს და ყურადღება იმ მიმართულებებზე გაამახვილეს, რომლებზეც ფინანსური ხარჯები მიიმართება. ეს შეეხებოდა როგორც ხელფასების ზრდის კომპონენტს, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ავტოპარკის და შეიარაღების განახლების საკითხებს. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე კომენტარები კომიტეტის წევრებმაც გამოთქვეს და ძალოვანი სამსახურების დაფინანსების მიზნობრიობაზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კომიტეტის საკურატორო სფეროში შემავალი სახელმწიფო უწყებების დაფინანსების საკითხზე მუშაობა კვლავაც გაგრძელდება, რაც შეეხება ბიუჯეტში არსებულ საიდუმლო მუხლებს, ნდობის ჯგუფის ფორმატში, დღეს საღამოს დახურული შეხვედრა გაიმართება, სადაც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და ნდობის ჯგუფის წევრები აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.

გალერეა

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 7 ოქტომბერი