პარლამენტმა, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენა დაასრულა

21 მარტი 2019
პარლამენტმა, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენა დაასრულა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ორი დღის განმავლობაში უსმენდნენ.

გუშინ დაწყებული მინისტრის საათი დღევანდელ სხდომაზე რეგლამენტის თანახმად გაგრძელდა და სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ჯერ იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში, შემდეგ კი უმრავლესობის წარმომადგენლები.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა კრიტიკულად შეაფასა როგორც იუსტიციის მინისტრის საქმიანობა, ასევე მისი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლა.

„როდესაც ხელისუფლება შეიცვლება ჩვენს ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელ პროკურატურის სისტემასაც შექმნის და სამართლიანობის რეალურ განცდასაც გააჩენს საზოგადოებაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიმართვაზე, რომლის თანახმად, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს 2008 წელს ჩატარებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, აღნიშნული მიმართვის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინდელ სხდომაზე პოლიტიკურმა ოპონენტებმა ფაქტები დაამახინჯეს.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ კახიძის განაცხადებით, სისხლის სამართლის პოლიტიკისა და რეფორმის მიმართულებით, რომელსაც სათავეში იუსტიციის მინისტრი ედგა, საგანგაშო ვითარებაა. მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრის, როგორც ანტიკორუფციული საკითხების მიმართულების კოორდინატორის საქმიანობა, წარუმატებელია.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, მესამე მიმართულებით - ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რომლის კოორდინაციასაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, ასევე მძიმე ვითარებაა, რადგან გაიზარდა ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის ზომა.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრს უპასუხა.

„თქვენ მე ჭკუაც რომ გასწავლოთ რაღაც საკითხებში, უნდა მიიღოთ ეს. პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან - მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს უნდა უპასუხოთ თანაბრად და ნორმალურად“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წინაშე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელი მოხსენება შეაფასა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იუსტიციის სფეროში იმისთვის, რომ მრავალი მიმართულება განვითარებულიყო და გაუმჯობესებულიყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი სტრასბურგის სასამართლოს საკითხს. მინისტრმა გუშინ წარმოადგინა ფაქტები: 70 გადაწყვეტილებიდან, რომელიც მიიღო სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ 1 არის იმ პერიოდიდან, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ეს საკითხი არის ივანე მერაბიშვილის საქმე საქართველოს წინააღმდეგ. თუ 2011 წელს საქართველოდან წასული იყო 400-მდე საქმე, 2018 წელს ეს რიცხვი 99-მდე შემცირდა. ეს არის პირდაპირი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არის საგრძნობლად გაუმჯობესებული. ეს არის ციფრები, რომელსაც ვერავინ გაექცევა და რაც არ უნდა ამტკიცონ ჩვენმა ოპონენტებმა. იმედია, ისინი არ დაიწყებენ საუბარს, რომ არ ენდობიან სტრასბურგს და მის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილი ციფრები და ზოგადი ფონი, მას საშუალებას აძლევს იფიქროს, რომ საქართველო დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების ძალიან სწორ გზაზე დგას.

სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანი ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულების კუთხით მთავრობის მიერ შემუშავებულ ინიციატივაზე, რომელიც მისივე თქმით, მალე პარლამენტში შემოვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ასევე, მნიშვნელოვანია მედიაცია, რომელიც სასამართლოების განტვირთვას შეუწყობს ხელს და დავები უფრო სწრაფად და უფრო ხარისხიანად გადაწყდება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. „პენიტენციურ სისტემაში არსებობდა სისტემური პრობლემა. ციხეში ძალადობა იყო ნორმა. სოზარ სუბარმა, კახი კახიშვილმა და ახლა უკვე თეა წულუკიანმა შეძლეს ის, რომ ეს ნორმა უკვე არის გამონაკლისი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, ასევე ნორმა იყო პოლიციის განყოფილებებში, წინასწარი დაკავების კამერებში, დაკითხვისას წამება და ხალხის ცემა.

„ჩვენ მივიღეთ სპეციალური კანონი და მივანიჭეთ ჩვენს მოქალაქეებს უფლება, რომ ჩვენება მისცენ მოსამართლის თანდასწრებით, რამაც ეს ნორმა გააუქმა და დღეს ვერ მოიყვანთ მაგალითს იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომ ამ სისტემურმა დანაშაულმა სადმე იჩინოს თავი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მიღებულია ისტორიული მნიშვნელობის კანონი - დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის წინააღმდეგ, „თქვენ ვერ გაბედეთ რომ ეს კანონი მიგეღოთ. ვერ გაბედეთ, რომ მიგეღოთ თანასწორობის კანონი. ჩვენ მივიღეთ ეს კანონი და სახალხო დამცველი აღვჭურვეთ უფლებით, რომ ყოველ წელს პარლამენტს, საზოგადოებას მოახსენოს თუ სად აქვს დისკრიმინაციის გამოვლინებას ადგილი. სახალხო დამცველს მივანიჭეთ სასამართლოსთვის პირდაპირ მიმართვის უფლება, რომელიც თქვენს დროს მას ჩამორთმეული ჰქონდა“, - მიმართა ზაქარია ქუცნაშვილმა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, თეა წულუკიანის მინისტრობისას გამოცხადდა ამინისტია და 9000 ადამიანი გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ვისზეც გაცემული იყო ყალბი პირადობის მოწმობები.

„ჩვენ მივიღეთ კანონი და ვთქვით, რომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების დროს საარჩევნო სიების მანიპულაციას წერტილი უნდა დაესვას. თეა წულუკიანი რომ გახდა იუსტიციის მინისტრი, გამოვაცხადეთ ამნისტია, რადგან 9000 ადამიანზე იყო გაცემული ყალბი პირადობის მოწმობა. ეს გავაკეთეთ პირველსავე წელს, რადგან არ გვინდოდა რევანში და შურისძიება“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მომხსენებლის განაცხადებით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში კანონები მიღებულია ხალხისთვის.

„მე ვსაუბრობ კანონებზე, იმ კანონებზე რომლებიც ჩვენ მივიღეთ ხალხისთვის. გთხოვთ დამისახელოთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებული 9 კანონი, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული. თუ თქვენ მოიყვანთ ერთ კანონსაც კი, რომელიც უკეთესი იყო ხალხისთვის, და ჩვენ გავაფუჭეთ, მე ბოდიშს მოვიხდი და დაგიჭერთ მხარს. ერთი კანონი მაინც მოიყვანეთ, რამაც სახალხო დამცველის, ადვოკატის, დაზარალებულის, მოსამართლის მდგომარეობა გააუარესა და მე მოვიხდი ბოდიშს და მე მოვთხოვ პასუხს ამ ხალხს, როგორც ინიციატორებს ამ „გაუარესებულ“ კანონებზე, მაგრამ მაგალითები არ გაქვთ. ჩვენ ხალხი გვიყურებს და იმედი მაქვს, რომ კანონებით შეფასდება თითოეული ჩვენგანის მუშაობა, კანონები იქნება ობიექტური მსაჯული იმისა, ვინ ვარგა და ვინ არ ვარგა“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თეა წულუკიანს სოლიდური, ანალიტიკური და კომპლექსური მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა და კომიტეტსა და სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასა.

„მე ვისაუბრებ იმ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რა პერსპექტივებიც ჩვენ გვაქვს იუსტიციის სამინისტროსთან დაგეგმილი და იმ საინტერესო კანონპროექტებზე, რომლებიც 2019-2020 წლების ფარგლებში იქნება ინიცირებული საქართველოს პარლამენტში.

იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შემუშავებულია სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან ბევრ ნოვატორულ მიდგომას სასჯელებთან დაკავშირებით, ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით და ჩვენ ველოდებით ამ პროექტის წარმოდგენას პარლამენტში. სააღსრულებო კუთხით შეიქმნება ახალი კოდექსი, რომლის ძირითადი არსიც სააღსრულებო კოდექსის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგება გახლავთ.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც უნდა დაინიცირდეს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან პარლამენტში, მისი ძირითადი არსია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებული დირექტივებისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ასახვა.

ასევე ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის ავტორი იქნება იუსტიციის სამინისტრო და ამ ცვლილებებით ერთ სამართლებრივ აქტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმების კონსოლიდაცია მოხდება.

მედიაციის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც უკვე ინიცირებულია სამინისტროს ავტორობით, ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და პროგრესული დოკუმენტია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ინიციატივების გაცნობასთან ერთად, ოპოზიციონერ კოლეგებს სამუშაო პროცესებში ჩართულობისკენ მოუწოდა.

„თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელმაც ბავშვის უფლებების დაცვისთვის მყარი გარანტიები ჩადო, ამიტომ თქვენ უნდა აღიაროთ ხოლმე ასეთი საკითხები, თუმცა ერთი პრინციპული საკითხი არის, რომელიც აუცილებლად უნდა გითხრათ და ეს თქვენს ტოტალურ უუნარობაზე მიუთითებს, იმიტომ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აღიაროთ წარმატება.

ქალბატონებო და ბატონებო, როდესაც საუბრობთ კრიტიკაზე, კრიტიკა მისაღებია ჩვენთვის, თუ ეს იქნება ობიექტური, მაგრამ იმის აღიარება მაინც უნდა შეგეძლოთ, რომ სახელმწიფოთა შორის დავას როდესაც იგებს საქართველო და საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის, 10 მლნ ევროს გადახდა ეკისრება რუსეთს, ეს უნდა აღიაროთ. ეს არის გამარჯვება ჩვენი მოქალაქეებისათვის, ეს არის გამარჯვება იუსტიციის სამინისტროსთვის და დიდი მადლობა ამისთვის“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა, რომ პარლამენტში კიდევ ერთი საინტერესო მინისტრის საათი ჩატარდა. მისი განცხადებით, მინისტრის საათის ფორმატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალი რეგლამენტი და რეფორმა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით გაკეთდა, იყო სწორი და ამ მიმართულებით პარლამენტში საინტერესო პროცესები იგეგმება.

უმრავლესობის ლიდერი იუსტიციის მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და ოპოზიციონერ დეპუტატებს საქმისადმი მეტი დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„გუშინ და დღესაც გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არავითარი საქმიანი კითხვა და არანაირი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. კოლეგებო, თქვენ შეკითხვებში და გამოსვლებში ვერ დავინახე, რომ თქვენ გაინტერესებთ მომავალი და თქვენ გაინტერესებთ საქმე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი აკეთებს. ხომ შეიძლება 100 კითხვიდან ერთი მაინც დასვათ საქმეზე? გასაგებია, რომ თქვენს წარსულთან დაკავშირებით კომპლექსი გაწუხებთ და გინდათ ეს გადაფაროთ ასეთი აგრესიული და ცინიკური კითხვებით, მაგრამ ვერ გადაფარავთ! უბრალოდ გამოდით თქვენი წარსულის კომპლექსიდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მათი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები შეახსენა და დასძინა, რომ იუსტიციის მინისტრს ახლა უწევს წარსულში გაფუჭებული საქმეების გამოსწორება.

„მადლობა მაინც თუ გადაუხადეთ თეა წულუკიანს თქვენი გაფუჭებული საქმეები რომ აკეთა წლების განმავლობაში. 3600 ადამიანი რომ უნდა მოგეძებნათ და გამოგეკითხათ და 120 ადამიანის სია რომ დადეთ და ისინიც არ გამოკითხეთ წესიერად. ერთი სიტყვა მაინც გეთქვათ რუსეთთან მოგებულ საქმეზე. მსოფლიო პრეცენდენტია, რომ პატარა ქვეყანამ სტრასბურგში ამხელა სახელმწიფოს მოუგო საქმე, თან ისეთი საქმე, რომელსაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში იუსტიციის სამინისტროს ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მისი კონტრიბუცია აღნიშნა.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მტკიცე თანამშრომლობა გაგრძელდეს. ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, სადაც არის საქართველოს ბუნებრივი ადგილი და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი აქტიურად არის ჩართული ვიზა ლიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში. მე დავინახე ოპტიმიზმი სამინისტროს მომავალ გეგმებში და ყველას მოგიწოდებთ, კოლეგებო, მეტი ოპტიმიზმით მოვეკიდოთ სახელმწიფოს მომავალს და მის ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატების გამოსვლის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვიდა.

„ის არასრული ანგარიში, რომელიც მე წარვადგინე ეხებოდა კანონებს, ფუნდამენტურ ცვლილებებს, რეფორმებს, უპრეცედენტო მშენებლობებს, სახელმწიფო სერვისებს, ბავშვებს, ქალებს, მოგებულ დავებს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე, სანდო და დაზუსტებულ საარჩევნო სიას, 630 ათას რეგისტრირებულ მიწას, სადაც მხოლოდ 0.01%-ზე არის დავები, წარმატებული რეფორმის შედეგად ჩვენმა მოქალაქეებმა 34 მილიონი ლარი დაზოგეს. უფრო ვრცლად ვისაუბრებ ექვსწლიანი საქმიანობის შეჯამებისას ვიზალიბერალიზაციაზე და იმ დიდ მონაპოვარზე, რომელშიც იუსტიციელების წვლილი არის ლომის სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად. ეს არის ერთ-ერთი ის დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ დავუტოვებთ ჩვენს შვილებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გალერეა

  • პარლამენტმა, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენა დაასრულა, 2019 წლის 21 მარტი