გიორგი გახარიამ პარლამენტს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა

02 მაისი 2019
გიორგი გახარიამ პარლამენტს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მოსმენა გაიმართა.

მოხსენების დასრულების შემდეგ, მინისტრმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

გამოსვლებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული დრო დაეთმოთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, ცალკეულ დეპუტატებს, ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს.

რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა.

„პირველ რიგში, მინდა მივმართო საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ასევე მინდა მივმართო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მეხანძრე-მაშველს, თითოეულ მესაზღვრეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზთან დგას და პატრულირებს, თითოეულ რიგით თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მინდა გითხრათ, რომ დღეს თქვენ, ჩვენ, ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, ამ ქვეყანას უნდა მოვუაროთ ჩვენ, ყველამ ერთად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს შეუძლია პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სპეკულაციისთვის გამოიყენოს დავით გარეჯი, პანკისი, ცალკეული, კერძო, ინდივიდუალური ადამიანების ტრაგედია და ეს გააკეთოს მარტივად, მიზანმიმართულად, დაგეგმილად და ამით ეცადოს მიიღოს პოლიტიკური დივიდენდი.

მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა.

„თქვენ, მეგობრებო, თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეთ, რომ უდიდესი ღირსებაა ემსახურო საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას, მის ჯანმრთელობას და მის ხვალინდელ დღეს. ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში - ებრძვით ხანძარს, იცავთ საზღვარს, დგახართ საოკუპაციო ხაზზე, ებრძვით კრიმინალს, ეს არის უდიდესი ღირსების მატარებელი საქმე და მოგიწოდებთ ყველას, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ უფრო მხნედ, ორჯერ უფრო კონცენტრირებულად, უფრო ეფექტურად იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივცეთ საშუალება მათი ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა შეძლოს იზრუნოს თავის შვილზე, თავის ოჯახზე და შექმნას კეთილდღეობა ხვალინდელი დღისთვის“.

გიორგი გახარიამ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს სამინისტროს წინაშე დგას და მათი გადაჭრის გზებზე, რაც მისი განცხადებით, სამწუხაროდ ოპოზიციის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს.

„რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა ეს გამოწვევები იზრდება, დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ მოვედით და ვთქვით, რომ მზად ვართ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ვისაუბროთ და ამაზე არავის არანაირი რეაქცია არ ჰქონია. მაშინ როდესაც ვამბობთ, რომ ის რაც გავაკეთეთ სტატისტიკის ნაწილში, ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ანალიზზე დაფუძნებული შემდგომ მეორე ნაბიჯი გადაგვედგა სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების ნაწილში და ოპოზიციას ვუთხარით, მოდით ხალხნო, ერთად ვიმსჯელოთ. ამაზე საერთოდ საუბარი არ ყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ იმ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი მოსახლეობის ხვალინდელი დღის უსაფრთხოებაზე და როდესაც ვამბობთ ამ ტრიბუნიდან, სადაც შინაარსობრივად უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ ვხედავთ აუცილებლობას რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა რაღაც ნაწილში გამკაცრდეს და რაღაც ნაწილში გახდეს უფრო ეფექტური, ამაზე რეაქცია არ არის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაზე დიდი რისკი არის ის, რომ არ მოხდეს საპარლამენტო ზედამხედველობის დისკრედიტაცია.

„ეს არის უდიდესი რისკი იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის რომელმაც ერთმნიშვნელოვნად თქვა და გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს როგორც საპარლამენტო დემოკრატია, რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, უბრალოდ შინაარსს უკარგავს საერთოდ იმას, რომ პარლამენტში საერთოდ შესაძლებელია შინაარსობრივ პოზიტიურ დღის წესრიგზე მუშაობა და მე ეს დღეს აშკარად დავინახე“.

გამოსვლის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის თითოეული მოქალაქის. მისივე თქმით, ყველას საერთო მიზანია, რომ პოლიცია პოლიტიკურად იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური და ეფექტური.

„მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ყველასი - თითოეული მოქალაქის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.