თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

09 ოქტომბერი 2018
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, ძირითადი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიას, მხარი დაუჭირა.

ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და მაკროეკონომიკური პარამეტრები, კომიტეტის წევრებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი დაფუძნებულია იმ პოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელსაც პარლამენტმა, მთავრობის დამტკიცებასთან ერთად, მხარი დაუჭირა. მინისტრის მოადგილემ მომავალი წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკურ ნაწილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ით განისაზღვრა, მშპ-ს დეფლატორის პროგნოზი კი 3.5%-ს შეადგენს. „2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მლრდ. ლარს შეადგენს, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზირებულია მისი 57.9 მლრდ. ლარამდე გაზრდა“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს - მომავალი წლისთვის იგი 12 729. 7 მლნ. ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის სახელმწიფო სახსრები შეადგენს 11 268 მლნ-ს, გრანტები - 96.5 მლნ. ხოლო კრედიტები - 1 365 მლნ. ლარს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროების და უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობებზეც ისაუბრა და კომიტეტს „ძალოვანი“ უწყებების დაფინანსებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ბიუჯეტის პირვანდელ პროექტში უწყებების დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 123 მლნ. ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო - 790 მლნ. ლარი (იგეგმება მისი დამატებით 70 მლნ-ით გაზრდა).
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 643 მლნ. ლარი.
  • დაზვერვის სამსახური - 13.5 მლნ. ლარი.
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 55.5 მლნ. ლარი.
  • ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური - 6.3 მლნ. ლარი.

ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ასიგნებებთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა, სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ მთელ რიგ მიმართულებებთან და პროგრამებთან საბიუჯეტო თანხები გაზრდილია, თუმცა რეფორმების გაგრძელების, ახალი მიდგომების დანერგვის და ხელფასების მატების თვალსაზრისით, მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფის საჭიროებები არსებობს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, სამართლიან მიდგომას წარმოადგენს უმცროსი რანგის ოფიცრებისთვის ხელფასების მომატების მოთხოვნა, რათა სახელმწიფო სამსახურებიდან არ მოხდეს კადრების გადინება. კომიტეტის თავმჯდომარე ხელფასების მატებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას მიესალმა და ანალოგიური მიდგომის გათვალისწინება სხვა სამსახურების მიმართაც მოითხოვა.

კომიტეტს ვთავაზობ ცალკეულ უწყებებთან, სამუშაო ფორმატში, შეხვედრების გამართვას, სადაც არა მხოლოდ ფინანსურ საკითხებზე ვისაუბრებთ, არამედ მიმოვიხილავთ თუ რას ვაპირებთ და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ. აღნიშნული ინფორმაციის დეტალური გაცნობა საშუალებას მოგვცემს, რომ ფინანსთა სამინისტროს მივმართოთ კონკრეტული პროგრამების და მიმართულებების დაფინანსების მოთხოვნით. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და ერთი კვირის ვადაში, მინიმუმ სამ უწყებას, სამუშაო რეჟიმში შევხდეთ, რათა მათი გამოწვევები და საჭიროებები კიდევ უფრო ნათლად იქნეს დანახული“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანს „ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ ქართულ კანონმდებლობაში სრული ადაპტირება წარმოადგენს. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი განიხილეს, 2018 წლის 9 ოქტომბერი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი განიხილეს, 2018 წლის 9 ოქტომბერი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი განიხილეს, 2018 წლის 9 ოქტომბერი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი განიხილეს, 2018 წლის 9 ოქტომბერი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი განიხილეს, 2018 წლის 9 ოქტომბერი