რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმინეს და რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს

20 დეკემბერი 2019
რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმინეს და რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს

დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომის ფორმატში წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგის შესაბამისად, მეორე მოსმენით განიხილეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის,  გენადი არველაძის განცხადებით, პროექტით წესრიგდება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან, საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებასთან და ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებებთან, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესთან დაკავშირებული საკითხები. 

დღესვე განიხილეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებას ითვალისწინებს მთელ რიგ მუხლებსა და რეგულაციებში.

კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მიჯნის ზონის გაუქმებას, რეგულირდება განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები.

ქალაქმშენებლობითი ღონისძიების განხორციელების უფლება, გარდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და შესაბამისი ნებართვის მქონე პირისა, ასევე ექნება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს.

ზუსტდება ავარიული შენობის დემონტაჟისას ახლად აშენებული ფართების რეგისტრაციის პროცედურა, აგრეთვე ზუსტდება, რომ შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში არსებობის შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას.

შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინება ხდება სასურველი სავალდებულოს ნაცვლად.

ზუსტდება უნებართვო მშენებლობასთან, აგრეთვე პასუხისმგებლობის ზომებთან დაკავშირებული საკითხები. ცვლილებით ასევე ზუსტდება შესაბამის ვადებთან დაკავშირებული რიგი საკითხები. 

ბიუროს შეკრების შემდეგ, მეორე მოსმენით განხილული კანონპროექტები დეპუტატებმა, დაჩქარებული წესის შესაბამისად, მესამე მოსმენით განიხილეს. 

 სხდომაზე დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა  პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ წარმოადგინა, რომელიც  ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნას და მეგობრობის ჯგუფების  შემადგენლობის განსაზღვრას.

მანვე გააცნო კოლეგებს დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

დადგენილების პროექტი ითვალისწინებს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის შესწორებას ფრაქციათა მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების შესაბამისად. 

დღესვე დეპუტატებმა კენჭი უყარეს დღის წესრიგით გათვალიწინებულ 44 საკითხს.

კენჭისყრების შემდეგ, დეპუტატებმა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მოუსმინეს.

მან მოხსენება იმ ამოცანებით დაიწყო, რაც ამ რამდენიმე ხნის წინ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას გააჟღერა. 

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანებია მაღალი ეკონომიკური ზრდის  შენარჩუნების ფონზე მივაღწიოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას, ხოლო მთავარ გამოწვევებად რჩება სიღარიბისა და უმუშევრობის  დაძლევა. ამ გამოწვევებს ვპასუხობთ ერთიანი, მწყობრი, კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკით და მნიშვნელოვან შედეგებსაც ვაღწევთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა, რომელიც მისივე მოსაზრებით, მდგრადობით გამოირჩევა.

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ნარჩუნდება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფუნდამენტური პარამეტრების გაუმჯობესების ტენდენცია. მან ისაუბრა ინფლაციის თაობაზე და მისი გამომწვევი ფაქტორები დაასახელა.

„უნდა ითქვას რომ ეკონომიკური გუნდის კოორდინირებული მოქმედებისა და  ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად ჩვენ წელში გადავტეხეთ ეს პრობლემა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი განცხადებით, მომავალ წელს ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. 

მინისტრის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია რეგიონში - 7%, რაც დაახლოებით 3-ჯერ უსწრებს როგორც რეგიონის ქვეყნებს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებს.

მისი თქმით, გაორმაგებულია რეინვესტიციის კომპონენტი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში: „ეს ნიშნავს იმას, რომ იზრდება ნდობა ინვესტორების მხრიდან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის, ჩვენი ეკონომიკის ხვალინდელი დღისადმი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალ წელს ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ისაუბრა პრივატიზაციის პროცესის შესახებ. ასევე  მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ.

„პროექტი, რომელიც წყალტუბოში განხორციელდება, შესაძლებელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივის შედეგად. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში , წყალტუბო დაიბრუნებს საერთაშორისო კურორტის სტატუსს, იქცევა საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს იმერეთს და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მინისტრმა დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად  განხორციელებულ პროექტებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მოხსენებასთან  დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  ინფორმაციული ანგარიშად შეაფასა, დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

კითხვები ძირითადად  რეგიონულ პროექტებს, გაზიფიცირებას, სასმელი წყლის ინდუსტრიას,  ინვესტიციებს, სავალუტო ფონდს შეეხებოდა.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ აღნიშნა, ეს იყო ძალიან კარგი ანგარიში, რადგან „მას აქვს პრეტენზია ყოვლისმომცველობაზე. ამ ანგარიშით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ყველა სექტორს შევეხეთ, მაგრამ  თქვენ ისეთ ორგანიზაციებში გიმუშავიათ, რომ კარგად იცით, რას ნიშნავს ინდიკატორები. რაკი ჩვენს ქვეყანაში ეს  ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ყოველის სექტორის დახასიათების ბოლოს ჩვენ მკაფიოდ გამოვყოთ მოცემულ სექტორში არსებული მთავარი გამოწვევა. ეს ჩვენ შემდგომი ანგარიშის მოსმენის დროს საშუალებას მოგვცემს, ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ რა ტიპის გამოწვევა დარჩა“, - მიმართა ნათია თურნავას რომან კაკულიამ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

 როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტი  უახლოესი პირველი შესაძლებლობისთანავე მოუსმენს. 

„სფერო დიდია, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია  საკმარისი დრო იყოს ამისთვის გამოყოფილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

რიგგარეშე სხდომის დღით წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით დაიხურა. 

გალერეა

  • რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმინეს და რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს, 2019 წლის 20 დეკემბერი