პარლამენტის პლენარული სხდომა

11 ივნისი 2019
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დეპუტატებმა, რეგლამენტის შესაბამისად განცხადებები გააკეთეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა.

„ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ნამდვილად სიახლე არ არის. ამას ასევე ცხადყოფს ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა და ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რაც ამერიკის ხელისუფლების მხრიდან გამოხატულა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ამერიკასთან გვაქვს სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა არის ორმხრივ დღის წესრიგში ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და გაფართოება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა: „მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას და არ მოხდება ის, რაც მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, როცა პრაქტიკულად გაყიდეს დავით გარეჯი. დიახ, წინა ხელისუფლებამ გარეჯის ნაწილი გაყიდა, როდესაც გამოდიოდნენ ხელისუფლების პირველი პირები და პირდაპირ ამბობდნენ, რომ გარეჯის ნახევარი ეს არის აზერბაიჯანის კუთვნილება თურმე და არა ჩვენი“.

პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა თბილისის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში თბილისის მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ უბნელებს, ვინც მოთმინებით ელოდა სამუშაოების დასრულებას. მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, ყველა დიდი პროექტი მოითხოვს ჩვენგან მოთმინებას და გარკვეულ დისკომფორტსაც იწვევს, მაგრამ მინდა სურვილი გამოვთქვა, რომ ამას ყოველთვის გაგებით მოვეკიდოთ, იმიტომ, რომ კეთდება ძალიან ბევრი კარგი საქმე ჩვენი ქალაქისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ასევე ქალაქის მერს კახა კალაძეს და მის გუნდს, რომელმაც მართლაც შესანიშნავი სამუშაო გაწია“, - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა. 

პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, პარლამენტი დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებას - სახელმწიფო ინსპექტორის არჩევას აპირებს, რომელიც ზეპარტიულ საკითხს წარმოადგენს.

„ცოტა უფრო მეტი პრინციპულობით მივუდგეთ ამ საკითხს იმიტომ, რომ როცა სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტზე ვსაუბრობდით, ჩვენ ისედაც ბევრ კომპრომისზე წავედით, მაშინ, როდესაც გვინდოდა დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ იქნებოდა პარლამენტზე დაქვემდებარებული და იქნებოდა გარანტი იმისა, რომ არც ერთი სამართალდარღვევა ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ დარჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, ჩვენ მაინც შევკვეცეთ სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და წარმოდგენილი კანდიდატის შესახებ ისაუბრა თავის გამოსვლაში დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.

მისი განცხადებით, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის ახალ თანამდებობაზე შემოთავაზებულია კადრი, რომელიც არის იმ პროკურატურის წარმომადგენელი, რომლის გამო პარლამენტმა 2013 წელს საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე რეკომენდაცია მიიღო და რისთვისაც ეს მექანიზმი შეიქმნა და დღეს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენს, რომლის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულზე შეიძლება ინსპექტორმა გამოძიება დაიწყოს, ეს ყველაფერი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია.

სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატი გააკრიტიკა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმაც.

„დღეს თქვენ უნდა დავუჭიროთ კანდიდატურას მხარი, რომელიც 2010 წლიდან ადეიშვილის პროკურატურაში ხელმძღვანელობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს და განსაკუთრებით პიკში იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა არასრულწლოვნების 2010-2012 წლებში. დღეს თქვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქალბატონ ლონდას, რომელიც არის ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი, რომლის დროსაც განსაკუთრებულად აწამებდნენ არასრულწლოვნებს გლდანის მე-8 პენიტენციურ სისტემაში და იმ ადგილებში, სადაც ისინი იხდიდნენ სასჯელს“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი ბოკერიას გამოსვლას, რომელმაც ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრები გააკრიტიკა, სხდომათა დარბაზში სიტყვიერი კამათი და დაძაბულობა მოყვა.

მისი გამოსვლის პასუხად, პარლამენტის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა გიორგი ბოკერიასგან ბოდიშის მოხდა და დარბაზის დატოვება მოითხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კამათში და დისკუსიაში მონაწილე მხარეებს დამშვიდებისკენ და სხდომის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხდომათა დარბაზში მომხდარი შემთხვევის შესახებ პარლამენტის ეთიკის საბჭო იმსჯელებს, რომელიც შესაბამის დასკვნებს მოამზადებს.

ცალკეული დეპუტატების გამოსვლები ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ და ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ საპარლამენტო ტრიბუნა ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენეს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასეს.

მათი განცხადებების ნაწილი საარჩევნო პროცესებს, ქვეყანაში კრიმინალის ზრდის ტენდენციებს და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სტატისტიკაზე ისაუბრა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ. „2019 წლის მაჩვნებელი ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. მინდა ხაზიო გავუსვა, რომ ექსპორტი გაიზარდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიც გახლავთ აშშ-ი. ეს გახლავთ 126% - იანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ მზარდი იყო ჩინეთის ტენდენცია, აქ ასევე არის დამატებით ზრდა 27%-ოდენობით. პოლონეთში გაზრდილია 18%-ით და საფრანგეთში გაზრდილია - 91%-ით. ეს ქვეყნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, არამედ აღნიშნულ ქვეყნებს აქვთ საკმაოდ დიდი მეღვინეობის ტრადიციები და შესაბამისად, ქართული ღვინო პოულობს კონკურენტუნარიან პოზიციას აღნიშნულ ბაზარზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ, რომ გაზრდილია ბრენდის ექსპორტი 60%-ით. ასეთი მაჩვენებლები ჩვენ არ გვქონდა და 61%-ით არის გაზრდილი ჭაჭის ექსპორტი. ესეც მოგეხსენებათ უცხო პროდუქტია ძალიან ბევრი ბაზრისთვის და შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი თავისთავად ცხადყოფს იმას, რომ დიდია დაინტერესება და მოთხოვნა. მინდა გავაკეთო სტატისტიკური ინფორმაციის განახლება ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. 8 აპრილიდან დღემდე დაახლოებით დამონტაჟებულია 3061 ფერომონი და 40 ათასზე მეტი ხაფანგი. ცივი შესხურებით დამუშავებულია 8546 ჰექტარი, აქედან გურია გახლავთ 2057 ჰექტარი, სამეგრელო 4700 ჰა, იმერეთი 1717 ჰა. თერმული ნისლით დამუშავებულია 9300 ჰა - სამეგრელოში არის 5420 ჰა, იმერეთში 1900 ჰა, გურიის რეგიონში 1980 ჰა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ხარაგაულის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ერთ-ერთ ტელეკომპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გასულს სიუჟეტსაც უპასუხა.

„მე მინდა მოგახსენოთ მეგობრებო, რომ ხარაგაულში 80 სოფელია, აქედან 40-ზე მეტ სოფელში გზები უკვე მოასფალტებული და მობეტონებულია. იქ არის ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებული., ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში პრემიერ-მინისტრის მიკერძოებულად წარმოჩენა, თითქოს და მხოლოდ საკუთარი სოფლის და დასახლების გამო ზრუნავს ეს არის უსინდისობა, ეს არის სიცრუის ტირაჟირება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

მმართველი ხელისუფლების კრიტიკა პარლამენტის წევრების თინათინ ბოკუჩავას, გიორგი კანდელაკისდა ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლებით გაგრძელდა.

დეპუტატებმა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას ხელისუფლების კურსი და მისი ქმედებები არაეფექტურად შეაფასეს.

„თქვენ არ შეგიძლიათ ემსახუროთ ხალხს, თქვენ არ შეგიძლიათ გადაჭრათ ხალხის პრობლემები. თქვენ ხელში ლარი დასუსტდა, თქვენ ხელში ინვესტიციები იკლებს, არ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, არის მასობრივი სიღარიბე და გაჭირვება“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს.

„სულ რამდენიმე დღის წინ ბათუმი გახდა ტურისტული ჯილდოს მფლობელი და ისეთი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა სოფია, ლუბლიანა და ბევრი სხვა. ბათუმი დასახელდა ევროპის ყველაზე მზარდ ტურისტულ მიმართულებად და ეს ჯილდო ეკუთვნის ბათუმელს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ამ ქალაქის განვითარებისთვის, და თუნდაც ყველა იმ საოჯახო სასტუმროსა და კაფეს მფლობელს, ვინც გულითადად ემსახურება თავის საქმეს და ქმნის ჩვენი ქვეყნის სტუმართმოყვარე იმიჯს. ამასთანავე ჩვენ ვიზრუნეთ იმ ქვეყანაზე, რომელსაც თქვენი მმართველობის პერიოდიდან შემორჩა მძიმე დამახინჯებული ფსიქიკა, დაკარგული ტერიტორიები, ბეტონის ჯუნგლებად ქცეული ქალაქი და ხუთჯერ ზედიზედ გახსნილი ერთი და იგივე პროექტი. მიუხედავად იმისა, რამდენ სიცრუეს თუ ტალახს გვესვრით, დრო გადის ემოციები მშვიდდება და დარჩება ის საქმეები, რომელსაც ვაკეთებთ გრძელვადიანი შედეგის მიზნით და არა იმ მიზნით, რომელიც თქვენ გქონდათ მხოლოდ კარგი პიარის გასაკეთებლად“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ იმ აგრესიის, სიძულვილის და ღვარძლის ნთხევაზე, რასაც ამ დარბაზში ჰქონდა ადგილი. ძალიან მიხარია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ამ აგრესიის და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს გამოიხატება სწორედ არჩევნების შედეგებში, ალბათ ეს არის ყველაფრის პასუხი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით დადებულ პირობაზე კონსესუსი უკვე მიღწეულია.

„წლის დასაწყისში ჩვენ დავდეთ პირობა და ვთქვით, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელმაც უნდა უპასუხოს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელებიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში, ღიად იყო დატოვებული ან გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდა და იყო იდენტიფიცირებული, სხვადასხვა პირების მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, და რომელიც ემსახურება მართლმსაჯულების სისტემაში სწორი და ჯანსაღი პროცესების წარმართვას, ვთქვით, რომ ამ რეფორმას საკმაოდ სწრაფად შევქმნიდით, წარვმართავდით და დავაინიცირებდით. ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო ჯგუფის მუშაობა ღია პროცესის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თვეების მუშაობის შედეგად, სამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიღწეულია კონსენსუსი, მოხდა შეთანხმება და უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიც არის დისციპლინური პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში, ანუ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მაშინ, როდესაც შესაძლებელია ადგილი ქონდეს დისციპლინურ გადაცდომას, საქართველოს სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლი და მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების გაჯანსაღება და ასევე მესამე საკითხი, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მართვის და ოპერირების წესები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“, მაღალი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა აქვს. რეფორმები, დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმიდან დასრულებული სხვა რეფორმებით - იყო ეს ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, ინფრასტრუქტურა, ამ შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ საზოგადოება ზუსტად და სამართლიანად აფასებს იმ მიღწევებს და ასევე გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ამ გამოწვევების მოგვარებაში, ისევ ქართულ ოცნებას აძლევს მხარდაჭერას. კონკრეტულ საქმეზე ვისაუბროთ ახალ, აქ ხართ პარლამენტში ოპოზიცია, გვაქვს ჩვენ ეუთოს რეკომენდაციები, გთავაზობთ, რომ დავსხდეთ სამუშაო მაგიდასთან, და პოლიტიკურ პროცესში, სამუშაო რეჟიმში, განვიხილოთ კონკრეტული არგუმენტები, რაც ამ რეკომენდაციების გარშემო არსებობს, და რა საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო, რა იქნება რაციონალური. თუ რა გააუმჯობესებს კიდევ უფრო მეტად ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობას, ამაზე უკვე სამუშაო მაგიდასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამ პოლიტიკური დაბნეულობიდან, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით, სხვა გამოსავალს, უკეთეს გამოსავალს ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

განცხადებების დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა კენჭისყრის პროცედურით გაგრძელდა. პირველ საკითხად სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ორი კანდიდატის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტებს ეყარათ კენჭი.

დეპუტატებმა 82 მომხრე, 12 წინააღმდეგი, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მეორე კანდიდატმა - ვალერი ლომუაშვილმა კი მხოლოდ 7 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

კენჭისყრა საკადრო გადაწყვეტილებების მიღებით გაგრძელდა. დეპუტატებმა სსიპ - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს ფარული სისტემით უყარეს კენჭი, რომლის შედეგადაც საბჭოს წევრობის კანდიდატები: ოლივიე რუსო (77 ხმით ერთხმად), ტიმო ვიჰერკენტა (88 ხმით, ერთხმად) და მაიკლ რიდლი (83 ხმით, ერთხმად) 5 წლის ვადით, ხოლო დავით წიკლაური (84 ხმით ერთხმად) და ჟან-ფრედერიკ პოლსენი (80 მომხრე, 1 წინააღმდეგი) 3 წლით საინვესტიციო საბჭოს წევრებად იქნენ არჩეულნი.

პარლამენტის წევრებმა წინა სხდომებზე განხილულ 32 კანონპროექტსაც უყარეს კენჭი, ხოლო სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად იქნა მიღებული.

პარლამენტის პლენარული სხდომა კანონშემოქმედებითი საქმიანობით გაგრძელდა. აგრარულ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ კოლეგებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ერთი მოსმენით მისაღებად წარუდგინა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა დეპუტატებს „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები გააცნო.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დეპუტატებს ვრცელი და მოცულობითი კანონპროექტთა პაკეტები - „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად გააცნო და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც პროექტებში პირველი მოსმენის შემდეგ აისახა.

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები წარმოადგინა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარმოადგინეს.

პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, 11 ივნისის პლენარული სხდომა დასრულდა.