გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

21 დეკემბერი 2018
გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს გიორგი გახარიას მოუსმინა შემდეგ საკითხებზე:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის ანგარიში; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე დასმულ საკითხებზე საუბარი.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ - საქართველოს პარლამენტს. მინდა გითხრათ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასდროს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა, ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კითხვების და დისკუსიების და რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ დისკუსიისთვის. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეულ ვალდებულებები 2018 წელზე და რა თქმა უნდა, ვთვლით ჩვენს თავს ვალდებულად გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შარშან დაიგეგმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს რეფორმა შემდეგი მიმართულებებით: სტრუქტურული რეფორმები, შინაარსობრივი რეფორმები, საკანონმდებლო რეფორმა და ინფრასტრუქტურა.

გიორგი გახარიამ 2018 წლის კონკრეტულ შედეგებზე და იმ მიზნებზე ისაუბრა, რაც დასახულია 2019 წელს.

მან ყურადღება გაამახვილა კრიმინალური პოლიციის რეფორმაზე და განაცხადა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა იყო ფუნქციათა აღრევა და სპეციალიზაციის არ არსებობა.

„სწორედ ამიტომ, რეფორმირების ფარგლებში, ჩვენ დავყავით რამდენიმე მიმართულება. პირველ რიგში ეს გახლავთ: საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული. დღეის მდგომაროებით, თბილისის მასშტაბით წლის ბოლოსთვის დასრულდება ამ ფუნქციონალური გაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის არის გამომძიებელი და ოპერატიული თანამშრომელს ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი. შესაბამისად, ამ რეფორმის ფარგლებში მოხდა გამომძიებლების ცოდნის და პროფესიონალიზმის გაზომვა და დაიწყო მათი გადამზადება ახალი პროგრამებით,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2019 წლის ბოლომდე სრულად დასრულდება ფუნქციების გამიჯვნა და ასევე, თბილისში დასრულდება ახალი ინსტიტუტის - მართლწესრიგის ოფიცრის იმპლემენტაცია.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის ნაწილში გრძელდება რეფორმირების შემდგომი ეტაპი და ეს რეფორმები შეეხება, როგორც ეფექტურობის ამაღლებას, ასევე ადმინისტრაციული პროცედურების ავტომატიზირებას და მათ სრულყოფას.

„ამ რეფორმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომელიც შეიქმნა საპატრულო პოლიციაში. მსგავსი რამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არ არსებობდა და დღეის მდგომარეობით, ჩვენი მოქალაქეები 50-მდე მომსახურებას იძენენ აბსოლუტურად ერთი ფანჯრის პრინციპით“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზღვრის დაცვა-სასაზღვრო პოლიცია.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინტეგრირებულ საზღვრის მართვა არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის. აქ ჩვენ გვაქვს სერიოზულ დახმარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ვიმედოვნებთ, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. აქ გაჩნდა ახალი მიმართულება - სანაპირო დაცვის კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ ჩვენ გადმოგვეცა ორი „აილენდის“ მარკის გემი და ეს ის საშუალებაა, რომელიც აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შევიდეს შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების ახალ ფორმატებში და გახსნას ნატოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება, რაც აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის არ არსებობდა. იმ გადამზადების ფორმატებით, რომელიც გააჩნია სასაზღვრო პოლიციას დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს პერიოდში - 2019 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვაზე ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში შექმნილ, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის საქმიანობაზეც ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს გარკვეულ მიღწევები და ეს ეხება ძირითადად ყველა სახის დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშულების გამოვლენას. ამ მიმართულებით კრიტიკულად შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი და 2018 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში არ ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან რეაგირება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორები ინფრასტრუქტურულ ნაწილში გადახალისდა.

„არ არსებობს არც ერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებს და დღეის მონაცემების ამ სისტემების მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში. 7-დან 14-მდე გაიზარდა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, სადაც არსებობს მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, ხოლო 2019 წლის ბოლომდე ყველა 29 დაწესებულებაში იფუნქციონირებს მუდმივი სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პოლიციის აკადემიაზე საუბრისას, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დაპირებისამებრ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია უკვე არის მხოლოდ პოლიციელების პროფესიული სასწავლებელი, მას ჩამოერთვა უმაღლესი განათლების ფუნქცია და ის თავიდან ბოლომდე კონცენტრირებულია პოლიციელების გადამზადებაზე.

მისივე თქმით, პრინციპულად შეიცვალა შინაგან საქმეთა სამინსიტროში მიღების წესი და პოლიციის აკადემია არის ერთადერთი კარიბჭე, მხოლოდ და მხოლოდ რისი გავლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება შინაგან საქმეთა სამინსიტროში მუშაობის დაწყება.

„პრინციპული სიახლეა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროში უკვე დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლგაზრდა, რომელიც იწყებს სწავლას პოლიციის აკადემიაში, ის უკვე იღებს ანაზღაურებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის ანგარიშში ისაუბრა საპოლიციო ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ კომპონენტზე.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს არცერთი პატრულ-ინსპექტორი, რომელიც არ იყოს აღჭურვილი სამხრე კამერით და სამხრე კამერით აღბეჭდილი ინფორმაცია ინახება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემაზე საუბრისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაპირებისამებრ, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება 1400 კამერა, 350 კილომეტრი საგზაო მონაკვეთის გადაფარული იქნება სექციური კამერებით, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო სისტემაში იმოქმედებს დაახლოებით 5000 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა და სრულად გადაფარული იქნება 700 კმ-მდე გზები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნება პოლიციის ახალი შენობები, ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი, განახლდება და თავიდან აშენდება ოთხი სასაზღვრო პუნქტი.

გიორგი გახარიამ ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფის საკითხზე, მათ შორის: სახელფასო ანაზღაურების გაზრდაზე, ბინათმშენებლობაზე, განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და სხვა. ასევე სამინისტროს საქმიანობაზე საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, უწყების მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ მწვავე კითხვებისთვის, და მწვავე დისკუსიისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს.

შეკითხვების დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მისი განცხადებით, ყველა ძალადობრივ ქმედებაზე და დანაშაულზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება, მათ შორის, ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე.

მისივე თქმით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია 26 პირზე.

გიორგი გახარიამ ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შესახებ, „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ საქმიანობაზე და კომისიის რეკომენდაციებზე.

მისი შეფასებით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა, იყო თუ არა მოხელეების მხრიდან სამოხელეო გადაცდომა და კომისიამ, სამწუხაროს, ეს ფაქტობრივად ვერ დაადასტურა.

„რეკომენდაციები დეტალურად შევისწავლეთ და აქ გვაქვს ორი ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი. ერთი ეს არის სამოხელეო ნაწილი და მინდა გითხრით, რომ შსს-ს აქვს აბსოლუტურად მკაფიო პოზიცია. ჩვენ ვთვლით, რომ სამოხელეო ნაწილში გამოძიება უნდა დაიწყოს და ჩვენ ვიქნებით ვინც მივა და გამოძიებას ჩვენებას მისცემს. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას ნაწილს, ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აქ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა ვმუშაობთ ძალიან აქტიურად“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაული იყო ტრაგედია და ოპოზიცია კი ამ საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობის საკითხზე საუბრისას, გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი საკმაოდ მძიმე პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ნარკოტიკული საშუალებების ამოღების მიმართულებით პროგრესი სახეზეა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა, ასევე, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე და ადამიანების გატაცების აღკვეთისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებზე.

გიორგი გახარიამ პასუხი გასცა 16 დეკემბერს, კახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც.

„16 დეკემბერს რაც მოხდა, ამაზე პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რომ ინაუგურაცია ექსცესების გარეშე ჩატარდა და ის მიზანი, რომელიც იყო ინაუგურაციის ჩაშლა, რაც იყო გაცხადებული, ეს მიზანი ვერ შესრულდა. ამაზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე აქციის დროს კარვების გაშლას, გიორი გახარიას განცხადებით. ამასთან დაკავშირებით გარკვეული უხერხულობა იყო, თუმცა დროებითი და დროში შეზღუდული.

„რა თქმა უნდა აქ იყო გარკვეული გამოწვევა, თუმცა კარავი არავისი თვითმიზანი არ ყოფილა. რეალურად, პოლიცია ყოველთვის ზრუნავს და იმ მომენტშიც ზრუნავდა აქციის მონაწილეებზე, თუმცა კარვების დადგმა-არდადგმა არ არის ერთადერთი კომპონენტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ან არშეზღუდვის. იქ იყო გარკვეული უხერხულობა, ამას ვაღიარებთ ერთმნიშვნელოვნად. ეს უხერხულობა იყო დროებითი და დროში შეზღუდული. ამას ვაღიარებთ. იყო ოპერატიული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია სასამართლოს მივაწოდეთ იმ საქმის ფარგლებში, რომელიც კარვებთან დაკავშირებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ყოფილ მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დაპირისპირება მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე და ამ კონკრეტულ ეპიზოდზე პროკურატურა მუშაობს.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, სიტყვით კომიტეტების წარმომადგენელები გამოვიდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, რეფორმები, რომელიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინიტროში, გაგრძელებაა იმ ზოგადი პოლიტიკის, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს პოლიციაში.

„პოლიცია ძირითადად მოქმედებს პრევენციულად. მიხარია, რომ ძირითადი საფუძველი, რაც ჩვენ ჩავდეთ 2013 წელს „პოლიციის შესახებ“ ახალ კანონში და რაც ითვალისწინებს პრევენციაზე ორიენტირებულ პოლიციას, დღესაც გრძელდება. ჩვენ ნელ-ნელა, ყოველწლიურად უფრო მეტად ვხვეწავთ იმ მექანიზმებს, რომელიც სწორედ, პრევენციულ საქმიანობაზე აკეთებს აქცენტს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიღწევებთან ერთად, არსებობს გამოწვევებიც.

„არ იყო ადვილი იმ უმძიმესი მემკვიდრეობიდან, ასე უცებ, რამდენიმე წელში სამართალდამცავი სტრუქტურების სერიოზული ტრანსფორმაცია. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა, გვჭირდება ბევრი რეფორმა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება ამ რეფორმებს ბოლომდე მიიყვანს. ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციის როლი ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არის საგნობრივი კრიტიკა და არა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლები და მასკარადი, რომელიც მათ დღეს მოაწყვეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეულ საქმიანობაზე.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ თავშეკავებას, იმ ადეკვატურობას, რეაგირების იმ ხარისხს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ გამოიჩინა სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში და მათ შორის, ინაუგურაციის პროცესის დროს. ეს არის გზა იმისკენ, რომ ჩვენ, ჩვენი ოპონენტებისგან ტრადიციულად გახლეჩილი საზოგადოება წავიყვანოთ სწორედ გაერთიანების, მართალია თუნდაც მწვავე პოლიტიკური პაექრობის, მაგრამ ყოველგვარი ძალადობის გარეში, ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით განვითარების გზით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის წარმატებული აღსრულების საქმეში პატრულის პრევენციულ ქმედებებს და თანამშრომლობას, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ძალიან დიდი როლი ჰქონდა.

აკაკი ზოიძემ იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, რეფორმირების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მოკავშირე იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვუყუროთ პროცესს, როგორ ხდება სისტემის საზოგადოების სამსხურში ჩაყენება, სისტემის გადაყვანა პრევენციულ მექანიზმებზე, ანალიტიკაზე და რისკის გაზომვის ღონისძიებების დანერგვა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, როგორც მინიტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაცვლელია და ამ საკითხზე, მომავალ წელს, სამინისტრომ და კომიტეტმა ერთობლივად უნდა იმუშაონ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მაღალი ემოციის და მაღალი მგრძნობელობის კონკრეტულ საქმეებს, როგორც გამოწვევას, გამკლავება სჭირდება სწორედ რეფორმით და სისტემური ხედვით.

ეკა ბესელიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, საზოგადოებაში პოლიციას ნდობის ხარისხი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე წინა პერიოდში ჰქონდა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპოზიციას შესთავაზა შინაარსობრივი საუბარი, კამათი, რის საშუალებასაც ახალი რეგლამენტი იძლევა, თუმცა ოპოზიცია დღეს შინაარსობრივ განხილვას გაექცა.

მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში ოპონენტებმა დარტყმა მოახდინეს როგორც ჯარზე ასევე, პოლიციაზე.

„მგონია რომ პოლიცია ჩვენ არ დავიცავით ისე, როგორც საჭირო იყო. ამით გარკვეულად მოვახდინეთ ჩვენი ოპონენტების, თუ გარკვეული ჯგუფების პროვოცირება. ეს უნდა ვთქვათ, ვაღიაროთ და აღარ დავუშვათ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მომავალი პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე.

„თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებულად დავიცვათ ადამიანის უფლებები, საითკენაც მივდივართ ჩვენ, ამასთანავე უნდა ვიყოთ გარანტი იმისა, რომ პოლიციაში იქნება რეფორმები, პოლიცია იქნება ორიენტირებული თვითგანვითარებაზე და ასევე, ჩვენი სახელმწიფო მთლიანად იქნება ორიენტირებული ამ მეტად მნიშვნელოვანი სიმბოლოს დაცვაზე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, პრევენციულ ღონისძიებებში უნდა ჩაიდოს ბევრი ინვესტიცია, რადგან ქვეყანას, რომელსაც მართლაც ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს, პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

რიგგარეშე სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს ფრაქციების წარმომადგენლებმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, არჩევნებში ჩართული იყვნენ კრიმინალები და ხელისუფლებამ არჩევნებში პედაგოგები გახადა საარჩევნო კამპანიის ნაწილად, სამსახურიდან დათხოვნის შიშით.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ ისაუბრა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერძაიას გარდაცვალების ფაქტზე და განაცხადა, რომ ამ საქმეზე დღემდე არავინ დაკითხულა და ეს ადამიანი გახდა „პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი“.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ირმა ინაშვილმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ მართლმსაჯულების აღსრულება უნდა მოხდეს ადეკვატურ ვადებში და არ შეიძლება სახელწიფომ აიძულოს ადამიანი გავიდეს ქუჩაში და არ შეიძლება ადამიანი უვადოდ ელოდოს სამართლიანობის აღდგენას.

ირმა ინაშვილმა ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ მოუწოდა.

„მთლიანად შესაცვლელია საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო. მე მივმართავ პარლამენტს, დავიწყოთ საკითხის განხილვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2020 წლიდან“ - განაცხადა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ კახიძის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით არ გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები. მისივე თქმით, გახმაურებულ ფაქტებთან დაკავშირებით არ ხდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.

„სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც იმედით შეჰყურებს საზოგადოება, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული როგორი იქნება ჩვენი შვილების უსაფრთხოება, როგორი იქნება ზოგადად გარემო ქვეყანაში, არ არის აღჭურვილი იმ პოლიტიკური მანდატით, რომელიც საჭიროა შესაბამისი ქმედებების განსახორციელებლად“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი მოსმენის დროს არ დასახელებულა პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის არც ერთი ფაქტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„მიხარია, რომ დღეს არ ყოფილა არანაირი პრეტენზია არც ერთი პოლიციელის მიმართ, რომ რაიმე სახის ძალადობა განხორციელდა კონკრეტულად რომელიმე პოლიციელის მხრიდან. ჩვენი გუნდის მიღწევაა, რომ ჩვენ შევძელით პოლიცია გაგვეთავისუფლებინა პოლიტიკური მოტივაციისგან, პოლიცია დაგვეცალა პოლიტიკისგან და გაგვეხადა მართლა ობიექტური, კანონის აღსრულებაზე ორიენტირებული დაწესებულება. ამ ადამიანებისთვის მთავარი არის კანონი და ის პრინციპები, რასაც საქართველოს კანონმდებლობა მათ განუმარტავს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საგამოძიებო უწყებებს, პარლამენტის დადგენილებაში გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

„პარლამენტმა დადგენილებით კონკრეტული რეკომენდაციები გასცა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვიწევს ამ საკითხზე ზედამხედველობის განხორციელება, რათა დადგეს შედეგი და ზაზა სარალიძეს, რომელსაც დღეს არ აქვს პასუხი იმაზე თუ ვინ მოკლა მისი შვილი - მიიღოს კონკრეტული პასუხები. მოვუწოდებ ყველა საგამოძიებო უწყებას მოახდინოს პარლამენტის დადგენილებაში გაცემული რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა გამჭვირვალე გახდა, რაც მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია.

„გამოწვევები არის, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევებს ვუსწორებთ თვალს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი შეფასებით, დღევანდელ მსჯელობას ჰქონდა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური დატვირთვა. „პოზიტიურია ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება მინისტრისთვის კონკრეტული, მწვავე კითხვები დაესვათ. ნეგატიური კი, იმ თვალსაზრისით, რომ ამ ყველაფერს თქვენ ვერ შეხვდით მომზადებულები“, - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმაც და მთვარობამაც მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, მზად არიან დემოკრატიის ახალი სტანდარტისთვის, რასაც ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები, შესაძლებელია, ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს მოვიდა ის დღე, რომელიც შესაძლოა ოპოზიციის წარმომადგენლებს ძალიან არ უნდოდათ რომ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ ამას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ საქართველოს პარლამენტი იქნებოდა ზუსტად ისეთი და შეძლებდა ზუსტად ისეთი პოლიტიკური დებატების თუ საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას, როგორიც დაიწყო კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხორციელების შემდეგ. ჩვენ გვაქვს ახალი რეგლამენტი, რომელიც რეალურად აუმჯობესებს პარლამენტის მუშაობას და ვფიქრობ, რომ დღეს მთვარობამაც და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამ შემთხვევაში, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მთავრობაც მზად არის ზუსტად ასეთი დემოკრატიისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა უფრო ძლიერი, უფრო შინაარსობრივ, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესის მოლოდინშია.

„დღესაც შესაძლებელი იყო ოპოზიციას დაესვა მეტი კითხვები რეფორმებზე, დაესვა მეტი კითხვები, თუ რა არის საქართველოში პოლიციის ხვალინდელი დღე. დაესვა მეტი კითხვები, თუ როგორი სტრატეგია და როგორი გეგმები აქვს შინაგან საქმეთა სამინიტროს. სამწუხაროდ, მთელი დრო თქვენ დაუთმეთ იმას, რომ თქვენთვის პოლიტიკურად საინტერესო საკითხები დაგესვათ. თუმცა, შესაძლოა ეს საკითხები არც ისე პოლიტიკურად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის დღის ბოლოს იმიტომ, რომ ბევრ საკითხზე თქვენ მიიღეთ პასუხები“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გამოსვლის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გამოვიდა.