ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს

02 მაისი 2019
ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს

„მინისტრის საათი“ ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლებით გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მოხსენება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, პარლამენტის წევრმა, ნიკანორ მელიამ შეაფასა. მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ მთელი დღის განმავლობაში პარლამენტი ერთ-ერთი მთავარი უწყების ხელმძღვანელს უსმენს და მას არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებით, შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ, 2017 წლის ნოემბრიდან, ქვეყანაში ქაოსი, დაძაბულობა და კრიზისები გაიზარდა. ნიკანორ მელიამ 2017 წლიდან მომხდარი სხვადასხვა გახმაურებული ფაქტები გაიხსენა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას მინისტრად დანიშვნის შემდეგ ქვეყანაში კრიმინალი კიდევ უფრო გაიზარდა.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილმა თავის გამოსვლაში შეაფასა მინისტრის მოხსენება. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია მინისტრის განცხადება, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა არ უნდა იყოს რეპრესიული.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ცხადია მხარს ვუჭერთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა კვლავ გახდეს რეპრესიული და კვლავ დავბრუნდეთ წარსულში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„მე ვერ გეტყვით, რომ არ მომეწონა თქვენი მოხსენება და არის საკითხები, რასაც მე მხარს ვუჭერ. მათ შორის არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პრევენციის პროგრამა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განათლების სამინისტროსთან ერთად ხორციელდება“, - მიმართა ირმა ინაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

მისი განცხადებით, კრიმინოგენული ვითარების კომპონენტი, პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ სოციალურ ვითარებასთან და საჭიროა ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევა.

ირმა ინაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა კიბერდანაშაულზე, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევაზე. მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას კიბერპოლიცია მთელი თავისი ინფრასტრუქტურით. „ჩვენ მზად ვართ ამას მხარი დავუჭიროთ, რომ მოხდეს არა მარტო პრევენცია კიბერდანაშაულებების ინტერნეტ-სივრცეში, არამედ მოხდეს დამნაშავეების დასჯა“.

ირმა ინაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ასევე მოუწოდა, რომ მეტად მოხდეს ისეთი საკითხის გაკონტროლება, როგორიცაა ნარკოტიკების რეალიზაცია ინტერნეტ სივრცეში, რისი მეშვეობითაც მასობრივად ხდება ახალგაზრდების ჩართვა ამ პროცესში. „აბსოლუტურად უკონტროლოა ეს სივრცე, ეს სეგმენტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ პროცესის გაკონტროლებაზე. ჩვენი ახალი თაობის და ჩვენი შვილების დაცვაზე, იმისათვის, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ მსხვერპლის როლში ნარკოდილერების როლში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სახელით პოზიციები გამოხატეს ელენე ხოშტარიამ, გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ.

როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მობრძანება სავალდებულოა.

მოდით, ამ საპარლამენტო ტრიბუნას ჩვენთან სიტყვიერ კეკლუცობაში კი ნუ გამოიყენებთ, საზოგადოებამ შეაფასოს ვინ მორალურად ლაპარაკობს, ვინ არამორალურად, სწორად თუ არასწორად. მოდით, ცოტა სერიოზულ დებატში შემოდით და კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას აქვს პირველ რიგში, სერიოზული პასუხი გაეცით, კი ნუ გაექცევით. მესმის, მტკივნეული შეიძლება იყოს რაღაც მომენტში“, - მიმართა ელენე ხოშტარიამ მინისტრს.

მისი თქმით, გამოუძიებელ საქმეთა შორისაა რატიანის საქმე, კიდევ სხვა საქმეები.

„ამ ქვეყნის წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაქვთ, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხართ, და როდესაც ადამიანის უფლებების სერიოზული გამოწვევები გვაქვს, არიან შვილმკვდარი მშობლები და სხვა, ისინი პასუხს ვერ იღებენ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მან მინისტრს ასევე შეახსენა ია კერძაიას საქმეც და განაცხადა, რომ მინისტრი თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

გიორგი კანდელაკი დავით გარეჯის თემას შეეხო და ფრაქციის სახელით განაცხადა: „ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს, ყოველგვარი ანალოგიის გავლება საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციასა და დავით გარეჯში შექმნილ სიტუაციას შორის. ყველა ვინც ცდილობს ამ პარალელის გავლებას და ფოკუსის გადმოტანას რუსული ოკუპაციიდან, თითქოს აზერბაიჯანიც ოკუპანტია, ყველა არის საქართველოს მოწინააღმდეგე, ვინც უნდა იყოს ეს“.

გიგა ბოკერიამ მინისტრს მოუწოდა, რომ გარკვეულ საკითხებზე პასუხს არ გაექცეს და კონკრეტული შეფასებები გააკეთოს, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზეც.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა.

მე ვთხოვე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ შეეფასებინა პრეზიდენტის განცხადება საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით. მან, უბრალოდ, თავისი პოზიცია მოგვახსენა და თავი შეიკავა პრეზიდენტის განცხადების შეფასებისგან. ამ ტიპის შეფასება იმიტომ გთხოვეთ, რომ იქნებ ქალბატონი პრეზიდენტი დაფიქრდეს და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის პოზიციას და თავის მოვალეობებს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიცია კითხვებს სვამს არა იმიტომ, რომ ამ საკითხს პოლიტიკურად იყენებს, არამედ იმიტომ, რომ ეს კითხვები არსებობს საზოგადოებაში.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ სახელით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე გამოვიდა და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები და თავად შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოების პოლარიზებაში დაადანაშაულა.

მან გამოსვლისას კონკრეტულ გამოუძიებელ საქმეებზე ისაუბრა.

როდესაც ამბობთ, რომ პოლიცია არის აპოლიტიკური, როგორ ხდება რომ აპოლიტიკური პოლიცია ახერხებს იმას რომ არც ერთ მნიშვნელოვან საქმეზე არ არის გამოძიება ბოლომდე მიყვანილი, საუბარი მაქვს პოლიტიკურ საქმეებზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ასევე, გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრა თავის გამოსვლაში ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მდივანმა, ხათუნა გოგორიშვილმა.

სამთავრობო საათის მიზანი ის კი არ არის, რომ დეპუტატს რაც აინტერესებს ამაზე პასუხი გაიგოს, საუბარი არის იმაზე რომ დავსვათ შეკითხვები ისეთ საკითხებზე, რომელიც ხალხისთვის, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის საინტერესო. დღეს შეკითხვების ძალიან დიდი ნაწილი ეხებოდა პანკისს. საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს როგორ გაგრძელდება პანკისში მოვლენები და როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და წინა ხელისუფლების დროს, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. „რთული ასატანია იმ საზოგადოებისგან, რომელიც მხილებულია ისეთ უმძიმეს დანაშაულებში, როგორიცაა წამება, ქონების წართმევა, მედიისთვის წიხლის ჩარტყმა, რუსეთთან თანამშრომლობა, გაყვანილი სამხედრო ბაზების რეანიმაცია, რუსეთისთვის ქონების გადაცემა და მერე რუსების შესახებ საუბარი, რომ ვითომ მოწინააღმდეგეები არიან, თითქოს არ ახსოვდეთ ის, რასაც თვითონ ჩადიოდნენ ქვეყანაში და ამ ყველაფერზე ფაქტებიც მეტყველებს. როცა არის საუბარი საერთო შეფასებაზე, ჩაიხედონ ოფიციალურ მონაცემებში და ნახავენ, რომ მაგ დროს 200 ათასით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა - გაიქცა ხალხი, რადგან ზოგს ციხეში უშვებდნენ და ზოგს ქუჩაში კლავდნენ“, - განაცხადა დეპუტატმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“ სახელით, პარლამენტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა ისაუბრა და მისი ფრაქციის წევრის, ენზელ მკოიანის მისამართით ოპოზიციონერი დეპუტატის, თინათინ ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის წევრი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს და ცდილობს საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მოახვიოს თავზე.

„მსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ნაციონალური მოძრაობა დაკავებულია არასწორი ინფორმაციის გავრცელებით თავისი საინფორმაციო საშუალებებით და პიროვნების მიმართ დაუსაბუთებელი პრეტენზიების წაყენებით. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, სრულად შესწავლილი იქნას ის ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 28-29 ოქტომბერს ახალქალაქში და საბოლოოდ დადგინდეს ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს იმისათვის, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგა და ამით პარლამენტის, როგორც ინსტიტუტისადმი პატივისცემა დაადასტურა.

ანრი ოხანაშვილმა მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა შეფასებები გააკრიტიკა.

თქვენ ხართ ხალხი, ვინც შექმენით პოლიციური სახელმწიფო, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეთ ადამიანის უფლებები, მედია-პლურალიზმი, დააკანონეთ უკანონო ჩადებები, განდევნეთ განსხვავებული აზრი, დემორალიზება გაუკეთეთ საზოგადოებას, არბიეთ და დააშინეთ პოლიტიკური ოპონენტები, ხალხს აშანტაჟებდით პირადი ცხოვრების კადრებით და ამაში იყო გამოხატული თქვენი პოლიტიკური ინტელექტი. ჩვენ ეს პოლიციური სახელმწიფო გარდავქმენით ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ. ჩვენ არ ვარბევთ ხალხს, ჩვენ არ ვართმევთ მათ ქონებას, ღამით არ ვუფორმებთ საპროცესო შეთანხმებებს, ხალხი არ გვყავს ტერორში და მათ პოლიციისადმი აქვთ ნდობა. თქვენ ახლა გამოდიხართ და თესავთ საზოგადოებაში პოლიციისადმი სიძულვილს და ნიჰილიზმს და ეს არ გამოგივათ. ამის უფლებას არ მოგცემთ“,-მიმართა ანრი ოხანაშვილმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ანრი ოხანაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა მიდის წინ იმ სისტემური განახლების ფონზე და იმ რეფორმების ფარგლებში, რასაც ახორციელებს სამინისტრო. „შეგახსენებთ იმ კანონპროექტებს რომლებიც ინიცირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ემსახურება ერთადერთ მიზანს, ჩვენი საზოგადოება იყოს უფრო მეტად დაცული, დაცულები იყვნენ განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა ყველანი. ჩვენი ამოცანაა, რომ წავიდეთ რეფორმებით წინ, ეს რეფორმები დაეფუძნოს პროფესიონალიზმს და ხარისხს. ამ რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს არის ერთადერთი სწორი გზა დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობის პროცესში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გამოსულმა ზაქარია ქუცნაშვილმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბების წევრების ცემის ფაქტების შესახებ და დაგმო მათი ქმედება. „თამბაქოს დააგდებს ვინმე ქუჩაში, პასუხს ვთხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ პოლიციამ უნდა აღმოაჩინოს და დასაჯოს. ნაგავს დაყრის ვინმე, პოლიციამ უნდა გააფორმოს ოქმი - დასაჯოს. ოჯახში ვინმე იჩხუბებს, უნდა მივიდეს ოჯახში და გააშველოს ცოლ-ქმარი და შემაკავებელი ან დამცავი ორდერი გამოწეროს. რესტორანში ვინმე მუსიკას აუწევს? პოლიცია უნდა გამოვიძახოთ, რომ მუსიკას დააწევინოს. აღარ ვლაპარაკობ ისეთ გავრცელებულ დარღვევებზე, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება და ა. შ. ანუ, ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, რომ ჩვენ ყველამ ერთად იმხელა ფუნქციები დავაკისრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხშირ შემთხვევაში, ჩემი აზრით, შეუსაბამო, რომ სამინისტრო ლამის ასცდა მის მთავარ ორიენტირს. მთავარი ორიენტირი უნდა იყოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და არა ნაგვის, სიგარეტის ნამწვავის დამყრელების ან რესტორანის ხულიგნებისთვის პასუხის მოთხოვნა ხმამაღალი მუსიკის სიყვარულის გამო. ასეთი რეალობა მივიღეთ ჩვენ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატმა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ საქმეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გახარია სულ 17 თვეა რაც მინისტრია და აქ კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლამის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მთელი ცოდვები აჰკიდეს მინისტრს. „ამ 17 თვეში რა შესძლო მან: პირველი და მთავარი - სტატისტიკის პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ იქნება. ყველა წინამორბედი მინისტრი, ჩვენიც და სხვებიც, სტატისტიკის პოლიტიკას მეტ-ნაკლები წარმატებით აწარმოებდნენ, რაც ჩემი აზრით იყო არასწორი და არ იძლეოდა დანაშაულის თაობაზე ობიექტურ სურათს. მეორე - პოლიციელები დაუცველები დატოვაო - არა თუ პოლიციელები დაუცველები დატოვა, მისი ინიციატივა იყო, რომ 23 ათას პოლიციელს ხელფასები მოვუმატეთ ყველამ ერთად, რა თქმა უნდა ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ამ აქტში, მათ არ მოუმატეს პოლიციელებს ხელფასი, მათ არ მისცეს ხმა ამ გადაწყვეტილებას კანონის სახით. გახარია არის პირველი მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვინც დაიწყო საბინაო მშენებლობის პროგრამა პოლიციელებისათვის, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ პატიოსან პოლიციელს უნდა ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ თავისი 25-წლიანი პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ მიიღებს საცხოვრებელ ბინას და დაიკმაყოფილებს ადამიანურ მოთხოვნას, რაც არის ბინაზე უფლება“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, არის პრობლემები და მთავარი გამოწვევა - ქურდობაა. ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ რაც მთავარია, მინისტრი ამ პრობლემას არ მალავს და მუშაობს მათ გადაჭრაზე. „თქვენი მოვალეობაა ბატონო გიორგი, თქვენს მოადგილეებთან ერთად, რომ ყველა ზომას მივმართოთ ამ დანაშაულის მაჩვენებლის მკვეთრ შემცირებისაკენ, რომ მომავალ წელს, როდესაც თქვენ წარსდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე, ჩვენ ასევე სიამაყით ვთქვათ, რომ როგორც ნარკოტიკის დანაშაულს შევუტიეთ ეფექტურად და 47 კგ. ჰეროინი და 10 კგ-მდე კოკაინი ამოიღეს ამ 17 თვის განმავლობაში ამ სამინისტრომ, ასევე მომავალ წელს ვაჩვენებთ საზოგადოებას იმ შედეგებს, რა შედეგებიც გვჭირდება დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა და გამოთქმული მოსაზრებები უმრავლესობის ლიდერმა შეაჯამა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინიტროში, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. მისივე შეფასებით, სამინისტროს და მინისტრის წინაშე ყოველდღიურად გამოწვევა დგას - ეს არის 24- საათიანი რთული პროფესია. სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პოლიციის საქმიანობის მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საზოგადოება უნდა იდგეს იმ ადამიანების გვერდით, ვის გარეშეც, ერთი დღე რომ წარმოვიდგინოთ ქვეყანაში, ვერც ბიზნესი, ვერც ჯანდაცვა, ვერც სოციალური მიმართულებები, ვერანაირი მიმართულება ვერ იმუშავებს. ეს უნდა გვქონდეს ყველას გაცნობიერებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამ კონტექსტში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპონენტებს დღეს არცერთი შეკითხვა არ დაუსვამთ იმ სფეროზე, რომელთან დაკავშირებითაც მინისტრი პლენარულ სხდომაზე ანგარიშით წარსდგა. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი, ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი და ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი არ არის რომელიმე პარტიული ამოცანა, ეს არის ამოცანა, რომელიც ყველა მოქალაქეს სჭირდება ჩვენს ქვეყანაში და პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა დგას. სამწუხაროდ, დღეს თქვენ ვერ დაანახეთ ვერც საზოგადოებას და ვერც თქვენს კოლეგებს პარლამენტში, რომ ეს ასე კარგად გესმით“,- მიმართა ოპოზიციის წევრებს არჩილ თალაკვაძემ.

ოპონენტთა განცხადებების პასუხად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პანკისის ხეობაში განხორციელებულ საპოლიციო მოქმედებებზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდისთვის კრიზისების მართვის დაწუნების უფლება არ აქვს. „მაჩვენეთ ერთი მოგვარებული კრიზისი თქვენი ხელისუფლების პირობებში და მერე გექნებათ უფლება, ვინმეს რომ დაუწუნოთ კრიზისების მართვა. რაც შეეხება ბატონ გახარიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, პანკისის საპოლიციო მოქმედებები იყო ზუსტად დაცვაზე ორიენტირებული საპოლიციო მოქმედება. თავიდანვე ამ მოქმედების ამოცანა იყო, რომ მოქალაქეები ერთ მხარეს და მეორე მხარეს, დაეცვათ ფიზიკური ძალადობისგან და ერთმანეთთან დაპირისპირებისგან და ეს ამოცანა პოლიციამ ზედმიწევნით შეასრულა და თავის თავზე მიიღო ის აგრესია და დარტყმა, რაც ყველამ დავინახეთ. ამიტომ, კრიზისების მოგვარებაზე როცა საუბრობთ, თქვენ ნამდვილად არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ვინმეს დაუწუნოთ კრიზისების მართვა, მით უმეტეს, ადამიანს, რომელიც ყველა რთულ სიტუაციაში პირადად არის იქ, სადაც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, ოპონენტთა მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, წინა ხელისუფლებამ შექმნა ვირუსი, რომელიც ქვეყნის ისტორიას სირცხვილად გაჰყვება.

ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თუ ერკვევით, უნდა გესმოდეთ, რომ რა ჩანაწერებიც თქვენ შექმენით, სად ინახავდით, ვის გადასცემდით ტელეფონებით და კასრებში ბოლოს როგორ აძველებდით, მართლა გგონიათ, რომ ხალხს მოატყუებთ, რომ ეს ჩანაწერები ზუსტად მაგ დროს არ არის გაჟონილი, გადატანილი და გადანახული? ჩვენ რომ გავანადგურეთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევა იყო, მაგრამ თქვენს მხარეს რაც დარჩა, რაც თქვენ უკანონოდ შექმენით და გაავრცელეთ, გგონიათ, რომ ის ჩანაწერები გაქრა ბუნებიდან? სამარცხვინო ვირუსი შექმენით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას დიდხანს გაჰყვება სირცხვილად, მაგრამ ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა ყოველთვის, ვერასდროს ვერ გადმოგვაბრალებთ მაგ ჩანაწერების ამბავს“,- მიმართა ოპონენტებს არჩილ თალაკვაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საპოლიციო სერვისების ხარისხის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს არის კომპლექსური ამოცანა. „ეს არის ამოცანა, რომ საპოლიციო სერვისების ხარისხი გაიზარდოს და ეს არის კომპლექსური ამოცანა. აქ საჭიროა ტექნოლოგიები, აქ საჭიროა სამართლიანი ანაზღაურება, აქ საჭიროა სოციალური პირობები და სწორი პოლიტიკის გატარება, რასაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიჰყვება თანმიმდევრულად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გალერეა

  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს
  • ფრაქციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მოხსენება შეაფასეს