პარლამენტში იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინეს

20 მარტი 2019
პარლამენტში იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინეს

საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს მთავრობის წევრს, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინეს. 

მომხსენებელმა 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულებით შესრულების თაობაზე მოხსენება წარადგინა.

„ეს ანგარიში შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებს, სერვისებს, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო დავებს თუ საერთაშორისო ურთიერთობების იმ კომპონენტში მოხსენებას, რომელიც მიჰყავს იუსტიციის სამინისტროს. მოხსენების ერთი ნაწილი ასევე, შეეხება გასული წლის ივნისში იუსტიციის სამინისტროსადმი შემოერთებულ პენიტენციურ სისტემას“, - განაცხადა სხდომაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სამინისტრო ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობას აგრძელებდა საკანონდებლო რეფორმებზე. მისი თქმით, იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს.

„საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ეს რეფორმა პასუხობს ძალიან ბევრ გამოწვევას. დღემდე ისმოდა შენიშვნები არაერთ საქმეზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქართველო სტამბულის კონვენციას შეუერთდა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ მოახდინა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, ქალთა უფლებები უფრო მაღალ ხარისხში იქნა აყვანილი და მათ მიმართ ძალადობასთან ბრძოლა გააქტიურდა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ძალადობასთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახადა. „ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი - ქალები, ბავშვები, მამაკაცები - იქნებიან უფრო დაცულნი. ამ მხრივ, საკანონდებლო მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველო ტრეფიკინგთან მებრძოლ წარმატებულ ქვეყანათა შორის არის.

„იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. სწორედ, ამ ცვლილებების დამსახურებაა, რომ აშშ-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ინარჩუნებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ კალათაში“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მომხსენებელმა.

მისივე თქმით, ასევე, შემოთავაზებულია მასშტაბური რეფორმის პროექტი მედიაციის სფეროში.

„თუკი თქვენი მხარდაჭერა გვექნება, ჩვენ შევძლებთ სასამართლო გავათავისუფლოთ იმ დავების განხილვისგან, როგორიც არის მიკროსაფინანსო დავები, სამეზობლო დავები, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავები და ა.შ.“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილია ძალიან სერიოზული გამოწვევის საპასუხო რეფორმა, რომელიც 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება. როგორც მომხსენებელმა განმარტა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მიღებული იქნა მოქმედი ხელისუფლების პირობებში. თეა წულუკიანის განცხადებით, დანაშაულის ჩადენა ხდება 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერაც, მაგრამ მათი სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ ხდება, რადგან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის განსაზღვრულია 14 წელი.

„ვარ და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი, რომ 14 წელი თუნდაც 13-12 წლამდე დაიწიოს. ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელით და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტების დამკვიდრების მიზნიდან გამომდინარე, მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს სჩადიან, ეს დაუსჯელი ან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამიტომაც ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმის შექმნა. პოლიციას, იუსტიციის სისტემას, მათ შორის, მედიაციის პროგრამებს, რეაბილიტაციის პროგრამებს, განათლების სისტემას, ახალგაზრდული და ჯანდაცვის პროგრამებს ექნება საკადრისი, ადეკვატური და ბავშვის ინტერესზე მორგებული პასუხი იმისათვის, რომ დანაშაული ამ სეგმენტში შემცირდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, პარლამენტს წარედგინება აღსრულების სრულიად ახალი კოდექსი, ასევე პრობაციის სისტემის რეფორმა, რომლის შედეგი იქნება პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრების გაერთიანება და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის რეფორმირება.

„მთავარი აქცენტი რესოციალიზაციაზე და რეაბილიტაციაზე გაკეთდება და ნაკლები დანახარჯებით ჩვენ მაქსიმალურ შედეგს მივიღებთ ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის პირობებში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა კვლევა, რითაც მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შედეგები გაიზომა. „კვლევა აჩვენებს იმას, რომ საზოგადოება საქართველოში აფასებს მართლმსაჯულების რეფორმის სამ ტალღას და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს იმგვარად, რომ ამ რეფორმებმა წარმატებული შედეგი მოიტანა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მინისტრმა სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. „ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისების სწრაფად და ხარისხიანად, ასევე, მათი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად, ხელმისაწვდომ პირობებში სერვისების მიწოდება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ეს იყო იუსტიციის სამინისტროს სისტემის უპრეცედენტო, მასშტაბური ინფრასტრუქტურული გაძლიერება და ასევე, არსებულ სერვისებზე ახალი სერვისების დამატება. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს გასაცემი სერვისების ნუსხას 60-ზე მეტი საჯარო სერვისი და 10-მდე კერძო სექტორის სერვისი დაემატა.

თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ოცმა თანამშრომელმა შეისწავლა ჟესტური ენა და სამინისტრო ეტაპობრივად იწყებს ჟესტურ ენაზე სერვისების გაცემას. მისივე თქმით, მინისტრის რამდენიმე ბრძანებაში შესულია ცვლილება იმისთვის, რომ უსინათლო პირებმა სანოტარო მომსახურების თუ საჯარო რეესტრის სერვისების მიღება დამოუკიდებლად შეძლონ.

იუსტიციის მინისტრმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მიწის რეფორმაზე. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის შედეგად, 629 ათასი მიწის ნაკვეთი არის გამარტივებულად და სრულიად უფასოდ რეგისტრირებული.

„დღეის მდგომარეობით, 629 ათასი მიწის ნაკვეთი არის გამარტივებული პროცედურით და სრულიად უფასოდ რეგისტრირებული. რომ არ ყოფილიყო ეს რეფორმა, მოქალაქეები გადაიხდიდნენ 34 მილიონ ლარს. შესაბამისად, ეს თანხა არის დანაზოგი მოქალაქეების ჯიბიდან . ვფიქრობ, ეს არის ძალიან ხელშესახები წარმატება ჩვენი რეფორმის“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველი საჯარო დაწესებულებაა რეგიონში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, დღევანდელი მონაცემებით, უძრავ ქონებებზე 2 მილიონი ტრანზაქცია სწორედ ამ დაცულ სივრცეშია განთავსებული.

„ეს პილოტური პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და ვფიქრობთ, შევძლებთ, რომ სანოტარო მომსახურებაშიც დავნერგოთ ეს უსაფრთხო ტექნოლოგია. გარდა იმისა, გავაძლიეროთ ეს ტექნოლოგია სამეწარმეო რეესტრსა და უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების მიმართულებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გადახდისუუნარობისა და აღსრულების ახალი კოდექსების პროექტების წარდგენა მოხდება.

„ეს იქნება ძირეული და მასშტაბური რეფორმა, რომელიც ბევრ სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას, განსაკუთრებით ბიზნესსაქმიანობით დაკავებულ ადამიანებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა, „ბიზნესის კეთების“ (Doing Business) რეიტინგში გადახდისუუნარობისა და კონტრაქტების აღსრულების კუთხით საქართველოს სწრაფ წინსვლაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუუნარობის დიდი რეფორმა უახლოეს კვირებში იქნება წარმოდგენილი მანამდე გადახდისუუნარობა რჩება იუსტიციის სისტემის აქილევსის ქუსლად“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველომ ამ მიმართულებით პოზიციის გამყარება მოახერხა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა აღსრულების ეროვნული ბიუროს დამსახურებას „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში კონტრაქტების აღსრულების ნაწილში საქართველოს დაწინაურების კუთხით.

იუსტიციის მინისტრმა დეპუტატებს მიმდინარე და უახლოეს წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა.

მისი თქმით, 2020 წლისთვის შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში აშენდა და გაიხსნა 18 იუსტიციის სახლი და 70 საზოგადოებრივი ცენტრი, 6 რეგიონული არქივი ასევე, განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ეროვნული არქივის ახალგახსნილ კინოთეატრზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით არ არის კომერციული.

„მე ვთვლი, რომ ამგვარი ინფრასტრუქტურული საქმიანობა არის უპრეცენდენტო იუსტიციის სისტემის განვითარების ისტორიაში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მომხსენებელმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის დავებზე ისაუბრა, მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე.

მისი თქმით, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება რუსეთისთვის საქართველოს წინაშე უპრეცედენტო მარცხი იყო.

„წელს, 31 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველომ რუსეთს კომპენსაციის ნაწილში ე.წ. დეპორტირებულების დავა მოუგო. არსებით ნაწილში აღნიშნული დავა 2014 წელს დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. კომპენსაციის ნაწილშიც დადგა ჩვენს სასარგებლოდ გამარჯვება. რუსეთისთვის ეს არის უპრეცედენტო მარცხი. რუსეთი არცერთ სახელმწიფოთაშორის დავაზე აქამდე არ დამარცხებულა. ჩვენს სასარგებლოდ კი, მას დაეკისრა 10 მლნ ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა იმ დაზარალებულებისთვის გადასაცემად, რომლებიც დეპორტირებულ იქნენ მასობრივად 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ საქმეზე მისმა უწყებამ 2012 წლის ოქტომბრიდან ძალიან ბევრი იმუშავა.
მისი თქმით, მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ზრუნვა აღნიშნული საქმის აღსრულებაზე, თანხის ჩასარიცხად რუსეთისთვის სამთვიანი ვადაა დადგენილი.

საერთაშორისო დავებზე საუბრისას, თეა წულუკიანმა, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ევროპულ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება. „2013 წლიდან დღემდე 700-ზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ, რათა გვეჩვენებინა, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი და 1990-იანი წლებიდან დაწყებული, რუსეთი ახორციელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისი თქმით, ქვეყნისთვის სასიცოცხლო სახელმწიფოთაშორის დავაზე, აგვისტოს ომის თემაზე დავა სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება.

„ჩვენ ველოდებით წელს და პესიმისტურ სცენარში გაისად, რომ ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს. ჩვენ ეს გამოგვადგება, ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოძიების საქმეზე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ის მტკიცებულებები ჩამოთვალა, რომლებიც საქართველოს მიერ სტრასბურგშია წარდგენილი.

მისივე განცხადებით თანამშრომლობა გრძელდება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. მისი თქმით, მოლაპარაკებები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე პატიმარი მიეღო ქვეყანას და მათთვის სასჯელი საქართველოს საპატიმროებში აღსრულებულიყო, თუკი ეს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა. „სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჰააგაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს. ამ მემორანდუმით ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში, როგორებიც არიან – ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოსა და „Eurojust“-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება. თეა წულუკიანის განმარტებით, საქართველომ წარმატებით ასრულებს ოთხწლიან მოლაპარაკებებს „Eurojust“-თან, და საქართველო ევროკავშირის ქვეყნების იუსტიციის სისტემაში გაწევრიანდება. ამ ისტორიულ დოკუმენტს ხელი 29 მარტს ჰააგაში მოეწერება.

იუსტიციის მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

თეა წულუკიანმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებსაც უპასუხა, რის შემდგომაც საპარლამენტო ტრიბუნა ცალკეული დეპუტატების გამოსვლებს დაეთმო.

პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 21 მარტს, 12 საათზე საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლებით განახლდება.