პარლამენტის პლენარული სხდომა

17 სექტემბერი 2019
პარლამენტის პლენარული სხდომა

პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა, რეგლამენტის თანახმად, დეპუტატების განცხადებებს დაეთმო.

პოლიტიკური განცხადებები
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში: „გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, 2019 წელი იყო ისტორიული წელი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმისთვის. მე-9 მოწვევის პარლამენტის განხილვების პირველივე დღეებიდან ჩვენი კომიტეტი ყურადღებას ამახვილებდა დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის აუცილებლობაზე, თუკი ჩვენ გვქონდა პრეტენზია, რომ მომხდარიყო ფუნდამენტური რეფორმები განათლების სისტემაში. ეს გადაწყვეტილება 2019 წელს არის მიღებული და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მამუკა ბახტაძეს გადავუხადო მადლობა. სულ რამდენიმე დღეში 30 ათასზე მეტი პედაგოგი მიიღებს გაზრდილ ანაზღაურებას, და ათასობით დამსახურებულ პედაგოგს ჩვენ ღირსეულად გავაცილებთ სისტემიდან. საპენსიო რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განათლების სისტემაში, მე ვფიქრობ, არ მარტო საქართველოსთვის იქნება წარმატებული, არამედ გახდება მაგალითი, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნებისთვის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, უფრო გლობალურად“.

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია: „დეცენტრალიზაციის რეფორმა არის გზა იმისა, რომ ჩვენი რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ გახდეს უფრო მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმისთვის, რომ ის საკითხები, რასაც მთელი ზაფხულის განმავლობაში, ჩვენი გუნდის მიერ მოსახლეობასთან რეგიონებში შეხვედრების დროს, ხალხისგან ვისმენდით და დავალებების სახით მივიღეთ - უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად და უფრო შედეგიანად მოგვარდეს. საკითხები, რომელიც ეხება წყალმომარაგებას, გაზიფიცირებას, სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწებს, ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებს, განათლების ინფრასტრუქტურას და ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისთვის ახალ შესაძლებლობებს რაც თავის მხრივ, ნიშნავს საშუალებებს დასაქმების ადგილების შექმნისთვის. დეცენტრალიზაციის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ორგანოებია და ყველაზე უფრო ახლოს მდგომი რგოლია, ექნებათ მეტი შესაძლებლობები, გადაეცემათ თანდათანობით მეტი რესურსი, როგორც კომპეტენციების ასევე, ქონებრივი, ფისკალური, ფინანსური თვალსაზრისით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე მიიღებს ყველაფერს, რაც მისთვის აუცილებელია და რაც უნდა უზრუნველყოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მიიღებს ახლოს სახლთან და მიიღებს უფრო სწრაფად“.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი: „მინდა გამოვხატო ის დიდი სიხარული, რომელიც ამ დღეების განმავლობაში თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა. ეს იყო ჩვენი მოჭიდავეების ბრწყინვალე წარმატება. ლაშა გობაძემ და ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეს. ასევე, მინდა ლუხუმ ჩხვიმიანთან დაკავშირებით გითხრათ, რომელმაც ასევე მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა იაპონიაში, ძიუდოს დედაქალაქში - ტოკიოში. იქვე მონაწილეობა მიიღო ლიკა მაისურაძემ. ეს იყო ქართული ძიუდოს აღმოჩენა. ამ ახალგაზრდებმა საქართველოში ექვსი ოქროს ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს. ეს არის უდიდესი წარმატება და ასევე აღსანიშნავია ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც პირველად მოიპოვა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე. ეს იმას, ნიშნავს რომ ძიუდოს ძალიან საამაყო მომავალი აქვს“.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ძალიან მკაფიოდ გვითხრა დღეს NDI-ის გამოკითხვამ, როდესაც ჩვენი მოქალაქეების 63% ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს როგორც ცუდს და საგანგაშოს, როცა ჩვენი მოქალაქეების ნახევარზე მეტს უჭირს კომუნალური გადასახადების გადახდა. უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, პენსიის, ხელფასების სიმცირე - ეს არის ის პრობლემები, რომელიც არათუ ვერ დაძლია „ქართულმა ოცნებამ“, არამედ გააუარესა 7 წლის განმავლობაში და ამის მკაფიო ინდიკატორი არის ქართული ეკონომიკის ბარომეტრის ლარის მდგომარეობა, რომელიც თვალსა და ხელს შუა გვეცლება“.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - თავმჯდომარის მოადგილე, ლელა ქებურია: „ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ ქვეყნის მთავარ გამოწვევას უსაფრთხოება და სიღარიბე წარმოადგენს. ამ პრობლემების სრულად გადაწყვეტა თუ არა ნაწილობრივ მაინც შეუძლია ანაკლიის პროექტს. ანაკლია ქვეყნის უსაფრთხოების განზომილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ქვეყნის მომავლის პროექტია და ყველა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს“.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ადა მარშანია: „საპარლამენტო ტრიბუნიდან გვინდა გავაჟღეროთ ის მკაფიო გზავნილები, რომელიც გახმოვანდა „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ამერიკის საელჩოსთან, რომელიც არც ანტიამერიკული იყო და არც დესტრუქციული. დაინახეთ ქართველი ხალხი და დადექით იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და არა იქ, სადაც დგას და არიან მკვლელები, მწამებლები, მავნებლები და პროვოკატორები სააკაშვილების და ბოკერიების სახით. შეწყვიტეთ მათი მფარველობა, შეწყვიტეთ მათ მიერ შექმნილი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დახმარება, სად არის აქ ანტიამერიკანიზმი!? “

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე: „დღეს გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, რომელიც ფაქტობრივად, აჩვენებს, რომ დასასრულისკენ მიდიხართ. ეს არის ვერდიქტი თქვენი 7-წლიანი მუშაობისა, რაც NDI-ს კვლევის სახით ვნახეთ. მეორე მხრივ, ეს ასახავს ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ ვითარებას“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი: არსებობს ასეთი ორგანიზაცია – წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“. როდესაც ჩავდივარ საოკუპაციო ხაზთან და ვხვდები თქვენგან მიტოვებულ ადამიანებს მიტოვებულ სოფლებში, ვხვდები, რომ ყველა მათგანი ამ ცენტრის მადლობელია. ცენტრი ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან რუსული ოკუპაციის მსხვერპლი, არიან ნაწამები იმ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, რომლის მიმართაც სანქციების შემოღებას თქვენ გუშინ მხარი არ დაუჭირეთ. არ დაუჭირეთ მხარი ცენტრს, რომლის მსხვერპლებისთვის უშუალო დახმარების გარდა, მათ მიერ მიცემული ჩვენებები გამოყენებულია მათ შორის სტრასბურგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. თქვენმა ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოუცხადა ომი, მიუგზავნა კომისია, ცდილობს, რომ ამ ორგანიზაციას წაართვას ლიცენზია და ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ამ ცენტრმა განაცხადა მზადყოფნა, რომ 20 ივნისს დაზარალებულ ადამიანებისთვის გაეწია სამართლებრივი დახმარება“.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი: „როგორ შეიძლება, აღშფოთება არ გამოხატო იმაზე, რასაც ახლა ვუყურებთ და რაც გუშინ, ევროინტეგრაციის კომიტეტზე ხდებოდა. ე. წ. ევროპული და პროდასავლური ძალების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, სხვა არაფერია, თუ არა პრიმიტიული მცდელობა იმისა, რომ წარმოაჩინონ საკითხი ისე, თითქოს ვიღაც ბლოკავს იმ პროცესს, რასაც ქვია დეოკუპაციის ნაწილი და თითქოს მათი მცდელობები, რომ ასეთი გულანთებულები ებრძვიან, ასე ვთქვათ, მონსტრს და ურჩხულს ჩვენი სახით. ძალიან კარგად იციან ის, რომ ამ რეზოლუციის კონკრეტული შედეგები შეიძლება საერთოდ არ იყოს არაფრის მომტანი, მაგრამ გათვლილი არის კონკრეტულად ემოციურ ფონზე საზოგადოებაში, იმიტომ, რომ ოკუპაცია ძალიან მტკივნეულად გადის თითოეული ჩვენი მოქალაქის ემოციაზე და შესაბამისად, ამ ემოციური ფონით მანიპულირების სურვილით არიან აღტკინებული და შესაბამისად, გუშინდელი დღე სხვა არაფერია, თუ არა ამის მცდელობა“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე: „საქართველოში, გაძლიერდნენ პროპუტინური ძალები. თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, თქვენ შეაქმნევინეთ ფრაქცია. იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებთ ისეთ გამოცემებს, რომლებსაც აქვთ რუსული „მესიჯ ბოქსი“. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში თქვენს მიერ გაჩნდა ნარატივი, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ისეთი პრეზიდენტი დაგვისვით, რომელიც ამ გზავნილს იმეორებდა“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე: პრორუსული კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე. ორმაგი სტანდარტია, რომ თქვენი დანაყოფები, „ევროპული საქართველო“ და საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“, თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს „ქართულ ოცნებასთან“ და თქვენი გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ შეეკვრება პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოს და დაამარცხოს. დადარაჯებული არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოცდეს ომის თემაზე. რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ და მეორე მხრივ, ორივე შტო ნაცმოძრაობის, ყველაზე საშინელ დანაშაულს თავის მმართველობის პერიოდში ჩადენილს, აქეთ ამისამართებენ. ვითომ ეთანხმებით პრაგმატულ პოლიტიკას და დასავლურ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ამ დროს, კვარტალში ერთხელ შემოაგდებთ ისეთ თემას, სპეკულაციურს აბსოლუტურად, რომლის შედეგები შეიძლება დამაზიანებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართული და არა ოკუპანტი სახელმწიფოსთვის. ერთი მხრივ, ლაპარაკობთ დასავლურ ღირებულებებზე და კომიტეტზე, გიგა ბოკერია კი შეურაცხყოფას აყენებს და განადგურებით ემუქრება სოფიო ქაცარავას. მერე გამოხვალთ და დასავლურ ღირებულებებზე და მაღალ მატერიებზე ლაპარაკობთ ისეთი პათოსით, თითქოს მართლები იყოთ და გჯეროდეთ თვითონვე რასაც ლაპარაკობთ. გმობთ ხოლმე სპეკულაციურ განცხადებებს და ისეთი პათოსით გამოდიხართ აქაც, თითქოს ეს სპეკულაციები ძალიან გაღიზიანებთ და ამ დროს, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, პენსიების ზრდაზე და შესაბამის რესურსზე ილაპარაკა და მეორე თუ მესამე დღეს გამოდის თქვენი ლიდერი და ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, პენსიები გავზარდოთო. სპეკულაციის მეტი ხარისხი ალბათ წარმოუდგენელია“.

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია: „მე მინდა თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კოორდინაცია გაუკეთოთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს, რომ იურიდიული კომიტეტი, რომელიც შემდეგ ორშაბათიდან აპირებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან ინტერვიუები დაიწყოს, არ იყოს ნაჩქარევი, არ იყოს ფორსირებული, არ იყოს იმაზე უფრო დაბალი სტანდარტის ვიდრე ეს ჰქონდა იუსტიციის საბჭოს. ეს პროცესი უნდა იყოს მართლაც არსებითი, შინაარსობრივი დატვირთვით და ყველას უნდა მიეცეს საშუალება დაინახოს ვის ირჩევს უვადოდ უზენაეს სასამართლოში. ამიტომ, ბატონო არჩილ, წინასწარი კონსულტაციები როცა გექნებათ, ურჩიეთ იმ ადამიანებს ვინც ხმა უნდა მისცეს როგორი პროცედურებით წარიმართოს კომიტეტზე ინტერვიუები“.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი, ემზარ კვიციანი: „მინდა შევეხო 8 სექტემბრის მოვლენას, როდესაც თავს დამესხა გაურკვეველი ჯგუფი, ლანძღვა-გინებით, სტვენით, რუსეთის მონობით, აგენტობით, ბრალდებებით და რა თქმა უნდა, ამ დარბაზში მყოფი ადამიანების შეკვეთით, გიგა ბოკერია რომ ბრძანდებოდა და სუს-ის მხარდაჭერით. მაინტერესებს, რატომ არის სულ, რომ რუსეთის ხსენება მიდის ამ ადამიანებისაგან. ვისაც გინდა, იმას დააბრალებენ პრორუსულობას, აგენტობას. თავდასხმა თავდაცვის ყველაზე დიდი საშუალება არისო. რომელი რუსეთი და პრორუსულობა შეიძლება იყოს იმაზე მეტი, რომელმაც 22% ტერიტორიები ჩააბარა, რომელი პრორუსი უნდა იყოს იმაზე მეტი, რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი მთლიანად ხელში ჩაუგდო რუსეთის მოქალაქეებს. ეს ადამიანები აქეთ გვაბრალებენ და იარლიყებს იტყორცნებიან“.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი: „ბატონო სერგო ხშირად გამოდით ხოლმე ამ თქვენი დემოკრატიული „სფიჩით“, რაც კიდევ ერთხელ, თვალნათლივ აჩვენებს იმ ფუნდამენტურ განსხვავებას, რაც ჩვენსა და თქვენს შორის არის. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის შტურმის თემასთან დაკავშირებით, დადგით რაღაც სპექტაკლი და სტვენით იყავით დაკავებული. თქვენ და თქვენმა კოლეგებმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2016 წელს, ძალიან კარგად იცოდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ცოდვების რიგი აწევს მხრებზე, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის სახელით, დღეს თქვენ ზიხართ პარლამენტის დარბაზში, გვმოძღვრავთ და გვესაუბრებით დემოკრატიაზე. თავის დროზე, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდით, რა ცოდვები აწევს ამ პოლიტიკურ ძალას, აი ამ ცოდვების აღიარებით ხართ დღეს აქ წარმოდგენილი. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით, არის ის ფუნდამენტური განსხვავება, რაც თქვენსა და ჩვენს შორის არის. აქ ვსაუბრობთ ხოლმე პროდასავლურ და პრორუსულ მიდგომებზე და დამოკიდებულებაზე და სირცხვილია, მართლა. სირცხვილი იცით რა არის? თქვენი სურვილია, რომ ეს ქვეყანა იყოს ჩამოქცეული და მოსახლეობა იყოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ, რომ როგორმე მოახდინოთ თქვენი პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია ეს არის თქვენი ძირითადი სტრატეგია. ამიტომ არის მთელ უბედურებაზე რომ გვესაუბრებით და იცით რა არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის? რომ თქვენს მიერ დახატულ ამ აპოკალიფსურ სურათის საპასუხოდ ჩვენ ვიღებთ ევროკავშირის და ნატოს მხრიდან საქართველოს რეფორმების სრულ აღიარებას“.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ლევან კობიაშვილი: „მინდა ორ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. პირველი ეხება ადამიანს, რომელმაც წლების განმავლობაში ძალიან გვასახელა, ძალიან გვეამაყება და დიდი ბედნიერება იყო ამ ადამიანის კარიერის თვალყურის მიდევნება, ვსაუბრობ ზაზა ფაჩულიაზე, რომელმაც დაასრულა კარიერა და მინდა ჩვენი სახელით მადლობა გადაუხადო იმისთვის რაც გააკეთა თავისი კარიერის განმავლობაში. მეორე საკითხი - ძალიან მალე, რამდენიმე დღეში იაპონიაში დაიწყება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და მინდა ჩვენ ღირსეულ ბიჭებს წარმატება ვუსურვო“.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე: „რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებს არანაირად არ ვაბრალებ საქართველოს ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ყველა ნაბიჯი გადადგით დაწყებული ჯაშუშების გათავისუფლებით, გაგრძელებული ყველა ფორმატში დაბრუნებით, „გაზპრომის“ შემოყვანით და მათთან კონტრაქტების გაფორმებით, გაგრძელებული ყველა დათმობით, რომელიც შეიძლებოდა რუსეთის მიმართ გაგეკეთებინათ და ბოლოს, გავრილოვი ამ სავარძელში ჩასმით დააგვირგვინეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა ის ქმედებები, რომელსაც რუსეთი ახორციელებს არის მათი ბრალი და არა თქვენი ბრალი“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი: „რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ არ არის უმტკივნეულო - ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა, რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვთ. დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს“.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ პლენარული სხდომა კანონშემოქმედებითი პროცესით გაგრძელდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, სამსახურს ემატება ახალი ფუნქციები და შესაბამისად, კანონში შემოდის ახალი ტერმინები „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი/საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი“ და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი/გამომძიებელი“. მისივე განცხადებით, კანონპროექტი ასევე აწესრიგებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემის დანერგვასთან, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების მოადგილის ფუნქციებთან და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიერ გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - „ვახტანგ გომელაურისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ წარმოადგინა.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატებს მესამე მოსმენით, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი რედაქციული ცვლილებებით გააცნო. მანვე „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე ისაუბრა.

პლენარული სხდომის პირველი ნაწილი კენჭისყრის პროცედურებით დასრულდა. პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს და მიიღეს კენჭისყრისთვის მომზადებული საკითხები, მათ შორის,„ვახტანგ გომელაურისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელიც 78 ხმით, ერთხმად იქნა მიღებული.

შესვენების შემდეგ პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს გაეცნენ. პარლამენტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა.

ადა მარშანიამ კი კოლეგებს, ასევე მეორე მოსმენით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა პარლამენტის წევრმა, გოგა გულორდავამ. სხდომის დასასრულს კი, პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ მესამე მოსმენით საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოადგინა.

პარლამენტის შემდეგი პლენარული სხდომა 18 სექტემბერს, 12.00 საათზე გაიმართება.

გალერეა

  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 17 სექტემბერი