პარლამენტის პლენარული სხდომა

12 ივნისი 2019
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა, საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, მესამე მოსმენით განსახილველად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.

მომხსენებელმა განმარტა, რომ პროექტში მეორე მოსმენის შემდეგ, რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა. პროექტი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებთან და მოვალეობებთან, საბაჟო კონტროლთან, საბაჟო დავასთან, ვაჭრობაში დამცავ ღონისძიებებთან, საქონლის ღირებულებასთან, საბაჟო ვალდებულების წარმოშობასთან და საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან, საქონლის საბაჟო სტატუსთან, საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, დეკლარაციის შემოწმებასთან და საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები.

დეპუტატებმა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა, კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარადგინა და დეპუტატებს მუხლობრივად გააცნო ის ცვლილებები, რომლებიც კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, ცალკეულ მუხლებსა და პუნქტებში შევიდა.

მისი განმარტებით, ზოგიერთი მუხლი დაზუსტდა, ნაწილი კი რედაქციულად გაიმართა.

მომხსენებლის განმარტებით, ორგანული კანონის პროექტის თანახმად, დგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება კონსტიტუციის შესაბამისად და განისაზღვრება გამონაკლისი შემთხვევები.

ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულებასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებასთან, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორის ცვლილებასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის საკუთრებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და პროექტთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელსაც ეფუძნება სოფლის და სოფლის მეურნეობის სწორი განვითარება. ეს არის საფუძველი ყველა იმ პროცედურის და პრობლემის მოსაგვარებლად, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ყველა იმ რეკომენდაციის და შენიშვნის გათვალისწინებას, რომელზეც საუბარი გვქონდა. მათ შორის, ტერმინოლოგიურ ნაწილში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირსა (IPU) და საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების ანგარიში პარლამენტის თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს, საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატის (IPU) ფარგლებში, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ორი ასამბლეის, ერთი ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენისა და ორი კონფერენციის მუშაობაში.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ნიუ-იორკში გამართულ ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენაზე, ასევე, ჟენევაში გამართულ რიგით 139-ე ასამბლეაში, აქტიური მონაწილეობა მიიღო და ორმხრივი შეხვედრები გამართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატი კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაზე, არაღიარების პოლიტიკასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ.

ირაკლი კობახიძემ ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული დელეგაცია აქტიურად იყენებს ამ პლატფორმას საპარლამენტო კავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საქართველოს საერთაშორისო პრიორიტეტებზე სასაუბროდ.

„მქონდა საშუალება, რომ IPU-ს ასამბლეაზე უმაღლესი ტრიბუნიდან მიმემართა კოლეგებისთვის. ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 150-მდე ქვეყნის 800-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის, 70-მდე პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი ტრიბუნა რათა გაგვეხმოვანებინა ჩვენი ინტერესები. გვქონდა საუბარი მიგრაციაზე, დევნილებზე, რაც ჩვენთვის, განსაკუთრებული პრობლემაა. გვქონდა ოკუპაციის საკითხებზე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრის საშუალება. ჩვენ ეს ტრიბუნა კარგად გამოვიყენეთ და კოლეგებს საქართველოში არსებული ვითარება გავაცანით. IPU ძალიან კარგ ფორმატს ქმნის, რათა ვისაუბროთ, მათ შორის, არაღიარების პოლიტიკაზე და ჩვენი მხრიდან, ეს პლატფორმა ძალიან აქტიურად გამოიყენება არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელების ხელშესაწყობად“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული დელეგაციის წევრმა, გიორგი ხატიძემ, რომლის ინიციატივითაც 2020 წელს, ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 კონფერენციას საქართველომ უნდა უმასპინძლოს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, IPU-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში, უკვე მიიღო და მომავალ წელს კონფერენცია თბილისში გაიმართება.

მისივე თქმით, IPU-ს პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, რომელიც წარმატებული საქმიანობის შედეგად, მიმდინარე წელს პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ასევე წარუდგინა საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა.

„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები მოლდოვასთან, უკრაინასთან. ჩვენ გვაკავშირებს საერთო მიზნები და საერთო გამოწვევები ამ ორ ქვეყანასთან. საერთო გამოწვევა არის, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რაც საერთო არის სამივე სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამი ქვეყნის საერთო მიზნებს გაუსვა ხაზი.

„ჩვენი საერთო მიზანი არის ევროინტეგრაცია. ასევე უკრაინასთან ჩვენ გვაერთიანებს ნატოში ინტეგრაციის საერთო მიზანი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სამმხრივი ფორმატის კიდევ მეტად განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იდეა სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების თაობაზე, პოლონეთში, ერთობლივი შეხვედრის ფორმატში გაჩნდა და აღნიშნული ასამბლეის ჩამოყალიბება არის სწორედ ამის კონკრეტული შედეგი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირველი სესია სწორედ თბილისში, 2018 წლის 5-6 ოქტომბერს შედგა. ეს იყო საინაუგურაციო სესია, სადაც სამივე ქვეყნიდან მაღალი წარმომადგენლობა იყო უზრუნველყოფილი. სესიის ფორმატში სამივე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების მიერ, ხელი მოეწერა წესდებას.

„ჩვენ შევთანხმდით ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტებზე. ეს არის ორი ძირითადი მიმართულება. ევროინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხები. შევთანხმდით, რომ სწორედ ამ პრიორიტეტებზე გავამახვილებთ ყურადღებას სამომავლო საქმიანობის პროცესში. სესიის დროს, გაიმართა ძალიან საინტერესო პანელის დისკუსიები. ასამბლეის ფარგლებში გვქონდა საშუალება გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან უკრაინიდან და მოლდოვადან. ასევე ევროპარლამენტარებთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ სესიის ფორმატში, რუსეთის ფედერაციის მიერ, ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების დაგმობის შესახებ მიღებულ ასამბლეის ერთობლივ რეზოლუციაზე გამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ახალმა ფორმატმა სამ ქვეყანას კონკრეტულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, ერთობლივი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მისცა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა მოლდოვას რესპუბლიკაში და უკრაინაში ჰიბრიდული საფრთხეების დაძლევის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც ასევე სესიის ფორმატში იქნა მიღებული.

„იმედი მაქვს, რომ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა სამმხრივ ფორმატში. დარწმუნებული ვართ, რომ სამომავლოდ ჩვენ შევძლებთ ამ ფორმატის გააქტიურებას და ჩვენი სამმხრივი საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც აქტიურად იმუშავებს ჩვენი ერთობლივი გამოწვევების თაობაზე და ჩვენი ერთობლივი მიზნების მისაღწევად“, - განაცხად პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ მსგავსი ფორმატების და ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზიტები და შეხვედრები კონკრეტული შედეგებით სრულდება, რისი კარგი მაგალითიცაა შეხვედრა უკრაინის და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეებთან.

„ასეთი ტიპის ფორმატებს და ვიზიტებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მოაქვს კონკრეტული შედეგები. ასეთი ვიზიტები, შეხვედრები ხელს უწყობს ჩვენი კავშირების გაღრმავებას, პარლამენტებს შორის ურთიერთობების კიდევ მეტად განმტკიცებას. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ კონკრეტული შედეგის გარეშე არ დავასრულოთ არც ერთი ვიზიტი. ყოველთვის ვცდილობთ ვიზიტის ფარგლებში გავაჟღეროთ ძალიან კონკრეტული ინიციატივები. ერთ-ერთი კარგი მაგალითი იყო ჩვენი შეხვედრა უკრაინის და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. ჩვენ გვქონდა არა მარტო ზოგადი საუბარი მეგობრობის და ჩვენი ურთიერთობების თაობაზე, არამედ, გამოვედით კონკრეტული ინიციატივებით და სწორედ ამ ვიზიტმა და ინიციატივამ მოიტანა შედეგად ამ ძალიან მნიშვნელოვანი ასამბლეის შექმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს, ასამბლეის მუშაობაში ნაყოფიერი მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემწარადგინა.

მისი განცხადებით, პროექტი 2020 წლისათვის პარლამენტის ბიუჯეტის 53 მილიონ 696 ათასი ლარის ოდენობით დამტკიცებას ითვალისწინებს.

მათ შორის, საკანონმდებლო, წარმომადგენლობითი და საზედამხედველო საქმიანობისთვის 18 მილიონ 428 ათასი, საპარლამენტო ფრაქციების და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისთვის 7 მილიონ 238 ათასი, საკანონმდებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული მხარდაჭერისათვის კი 28 მილიონ 30 ათასი ლარია განსაზღვრული.

კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს ასევე გააცნო „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტები.

კანონმდებლები რამდენიმე კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ წარუდგინა.

მან პარლამენტის წევრებს კომიტეტის მიერ განხორციელებული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში კი პლენარულ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობაზე ისაუბრა და ვრცლად მიმოიხილა ის მიმართულებები, რომლებიც კომიტეტის პრიორიტეტებს წარმოადგენს.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გააცნო.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში - კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ წარადგინა.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის თანმიმდევრული. ჩვენს კომიტეტს მაქსიმალური წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით, რაც არის ჩვენი ძირითადი საგარეო კურსი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2018 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ წარუდგინა.

პარლამენტის წევრებმა კომიტეტების საქმიანობა შეაფასეს და მოსაზრებები გამოთქვეს. მომხსენებლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

სხდომის ბოლოს, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.

გალერეა

  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2019 წლის 12 ივნისი