პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა

31 მაისი 2019
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა

ინტერპელაციის წესით გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია მოვიდნენ. 

სხდომის დასაწყისში დამოუკიდებელმა და ოპოზოციონერმა დეპუტატებმა რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურები გააპროტესტეს. აღნიშნულთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილმა კოლეგებს მიმართა გამოეყენებინათ მათთვის პარლამენტის რეგლამენტით მიცემული უფლება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება დაეინიცირებინათ.

„ყველამ კარგად იცით, რომ პარლამენტი ვერ იმუშავებს დადგენილი პროცედურის გარეშე. ეს წესები გვჭირდება ზუსტად იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობას ჰქონდეს ორგანიზებული ფორმა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დისკუსიის დასრულების შემდეგ პარლამენტმა პრემირ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინა, რომელმაც უპასუხა ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ მიერ გადაგზავნილ შეკითხვებს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ დაზუსტების თაობაზე, ახალ საბანკო რეგულაციებზე და „თიბისი“ ბანკის საქმეზე.

მამუკა ბახტაძის თქმით: „საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლა არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი გუნდის ყველა წევრი მზად არის მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს თქვენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას“.

ამის შემდეგ მან საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ჩვენ გვსურს შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალქაქეებისთვის. მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ მიუღწევია საპენსიო ფონდის გარეშე, ეს არის ეკონომიკური კანონზომიერება. ასე, რომ აქსიომებზე დავას აზრი არ აქვს. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მომავალში უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული პენსია. უფრო მეტიც, 15 წლის წინ ამ კითხვის ავტორებს რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა და გამბედაობა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ამ დათქმული პერიოდის გასვლის შემდეგ ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული.
მან ასევე სადემონსტრაციოდ მოიყვანა ციფრები და ისაუბრა საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვის შესახებ, რომელსაც მართავს კომპეტენტური საბჭო.

მეორე შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც მისი შეფასებით განსაკუთრებით პრინციპული და მნიშვნელოვანია არის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. მან აღნიშნა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის თანახმად, რომელზეც ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდა, მთავრობას დაევალა, რომ შეედგინა იმ ადამიანების სია, რომლებმაც სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს ქართველი ერის წინაშე.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ სიას ჰქონდეს ძალიან დიდი წონა, რომ ჩვენს საერთშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი იმისათვის, რომ დაგვეხმარონ და მოხდეს ამ სიის რეალურ ცხოვრებაში იმპლემენტაცია“, - გაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს მისი და მთავრობის წევრთა არცერთი გამოსვლა საერთაშორისო ტრიბუნაზე, სადაც ამ თემას არ შეხებოდნენ. ამასთან დაკავშირებით მან ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს და წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ასევე თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-მ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. რაც, მისი შეფასებით, დიდი გამარჯვებაა.

რაც შეეხება საბანკო რეგულაციების შესახებ კითხვას, მან განმარტა, რომ ეს არ იყო რეგულაციები ბანკების მიმართ, არამედ ეს იყო ფინანსური სექტორის მისამართით გატარებული რეგულაცია. მან დეპუტატებს გაახსენა ფინანსთა მინისტრობის პერიოდში მისი ინიციატივის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა საპროცენტო განაკვეთების ჭერის დაწესებას, რომ არ ყოფილიყო უსამართლო თამაშის წესები, რაც 700 და 800 პროცენტიანი სესხების არსებიობას გულისხმობდა. ასევე, რომ ყოფილიყო ზღვარი ჯარიმებსა და საურავებზე და დარჩენილი 200 ლარიანი ვალის გამო ადამიანს სახლი არ დაეკარგა. ასევე შემოვიდა ზღვარი 200 ათას ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება და მოქალაქეებისთვის ქონოდა რეალური შედეგი.

პრემიერმისნიტრმა განაცხადა, რომ დღეს ჩვენს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი, 7%-იანი სესხი ადრე არსებული 21%-ის ნაცვლად.

რაც შეეხება „თიბისი“ ბანკის საკითხს, მისი განმარტებით ეროვნული ბანკის მოქმედებები იყო ლეგიტიმური. „კითხვის შინაარსი მოიცავს პოლიტიკურ სპეკულაციას. ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - “თიბისი ბანკის” აქციების ფასი. შეამოწმეთ და ნახეთ, როგორ უყურებენ აქციონერები საქართველოში “თიბისი ბანკთან” დამოკიდებულებას და საინვესტიციო გარემოს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მოდელის დანერგვას წინ უსწრებდა უამრავი მაგალითის შესწავლა, გარდამავალი ეკონომიკებისა და იმ ქვეყნების მაგალითებზე დაკვირვება, რაზეც აგებულია დანერგილი მოდელი. „ნებაყოფლობით შენატანებზე დაფუძნებული დაგროვებითი პენსიის დანერგვა საქართველოში იქნებოდა წინასწარვე წარუმატებლობისთვის განწირული. საპენსიო რეფორმას საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია და ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. რაც შეეხება პერსონალურ ჭრილში საკითხის განხილვას - ჩვენს ერთ შენატან ლარზე გვემატება 2, 75 ლარი, ამას კიდევ წლიურად 6-დან 7 პროცენტამდე ემატება. აქედან გამომდინარე ამ მოდელს ალტერნატივა არ აქვს“.

საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით კი ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების დადანაშაულება თითქოს ვინმეს აეკრძალა სესხის აღება, არის პოპულიზმი, რადგან პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემთხვევაში დღეს ჩვენი მოქალაქეები სესხს იღებენ თავისი შემოსავლების მიხედვით და ეს დასაფასებელია.

დამაზუსტებელი კითხვების შემდეგ მამუკა ბახტაძე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა.
შემდეგი ინტერპელაციით ფრაქცია „ქართული ოცნების“ მოწვევით პარლამენტის წინაშე წარდგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.

მინისტრს კითხვა ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაუსვა, რომელიც შეეხებოდა სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხს. მამუკა მდინარაძის თქმით, საზოგადოების წარმომადგენებთან შეხვედრისას, მოსახლეობა ხშირად მიუთითებს, რომ ქულების არასწორი მინიჭების შედეგად სოციალური დახმარება მოეხსნათ. მიუთითებენ, რომ რომელიმე პირს შეიძლება სოციალური დახმარება ისე არ სჭირდებოდეს, როგორც სხვას, ვისაც დახმარება მოეხსნა. –„მსურს დავსვა კითხვა, ხომ არ არის მეთოდოლოგია კიდევ უფრო მეტად დასახვეწი? ასევე, როდესაც პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებში ხვდებიან, არსებობს წუხილი, რომ შეიძლება გარკვეული მანიპულაციტეტების შედეგად იმაზე მეტი იხარჯებოდეს, ვიდრე ამის კონკრეტული საჭიროებაა. გვინდა თქვენი პასუხი ამის კონტროლთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტიანად ხდება კერძო დაწესებულებებში დაზღვევის თანხების ათვისება და რამდენად ეფექტიანია ჩვენი კონტროლი თანხების ხარჯვაზე? თუ არის დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებები, რომ პაციენტების მკურნალობისას თანხების ხარჯვა უფრო გაუმჯობესდეს?“.

დავით სერგეენკომ მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ ისაუბრა. განმარტა რა მეთოდოლოგიით ხდება ქულების დაანგარიშება. - „აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის ვერც სოციალური დახმარების მინიჭების. ასე, რომ არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება და შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება. ამის პროცენტიც იზომებოდა წლების განმავლობაში და 2015-2016 წლებში ცვლილებების გატარებამდე, ეს იყო 5,1% და ახლა შემცირდა 2,7%-მდე, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი ცდომილებაა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება“.

მინისტრის განცხადებით სოციალური დახმარების მინიჭების არსებული მეთოდოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რთულად გასაგები ფორმულაა. მისი თქმით, 2015 წელს სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიაში ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, 108 ათასიდან 157 ათასამდე გაიზარდა. მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ღარიბი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა.

კერძო სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვევის თანხების ეფექტურ ათვისებასა და ამ მიმართულებით კონტროლის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების კონტროლს რამდენიმე ეტაპზე ახორციელებს.

დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ გაკეთდა განცხადებები.

დავით სერგეენკო დასკვნითი სიტყვით გამოვიდა. რის შემდეგაც უმრავლესობის სახელით სოციალურ სფეროში არსებულ მდგომარეობაზე დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის საკითხზე აკაკი ზოიძე გამოვიდა.

საკითხის ამოწურვის შემდეგ შემდეგი ინტერპელაციით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გამოვიდა. მის მიმართ კითხვა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა და ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებულ დარღვევებზე ცესკოს მიერ რეაგირების საკითხს ეხებოდა.

ცესკოს თავმჯდომარეს კითხვები ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დაუსვა. მისი თქმით, ცესკო არ რეაგირებს წინასაარჩევნიო კამპანიის დროს არსებულ დარღვევებზე. -„იცის თუ არა ცესკომ როგორ ძალადობდნენ ამომრჩევლებზე და მათი მხრიდან თუ ყოფილა რეაგირება ამ და სხვა დარღვევებზე?“ მან ასევე იკითხა რატომ ხუჭავს ცესკო თვალს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას არსებულ დარღვევებზე და ზოგადად ამ შუალედური არჩევნების პერიოდში რა დარღვევები აღმოაჩინა კომისიამ?

თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივი საარჩევნო კომისიების დონეზე კანონის შესაბამისად, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს, ამდენად ზოგი აქ გაჟღერებული კითხვა საერთოდ ცდება ცესკოს კომპეტენციას.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია დროულად და კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენს რეაგირებას არსებულ განცხადებასა თუ საჩივრებზე. ასევე, სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც.

„მოცემული კონკრეტული კითხვიდან გამომდინარე, როგორც ამას ინტერპელაციის წესი მოითხოვს, მოგახსენებთ, რომ საარჩვნო კოდექსის მეორე მუხლის ქვეპუნქტებში მოცემულია ზუსტად ის ტერმინები და განმარტებები, რომელიც კამპანიას უკავშირდება და რაზეც იყო დასმული კონკრეტული შეკითხვა“, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ და განმარტა წინასაარჩევნო კამპანიის არსი.

მისი თქმით, 2019 წლის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართა 12 საარჩევნო ოლქში. იმ პერიოდში შემოსული განცხადებების და საჩივრების სიღრმისეული შესწავლის შედეგად არც ერთი დარღვევა არ დადასტურდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის 19 მაისს ადგილი ჰქონდა საარჩევნო კომისიაზე ზეწოლას და მის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, ასევე ცრუ ბრალდებებს და, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დაადასტურეს, არც ერთი დარღვევა კომისიის მხრიდან არ ყოფილა.

დაისვა დამაზუსტებელი კითხვები, რაზეც ასევე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ.

ცალკეული დეპუტატებისა და ფრაქციების მხრიდან გაკეთდა განცხადებები.

საკითხის ამოწურვის შემდეგ სდომამ მუშაობა დაასრულა.