პარლამენტის პლენარული სხდომა

23 მარტი 2018
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 115 ხმით, ახალი რედაქციის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

დეპუტატებს საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. 

„წარმოგიდგენთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციურ კანონს. როგორც მოგეხსენებათ, მეორე და მესამე მოსმენებს შორის შესაძლებელია კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა, შესაბამისად, წარმოგიდგენთ მხოლოდ და მხოლოდ რედაქციულ ცვლილებებს კონსტიტუციურ კანონპროექტში“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ. 

ცვლილებების მიზანია ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტში შესატანი რედაქციული ხასიათის ცვლილებები გააცნო და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. 

საქართველოს პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, 115 ხმით, ერთხმად მიიღო. 

„კოლეგებო, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა ძალიან რთული და ხანგრძლივი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ ძალიან დახვეწილი ევროპული ტიპის კონსტიტუცია მივიღეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტზე კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. 

კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, პოზიციები ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, წარმოადგინეს.

„მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს, უფრო ძლიერ კონსტიტუციურ სისტემას, უფრო ძლიერ დემოკრატიულ სისტემას და ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ფართოდ იქნება სხვადასხვა ინტერესები წარმოდგენილი ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში და ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი კანონპროექტს გენდერული კვოტირების შესახებ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის წარმოდგენილ კანონპროექტს მყარად უჭერს მხარს. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის სტატისტიკური მაჩვენებელი შემაშფოთებელია და მდგომარეობის გაუმჯობესება კვოტირების ამოქმედების გარეშე ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება. მისი განცხადებით, ქალთა მონაწილეობის ზრდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არის ქვეყნის საერთო პროგრესის მნიშვნელოვანი ინდიკატორი და შესაბამისად, ეს არის ცვლილებების სასარგებლოდ წარმოდგენილი ერთ-ერთი მყარი არგუმენტი.
 
„ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი ჩემთვის, რომელიც მიმყარებს რწმენას, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ გავზარდოთ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში და ამის გაკეთება იქნება ძალიან რთული და წაიღებს ძალიან ბევრ დროს გენდერული კვოტების ამოქმედების გარეშე და ეს პროცესი იქნება ნელი. თუ ჩვენ გვინდა, რომ სწრაფ წინსვლას მივაღწიოთ ამ მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ზუსტად ამას უზრუნველყოფს კვოტირების შემოთავაზებული მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს პარლამენტის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ საქართველოს პარლამენტში 15%-ით არიან წარმოდგენილი ქალბატონები, არ არის ბუნებრივი მდგომარეობა და ეს მოცემულობა არ ასახავს საზოგადოებაში არსებულ ვითარებას, არსებულ ბალანსს და რეალურ მდგომარეობას. კვოტირების საშუალებით კი მოხდება ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ქალებში არის იმაზე მეტი რესურსი და პოტენციალი, ვიდრე ამის საპარლამენტო ცხოვრებაში გამოყენება ხდება და ამ სამწუხარო რეალობას, სჭირდება ცვლილება და ამ რესურსს სათანადო გამოყენება.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხზე გამართული დისკუსიისას კვოტირების საწინააღმდეგო არგუმენტები არ იყო დამაჯერებელი, ინიციატივის სასარგებლო არგუმენტები კი მეტყველებს იმაზე, რომ ცვლილება ამ მიმართულებით აუცილებლად გასატარებელია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა პროგრესიც, რომელიც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს, თუმცა, მისი თქმით ეს არ არის საკმარისი. წარმოდგენილი ცვლილებებით კი მოხდება დასავლურ სტანდარტებთან დაახლოვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრემიერ -მინისტრს გენდერული კვოტირების საკითხის ღია მხარდაჭერისთვის. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ასევე გადაუხადა მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას გენდერული კვოტირების საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კანონპროექტის განხილვის დროს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც საჭიროა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქალები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი ნომინალურად არიან წარმოდგენილი. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ქალები ყველაზე მეტად არიან ძალადობის მსხვერპლი და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას დაეხმარება პრობლემების გადაწყვეტაში. 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ერთი საუკუნის წინ, მაშინ როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანას ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლებაც კი არ ჰქონდა დადგენილი, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყვენენ ქალები. მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომაროებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ყველაზე უკანასკნელი არიან ქალთა მონაწილეობის კუთხით მსოფლიო ქვეყნების სიაში. 

„ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომლებზეც მე ვსაუბრობდი, ჩვენს ქვეყენას არ ეკადრება მარტივი მიზეზის გამო - ჯერ კიდე 100 წლის წინ, ერთი საუკუნის წინ, ჩვენი ქვეყანა იყო სამაგალითო ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. 100 წლის წინ ჩვენ გვყავდა პარლამენტის წევრები ქალები, მაშინ როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანას ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლებაც კი არ ჰქონდა დადგენილი. ჯერ კიდევ 100 წლის წინ საქართველოში ჩამოდიოდნენ ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვადსხვა ქვეყნებიდან, რომ ენახათ ის ძალიან შთამბეჭდავი ქალთა მოძრაობა, რომელიც ძალიან ძლიერი იყო მაშინ საქართველოში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც საქართველოში 100 წლის შემდეგ იგივე მოცემულობა გვაქვს, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო განვითარდა. თუ მაშინ ჩვენ სამაგალითო ვიყავით, დღეს ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე უკანასკნელი არიან ქალთა მონაწილეობის კუთხით მსოფლიო ქვეყნების სიაში. და მართლაც, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება - 114 ადგილი 144 ქვეყნიდან. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაგვეხმაროს ჩვენ ამ არსებული პრობლემების დაძლევაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, სავალდებულო კვოტირების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც არცერთმა წამახალისებელმა ნორმამ არ იმუშავა.

გამოსვლის ბოლოს, თამარ ჩუგოშვილმა მამაკაც კოლეგებს მიმართა და საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა სთხოვა.

კენჭისყრის პროცედურაზე გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ორგანული კანონის პროქტი მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარი,ს ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი მომავალ კვირას აუცილებლად დაუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს და კანონპრორექტის ინიცირებას უმრავლესობა მოახდენს.

„მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა ორგანული კვოტირების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს. პრინციპი იქნება იგივე - 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში, 2024 წლის მოწვევის პარლამენტში 1/3 წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის პარალელურად პარლამენტის ქუთაისის სასახლის ფოიეში, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა გამოფენა - „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) გამოცდილება“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ისტორიულ მასალა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს მოღვაწე პოლიტიკოს ქალთა და პოლიტიკურ აქტივისტთა პორტრეტები, საკანონმდებლო ინიციატივები, მათი პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი წერილები. გამოფენილი იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიები და საერთაშორისო თანამშრომლობის ამსახველი ფოტოები.
პლენარულ სხდომაზე, დღესვე, კენჭი ეყარა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილ კანდიდატურებს. 

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორი კანდიდატი - უმრავლესობის წარდგინებით - ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესმა საბჭოს კვოტით - ბესიკ ლილუაშვილი აირჩია. 

ზაზა შათირაშვილი უმრავლესობის კვოტით, 103 ხმით დაამტკიცეს (8 - წინააღმდეგი), რაც შეეხება ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურას, ის 101 ხმით (5 - წინააღმდეგი) აირჩიეს.

პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა კაკაბაძის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა. დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ზვიად დევდარიანის კანდიდატურასაც (3-მომხრე, 45-წინააღმდეგი). 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტში შესაბამისი განცხადება არ შესულა, რის გამოც დევდარიანის კანდიდატურა კენჭისყრაზე დადგა. 

„არჩეულია ორი კანდიდატი. ზაზა შათირიშვილი და ბესიკ ლილუაშვილი. ისინი უფლებამოსილებას შეუდგებიან 2018 წლის 18 აპრილიდან. რაც შეეხება უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრებს და სახალხო დამცველს, მათ შეუძლიათ 10 დღის ვადაში წარმოადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.

პლენარულმა სხდომამ მუშაობა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით განაგრძო.

დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს.

2017 წლის 30 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელსაც დაემატა ახალი 77¹ და 77² მუხლები და დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრა.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, 2017 წლის 1 სექტემბრიდან კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქციას ასრულებდნენ შსს ორგანოები, 2018 წლის 1 აპრილიდან ეს პასუხისმგებლობა უნდა გადასცემოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ვერ მოასწრეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელება, რათა შსს დან გადმოებარებინათ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდოამრემ, ეკა ბესელიამ, კოლეგებს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის განცხადებით, ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დაზუსტდა ვადა, რომელიც შეესაბამება სწორედ იმ არგუმენტებს და მოტივაციას, რაც სასამართლომ დაადგინა. „მეორე მოსმენისას კომიტეტმა განიხილა და აქ არსებითი ცვლილება ფორმულირებაშია არ შესულა. დაზუსტდა იურიდიულ-ტექნიკური თვალსაზრისით მუხლის შინააარსი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, პროექტის მიზანია საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში შემავალი პროექტები ერთიანი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში მოექცნენ და მათზე ერთიანი სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მიდგომა გავრცელდეს. მისივე თქმით, კანონის შემუშავება განაპირობა საქართველოს მთავრობის ვალდებულებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე, რათა ქვეყანში შეიქმნას საჯარო და კერძო თანამშრომლობის თანამედროვე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო.

ინიციატივის თანახმად, პროექტი უნდა იყოს გრძელვადიანი იმისთვის, რომ საჯარო კერძო თანამშრომლობის პროექტად კვალიფიცირდეს. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს პერიოდი მერყეობს 10-15 წელს შორის. მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება უნდა იყოს საკმარისად დიდი. პროექტის მინიმალური ღირებულება კი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, რის შემდგომაც პროექტი საჯარო კერძო თანამშრომლობის პროექტად კვალიფიცირდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ იმ მნიშვნელოვან კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

„ეს არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შესაძლებლობა და ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ კანონპროექტს,“ - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

საქართველოს კანონის პროექტი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.

მომხსენებელის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, როგორც სანქციების გამკაცრების, ასევე ქმედების ადრეულ ეტაპზე დასჯადობის შემოღების გზით. კანონპროექტი ასევე აფართოებს იმ ქმედებების წრეს, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

მომხსენებელმა პროექტით გათვალისწინებულ სიახლეებზე დეტალური განმარტებები გააკეთა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

პლენარულმა სხდომამ იმსჯელა საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტი კოლეგებს პირველი მოსმენისათვის ერთ-ერთმა ინიციატორმა კახაბერ კუჭავამ წარუდგინა.

კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მთავრობა თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ვადას, გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს; გარდა ამისა, თბილისის მთავრობა ადგენს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ჩამონათვალს, სადაც ავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე; დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატვირთო ავტომობილის ან/და სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის/ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული ადგილის ან/და დროის შესახებ წესს. ამასთან, თბილისის მთავრობა გასცემს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის ნებართვას ან ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილებას ანიჭებს თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.

კახაბერ კუჭავამ დღსვე წარადგინა საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის თანახმად, განიმარტება ტერმინის - „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი“ მნიშვნელობა განიმარტება.

საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მეორე მოსმენით წარმოადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, პირველი მოსმენის შემდეგ პროექტი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ გათვალისწინებული ცვლილებები დეპუტატებს პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პიორველი მოსმენით გააცნო.

მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტის საჯარო კონსულტაციის მიღების მიზნით პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა კომენტარის სახით დააფიქსიროს მოსაზრება ან შენიშვნა. ცვლილება ასევე ითვალისწინებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ კანონპროექტის და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას პარლამენტის ვებგვერდზე. პროექტით შესაძლებელი ხდება პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონულად ხელმოწერების შეგროვება არანაკლებ 30 ათასი ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით. ახლებურად ყალიბდება მოქალაქეთა მიერ პეტიციით მიმართვის წესი და შემდგომი პროცედურები.

„ვფიქრობ, ჩვენი პარლამენტი, რომელიც ამ მხრივ ახალ შესაძლებლობებს ამკვიდრებს და გაბედულ ნაბიჯებს დგამს ბოლო წლების განმავლობაში, ამ ცვლილებებით კიდევ უფრო თამამ განაცხადს გააკეთებს და მგონია, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენი ღიაობა და მოქალაქეებთან თანამშრომლობის ფორმები კიდევ მეტად გამდიდრდეს და შეთავაზებული იყოს მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ უფრო კარგი შესაძლებლობა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. დეპუტატებმა შეთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და პოზიციები დააფიქსირეს.

დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.