პარლამენტის პლენარული სხდომა

01 ოქტომბერი 2019
პარლამენტის პლენარული სხდომა

პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა დეპუტატების განცხადებებს დაეთმო.

პოლიტიკური განცხადებები:

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი: „მას შემდეგ, რაც 1995 კონსტიტუცია მივიღეთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება იქნება ერთ-ერთი ის ცვლილება, რომელიც ძალიან პრინციპული საკითხია პოლიტიკური ჯგუფებისთვის და რომელსაც  ჩვენ მივიღებთ პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს ის  პოზიციები, რომელი მოვისმინეთ როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან  დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება როგორც ხელისუფლების დამსახურებაა, ასევე ეს ნაბიჯი განაპირობა ქვეყანაში  მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი დამსახურება. ისიც უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანწილად ეს განპირობებული იყო იმ პოლიტიკური პროცესებით, რომელიც მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა, საზოგადოების და ძირითადად ახალგაზრდობის დამოკიდებულებით ამ საკითხთან მიმართებაში, გადაწყვეტილება საპარლამენტოს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ, ჯერ კიდევ, ერთი წლის წინ იყო მიღებული, თუმცა კონსენსუსის საგანი ვერ გახდა დრო, თუ როდიდან დაიწყებოდა ამ სისტემაზე გადასვლა. ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია,  რომლის რედაქცია 2017 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად არის ჩამოყალიბებული, რეალურად ძალიან კარგი კონსტიტუციაა, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ჰქონდა ოპოზიციის მხრიდან კონსენსუსი და  ჩემი აზრით, ამის ძირითადი მიზეზი იყო სწორედ, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული საკითხი. ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა კონსტიტუციის მიმართ ძალიან პოზიტიურ დამოკიდებულებას განაპირობებს. კონსტიტუციური ინიციატივის ფარგლებში არის საკითხები, რომელზეც განსხვავებული შეხედულებები არსებობს, მაგალითად: ეს ეხება ბარიერთან დაკავშირებულ საკითხს და ბლოკების გაერთიანების საკითხს. ამ საკითხებზე ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია. სიმართლე გითხრათ, ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოვისმინეთ საფუძვლიანი არგუმენტები  ჩვენი პოზიციების საწინააღმდეგოდ ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, განხილვები გაგრძელდება. ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო პროცესის ფარგლებში, მოვისმინოთ სხვა შეხედულებები, ვიმსჯელოთ ამ  საკითხზე. ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან კარგია, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერს კონსენსუსით დავასრულებთ“.

ალექსანდრე  ქანთარია: „დღევანდელი დღე არის ისტორიული თარიღი, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ქართველი ხალხის,  საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევით ეპოქალური ცვლილება მოხდა,  მშვიდობიანად შეიცვალა რეჟიმი. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, ბევრი რამეც დიდი იმედი მაქვს, რომ გაკეთდება მომავალში. ბუნებრივია, მოვა ახალი ხალხი, მაგრამ ეს დღე, როგორც მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ვფიქრობ დარჩება საქართველოს ისტორიაში და მინდა მივულოცო ყველა იმ გულანთებულ მოქალაქეს, რომელიც, როგორც ერთი ადამიანი იდგა, არ შეუშინდა არავითარ ხიფათს მაშინ და მშვიდობიანად მოახერხა იმ რეჟიმის გასტუმრება“.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე: „ორი კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ბავშვის უფლებათა“ კოდექსი. მე ოფიციალური ვიზიტით  გახლდით ჟენევაში გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტზე, სადაც იხილებოდა საქართველოს ანგარიში. კომიტეტზე ერთხმად დადებითად იქნა აღნიშნული ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესახებ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ეს იქნება გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი, აშშ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტი თუ სხვა, ერთხმად უსვამენ ხაზს, რომ ჯეროვანი იმპლემენტაციის შემთხვევაში, ბავშვის კოდექსი არის სწორედ თითოეული ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საწინდარი. პარლამენტში შემოვიდა 2020 წლის ბიუჯეტი და ახლა მთავარია ჩვენ სწორად გადავანაწილოთ თანხები იმისთვის, რომ ყოველი თეთრი ეფექტიანად დაიხარჯოს ჩვენი შვილების მომავალზე. მე მოვუწოდებ, მათ შორის, ოპოზიციას, რომ ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულებით, რაშიც კრიტიკაც იგულისხმება,  ჩვენ შევძლოთ და ერთად გადავანაწილოთ თანხები, რომ მოხდეს აღნიშნული კოდექსის ეფექტიანი აღსრულება.  დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი მხარს დავუჭერთ სწორად ბიუჯეტის ფორმირებას, რათა მაქსიმალურად იყოს ბავშვის უფლებებზე მორგებული და საბოლოო ჯამში ჩვენ ქვეყანას შეუქმნით კარგ მომავალს“.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ეროვნულ ბანკს მოუწია საგანგებო სხდომის მოწვევა და მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება. ის რეზერვებს ყიდის. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა  შეიძლება გამართლებულიც იყოს რეზერვების გაყიდვა ან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცით, რომ ეს ფუნდამენტურად არ ცვლის მდგომარეობას“.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე: „უსამართლოა ოპოზიციის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი არაა ადამიანებზე ორიენტირებული იმ მოცემულობაშიც კი, როცა იზრდება ჯანდაცვა, სოციალური დანახარჯები და თანხები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ. ის, რომ ეს 800 მილიონი შევა იმ ადამიანების ოჯახში, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ესენი არიან პენსიონრები, რომელთა პენსია არყოფნის ყველაზე აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას და თითოეული ლარი არის მათთვის ძვირფასი. ის, რომ 1 იანვრიდან, 220 ლარი იქნება პენსია და 1 ივლისიდან პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონრებს ექნებათ 250 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში პენსია იქნება 300 ლარი, ექიმებს, რომლებიც სოფლებს უანგაროდ, ძალიან მცირე ხელფასის ფასად ემსახურებიან, 100 ლარით მოემატებათ ხელფასი, ესეც ალბათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოა. ის, რომ მასწავლებლებს, მომავალი წლის 1 სექტემბრიდან 300 ლარით მეტი ექნებათ ხელფასი, ესეც არ არის მოქალაქეების ინტერესების შესაბამისი. ის, რომ ჯარისკაცს და პოლიციელს მეტი დაფასება ექნება და დამატებითი თანხა შეუვა, ესეც პრობლემატური ყოფილა და ამას არ ჰქვია ადამიანზე ორიენტირებული ბიუჯეტი. შემოდის პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს პენსიონერებს, რომ აღარ იყვნენ დამოკიდებული პოლიტიკოსების ფუჭ და ცრუ  დაპირებებზე, რომლებსაც უხვად მოვისმენთ მომავალი წლიდან და მათ შორის, ჩვენი ოპონენტებისგან.  რეალურად ეცოდინებათ ყოველ წელს რამდენით გაიზრდება პენსია, იმიტომ, რომ მიბმული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე და ინფლაციაზე. ეს იქნება კონკრეტული და გრძელვადიანი გზა იმის, თუ როგორ შემსუბუქდება ადამიანის ცხოვრება  და როგორ  ექნებათ მათ დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან ერთად მათ პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში პენსია გახდეს ღირსეული სიბერის საწინდარი. ეს არის ჩვენი ამოცანა."

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი ეკა ბესელია:  „ქართული ოცნება მოვიდა სამართლიანობის იდეით და, სამწუხაროდ, ამ შვიდი წლის თავზე, იმ ადამიანებს, ვინც ეს პირველი ოქტომბერი მოიტანა და ვის მხრებზეც გადაიარა, იმ ადამიანებს ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მივაყენეთ და ყველაზე მეტად ვატკინეთ გული“ „შვიდი წლის თავზე შედეგია იმაზე მეტი ადამიანი სამართლის მოლოდინში, ვიდრე ჩვენ გვყავდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. იმ ადამიანებს დაემატა კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ვინც სამართალს ეძებს, მეტი ადამიანი, რომელიც სოციალურად შეჭირვებულია და რომელსაც ძალიან სჭირდება მხარდაჭერა. განაწყენებული ჩვენი მხარდამჭერები და საერთაშორისო პარტნიორები. ის კარგი დინამიკა, რაც გვქონდა ადამიანის უფლებების კუთხით პირველ წლებში, რაც გვეამაყებოდა, რომ სწორ რელსებზე იდგა პროცესი და ქვეყანა მიდიოდა სწორი გზით, ისიც დარტყმის ქვეშაა დაყენებული და საფრთხის ქვეშაა დღეს."

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია: „მივესალმები, რომ ტყიბულის აქციასთან დაკავშირებულ საკითხებში ძალიან ოპერატიულად ჩაერთო ეკონომიკის მინისტრი. იგი იყო ჩასული. მოხდა აქციის მონაწილეებსა და მინისტრს შორის გარკვეული შეთანხმება და ძალიან კარგია, რომ მან ეს შეთანხმება შეასრულა და მაღაროელებს გადაუხადეს ხელფასები, მაგრამ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ქალაქი ვითარდებოდეს. ჩვენ შეგვიძლია საქართველოში შვეიცარიისმაგვარი ქალაქები მივიღოთ იმიტომ, რომ ბუნება გვიწყობს ხელს. იქნებ ვიფიქროთ იმაზე, რომ ტყიბულის რეგიონს მაღალმთიანი  რეგიონის სტატუსი მივანიჭოთ“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე: „დღეიდან 25 000 ტაქსის მძღოლი იქნება დაჯარიმებული იმ კორუფციული ინიციატივის გამო, რომელიც თბილისის მერიიდან მოდიოდა და მანქანების გადაღებვა ერქვა. თეთრი ფერით მანქანების გადაღებვით არაფერი იცვლებოდა ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობისა და მგზავრთა უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ გვავიწყდება, რომ  ვართ ქვეყანა ასეულს მიღმა ერთ სულ  მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, 4000 დოლარით და ამ ქვეყენაში მთავარი პრობლემა არის ადამიანების გადარჩენა, სიღატაკის დაძლევა და არა ესთეტიკაზე ზრუნვა, რომელიც არის კორუფციის წყარო“.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია: „მოსამართლეების მოსმენის პროცესი, როგორც ტარდება, არის კარგი და სწორი პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი ნებით არ გაგიკეთებიათ, არის თქვენი კრედიტი, მაგრამ რა გამოავლინა ამ მოსმენებმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კატასტროფაა ის სურათი,  რაც მოსამართლეებმა წარადგინეს და ამიტომ ეუთოს დასკვნაც,  რომელმაც აჩვენა, როგორი პრობლემატური იყო შერჩევის პროცესი, როგორ ნაჩქარევად კეთდებოდა, დადასტურდა პრაქტიკაში“.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - თავმჯდომარის მოადგილე ლელა ქებურია: „როგორც თქვენ გაქვთ გარკვეული გზავნილები საზოგადოების მიმართ, ასევე საზოგადოებასაც აქვს მკაფიო გზავნილები თქვენთან  და თქვენ დაინახეთ „გავრილოვის ღამიდან“ სამი თვის თავზე რამხელა პროტესტი მიიღეთ და რამდენი ადამიანი გამოვიდა თქვენი გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად.  ეს პროტესტი, გაბრაზება და გულისწყრომა გროვდება“.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე: „კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ის თუ რა უნიჭოდ იყო დადგმული სცენარი, რაც შეეხება მუხროვანის ე.წ. ამბოხს. არც ერთ საბრძოლო ტექნიკას, არც ერთ პირად შემადგენლობას, არ დაუტოვებია სამხედრო ბაზის პერიმეტრი და არ განუხორციელებია კონკრეტული ქმედება. ნებისმიერ სამხედრო ნაწილს, ნებისმიერი სამხედრო შემადგენლობას ჰყავს მორიგე ოპერატიული მორიგე, რომელიც იერარქიულად სამხედრო ნაწილში განვითარებულ მოვლენებზე ან არადისცპლინურ ქმედებებზე ან დისციპლინურ გადაცდომებზე მოხსენებას აკეთებს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან. აბსოლუტურად არც ერთი დოკუმენტი, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს არ ადასტურებდა იმას, რომ სამხედრო ნაწილის ოპერატიულმა მორიგემ მიმართა რომელიმე უბრალო თავის ხელმძღვანელს. პირიქით, სამხედრო ნაწილის უშუალო ხელმძღვანელი არ იყო კავშირზე არც გენერალური შტაბის უფროსთან, არც სახმელეთო ჯარების იმ პერიოდის სარდალთან. ის პირდაპირ სამხედრო ბაზის მეკავშირის როლს ასრულებდა და ეკონტაქტებოდა იმ პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრს, მგონი ვანო იყო მერაბიშვილი. რაც შეეხება სამხედრო ნაწილში ტექნიკის დაქოქვას, ეს არ არის დანაშაული. ამის ასე აღქმა არის ელემენტარულად უვიცობა და გაურკვევლობა. სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობას დღის განრიგში თუ არ არის ტექნიკა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი და არ არის დაქოქილი, მაშინ არის პასუხისმგებლობაში მოსაყვანი პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელობა. და კიდევ ერთი, არც ერთი მიმართულებით, არც ერთ ტანკს, მე მაგ პერიოდში მოვიკითხე სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს და პასუხად მივიღეთ, რომ ტექნიკა რომ იყო დაქოქილი, კონკრეტულად ტანკი, ეს არჩენდა ვარაუდს, რომ ეს ტანკი დაიძვრებოდა თბილისისკენ. ეს ვარაუდი რამ ჩამოაყალიბა, მე ვკითხე მოსამართლესაც და ბრალდების მხარესაც. რაც შეეხება პირადი შემადგენლობის გმირობას, ეს პირადი შემადგენლობა იყო გმირები და მათ შორის ბევრი არის ხელმძღვანელი და მეთაური, რომელიც კაპიტულაციის შემდგომაც კი, ერთი კვირის და ორი კვირის შემდეგ გამოვიდნენ უკვე საომარი მოქმედებების ზონიდან და პირადი შემადგენლობაც მსხვერპლის გარეშე გამოიყვანეს, და პლუს ამას იყო გარკვეულად უკმაყოფილება სამხედრო ნაწილებში, რაც იყო განპირობებული იმით, რომ მიატოვეთ პირადი შემადგენლობაც, ოფიცერიც, ჯარისკაცებიც და მიუხედავად იმისა, რომ გამოგვეყვანა როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა ასევე, პირადი შემადგენლობა გარდაცვლილი ჩვენი ჯარისკაცები, აქ ზეიმით ვაცნობეთ საზოგადოებას ის, რომ ჩვენ ვიყავით გამარჯვებულები“.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი: „საზოგადოებისთვის მიცემული დანაპირები,  რომ გავწერდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ღია და გამჭვირვალე პროცედურას და რომ კანდიდატების მოსმენა ასევე გამჭვირვალედ და მაღალი სტანდარტით განხორციელდება - შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ რომ ამ პროცესს  მივიყვანთ ბოლომდე ისე, როგორც შეეფერება ქართულ საზოგადოებას და მართლმსაჯულებას. გასული კვირის ხუთი დღის განმავლობაში, იუსტიციის საბჭოსთან შედარებით, რომელმაც ასევე დააწესა  საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრებების სტანდარტი, ჩვენ თამასა კიდევ უფრო ავწიეთ და იურიდიულ კომიტეტში, პრაქტიკაში დაინერგა, რომ ერთი დღის განმავლობაში,  ვუსმენთ ერთ კანდიდატს და ყველას აქვს საშუალება, პირდაპირ ეთერში უყუროს რა რესურსი აქვს ამა თუ იმ კანდიდატს, მათ შორის, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე კითხულობს მოქალაქეების კითხვებს. ეს არის სტანდარტი, რომელიც დაინერგა იურიდიულ კომიტეტში და საქართველოს პარლამენტში“.

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი: „ჩვენ დავაყენეთ საკითხი ეკონომიკის მინისტრის, ქალბატონ ნათია თურნავას პარლამენტში მოსვლისა სწორედ სამთომომპოვებელ სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და არ მინდა ეს მხოლოდ უბრალო სიტყვებად დარჩეს. რომან კაკულიამაც გააკეთა განცხადება მის საკომიტეტო მოსმენაზე დაბარებისა და კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მივმართავ ეკონომიკის მინისტრს, რომ მოვიდეს და  ზოგადად სამთომომპოვებელ სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს და გვითხრას, როგორ აპირებს ტყიბულის პრობლემის დაძლევას როგორ აპირებს“.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი სერგი კაპანაძე: „პრეზიდენტის მიერ შეწყალებული იქნა ისეთი ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებული იყვნენ პოლიციელის მკვლელობაში, მათ შორის, ახალგაზრდის მკვლელობაში, საკმაოდ გახმაურებულ საქმეებზე. ამან შეძრა საზოგადოება.  ეს თავის მხრივ, არის პრობლემატური ამბავი იმდენად, რამდენადაც ისეთი ტიპის შეწყალებები თავის თავში შეიცავს პრობლემას. მაგრამ აქ დამატებითი პრობლემატური კომპონენტია, რომელიც ეხება სავარაუდო კორუფციას და კორუფციული გარიგების თუ ქვენა ინტერესების გამო  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  მყოფი ადამიანების და ამის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას“.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ადა მარშანია: „ამ დღეებში მთავრობამ გვახარა, რომ გარკვეული პროფესიის და სოციალური ფენის მოქალაქეებს უმატებს ხელფასს, თუ შემწეობას, თუ პენსიას. ჩვენ ძალიან გაგვიხარდებოდა ეს ამბავი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი აზრით, ეს არ არის მომატება. ეს არის ერთგვარი კომპენსაცია ლარის კურსის საშინელი რყევის პასუხად. ამიტომ მივესალმებით თავად ამ ფაქტს,  მაგრამ ხომ არ გამოირჩა მთავრობას ჩვენი ტრაგიკული ომების ვეტერანები, მათი 22 ლარით და ჩვენი დევნილები მათი 45 ლარით. ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ყურადღებას და დახმარებას“.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი: „რაც შეეხება ე.წ. მუხროვანის ამბოხს, ეს მართლა იყო დაუმორჩილებლობა. ჯარისკაცებს არცერთი ტანკი საბრძოლო მზადყოფნაში არ მოუყვანიათ,  დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებიათ.  ეს დაუმორჩილებლობა იყო მიმართული იმისკენ, რომ აგვისტოს ომში დამარცხების შემდეგ, ამ სამხედროებს არ უნდოდათ აღლუმზე გასვლა, ეს დაუმორჩილებლობა იყო  და ამაზე პასუხი უნდა ეგოთ და აგეს კიდეც, მაგრამ  მთელი ამბავი არის ის, რომ სააკაშვილს, თქვენს ხელისუფლებას და  თქვენ, მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი იყავით, გინდოდათ რომ სამაგალითოდ დაგესაჯათ ჯარი, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები.   მე თქვენ შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომი დასრულებული არ იყო, რომ ასეულობით ჯარისკაცი და ოფიცერი დააპატიმრეთ დეზერტირობის მუხლით, ესეთი სამარცხვინო ქცევით იყავით დაკავებული“.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“  მდივანი გიორგი კანდელაკი: „გუშინ მე და გიგა ბოკერიას გვქონდა პრესკონფერენცია ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. საქმე ეხება  23 აგვისტოს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას,  რომელიც მსოფლიო მედიის, დასავლური მედიის ყურადღების ცენტრშია. შემაშფოთებელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს სრულ დუმილს. ბატონი ხანგოშვილი თავის დროზე თანამშრომლობდა ქართულ სახელმწიფოსთან როგორც რუსული სპეცსამსახურების, ისე ისლამური ექსტრემიზმის გავლენის წინააღმდეგ საქართველოში და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იყო არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს მიერ არამედ  ჩვენი მოკავშირეების მიერ მნიშვნელოვანი საფრთხეების გასანეირტრალებლად“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი თინათინ ბოკუჩავა: „ჩვენ გვესმის, რომ რევანშიზმი და შურისძიება არ არის ის არჩევანი, რაც  უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ. პოლიტიკური ოპონენტების ან წინა ხელისუფლების დევნის ნაცვლად მთავრობა უნდა ზრუნავდეს თანამოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ქვეყნის პროგრესზე, იმ სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე, რომელიც ჩვენის ქვეყანას გააჩნია, მათ შორის, ევროკავშირსა და ნატოში შესვლაზე“.

დეპუტატ შოთა შალელაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. „შოთა შალელაშვილი იმ სამეწარმეო საქმიანობას დაუბრუნდა, რომელსაც პარლამენტის წევრობამდე ახორციელებდა“, - აღნიშნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე მათთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეძლევათ პირობით ჩარიცხვის შესაძლებლობა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ განმარტა, ცვლილებები განაპირობა იმ გარემოებებმა, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებულმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა აბიტურიენტებმა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, ოკუპაციის საკითხი ეროვნული კონსოლიდაციის თემა უნდა გახდეს. „ამ თვალსაზრისით, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციის მხრიდან, რომლებმაც კომიტეტის სხდომაზე  მხარი დაუჭირეს მთავრობის  წარმოდგენილ ინიციატივას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით განიხილეს.  კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ბექა ოდიშარის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება ექნებათ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარმოადგინა,. მისი განცხადებით, კანონპროექტი არეგულირებს წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტებისთვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„კანონპროექტით გათვალისწინებულია, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებაზე  ლიცენზიის პირდაპირი გაცემის წესის გავრცელება. დამატებით პირობად კი, განსაზღვრულია წყლით სარგებლობის წლიური ზედა ზღვარი 5 000 კუბური მეტრის მოცულობით. გარდა ამისა, კანონის პროექტის თანახმად, ხდება ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის 10 კალენდარული დღის დაწესება, ნაცვლად სამდღიანი ვადისა“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

 „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით,  ერთ-ერთმა ინიციატორმა, გრიგოლ მიქელაძემ განაცხადა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ეტაპის დადგენილ ვადაში დაუსრულებელი მშენებლობების განმახორციელებელი პირები.

ცვლილებები შედის  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. მომხსენებლის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, კანონპროექტი აწესრიგებს საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს.

კერძოდ, მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებისთვის წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, ამ კანონის ამოქმედებისთანავე ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.

გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინა, ასევე,  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც რეგულირდება საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის, კარტრიჯის, კაფსულის მოცულობასთან, თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლების და იმპორტიორების ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პირველი მოსმენით წარუდგინა.

„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტით, რომელიც საკანონმდებლო პაკეტთან ერთად პირველი მოსმენით განიხილეს, რეგულირდება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებასთან და მართვასთან, პრევენციულ ღონისძიებებთან, ინფორმაციის მიწოდებასთან, ინფორმაციის შენახვასთან და კონფიდენციალობის დაცვასთან, შესაბამისობის კონტროლთან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, ზედამხედველობასთან და უწყებათაშორის თანამშრომლობასთან და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული შესაძლო მტკიცებულების დაცვის მხარისთვის გადაცემა-გაცნობასთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხი, რომელიც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, გადაიდო. იმის გამო, რომ აღნიშნულმა საკითხმა სამართლებრივი თვალსაზრისით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიზანშეწონილად მიიჩნია, საკითხი გადაიდოს და დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს.

პლენარულ სხდომაზე ასევე განიხილეს რატიფიცირებისთვის მომზადებულ დოკუმენტებთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტები.

პარლამენტის შემდეგი პლენარული სხდომა 2 ოქტომბერს, 12.00 საათზე გაიმართება.