პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს კენჭს ხვალ უყრის

13 ნოემბერი 2019
პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს კენჭს ხვალ უყრის

პლენარულ სხდომაზე დასრულდა საქართველოს პარლამენტის 93 წევრის ინიციატივით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განხილვა. 

კონსტიტუციური კანონპროექტი ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში.

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.

საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.

კონსტიტუციური კანონპროექტი არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას, რათა დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას
მომხსენებლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რისკებთან ერთად, უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს.

„მთავარი დადებითი მხარე მდგომრეობს იმაში, რომ პროპორციული სისტემის პირობებში ამომრჩევლის მხარდაჭერა ზუსტად, თითქმის პირდაპირპროპორციულად აისახება პარლამენტში განაწილებულ მანდატებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით:

  • პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს, წარმომადგენლობით ორგანოში შესაბამისად არის უზრუნველყოფილი პოლიტიკური პლურალიზმის მაღალი ხარისხი;
  • პროპორციული სისტემისას, არჩევნები მეტად არის ორიენტირებული პარტიების მიერ წარდგენილ პროგრამებზე;
  • პროპორციული არჩევნების დროს პარტიები არიან მოწოდებული აქტიურად იმუშაონ არა მხოლოდ იქ, სადაც ფართო მხარდაჭერით ან მაჟორიტარული არჩევნების მოგების შანსით სარგებლობენ, არამედ ყველა საარჩევნო ზონაში;
  • პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთ უწყობს ხელს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და პარტიული სისტემის განვითარებას, მის ინსტიტუციონალიზაცია;
  • თითქმის სრულად გამოირიცხება სახელმწიფოში ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება;
  • ასეთ შემთხვევაში, მეტ ქალს ეძლევა წარმომადგენლობის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტში.

„თითოეული ეს დადებითი მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველა სისტემას აქვს თავისი პლიუსები, თავისი მინუსები. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ის, თუ სად არის მეტი პლიუსი, სად არის მეტი მინუსი და ამის საფუძველზე მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის ცალკეული წევრები, კომიტეტების, ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის თაობაზე კენჭისყრის ხვალისთვის გადადება ითხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებმა, აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრის ხვალისთვის გადადებას პლენარულმა სხდომამ მხარი დაუჭირა.