პარლამენტის პლენარული სხდომა

21 სექტემბერი 2018
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნის განხილვა გაგრძელდა. კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული დასკვნისაგან განსხვავებული პოზიცია წარმოადგინა. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვანის მკვლელობა ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია საზოგადოებისთვის. „დაიღუპა ორი არასრულწლოვანი და ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი ყველასთვის. მინდა გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა დაზარალებული ოჯახების მიმართ. პარლამენტის წევრებს გვმართებს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტს არ ჰყავს მხოლოდ 2 დაზარალებული ოჯახი. ვფიქრობ, დაზარალდა მთელი ქართული საზოგადოება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ყველა სახის პოლიტიკური გამოსვლით და მსჯელობით, რომ ასეთი რამ თავიდან ავირიდოთ და ეს აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი შეფასებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის უპრეცედენტო შემთხვევა. „მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პარლამენტმა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით და ოპოზიციის მხარდაჭერით, შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. ხაზს ვუსვამ, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ფაქტის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები და „ქართული ოცნება“ სწორედ ის ძალაა, რომელიც უსმენს საკუთარ საზოგადოებას, მოქალაქეების მოთხოვნებს და მოქმედებს მათი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად. „კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მიერ დაისვა საკითხი საგამოძიებო სისტემის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, თუმცა არ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან ადგილი ჰქონდა რომელიმე პოლიტიკური მოტივით ამ საქმეში ჩარევას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება და მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც კომისიამ დადგენილად არ მიიჩნია. იმ ხარვეზებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ დავადგინეთ საგამოძიებო უწყებებთან მიმართებაში, შევიმუშავეთ რეკომენდაციები. ჩვენ გამოვკვეთეთ, რომ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებმა მ.კ.-სთან მიმართებაში იმუშაონ ინტენსიურად და რაც შეიძლება სწრაფად გამოკვეთონ მისი როლი მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით. რეკომენდაცია შევიმუშავეთ სუბელიანთან დაკავშირებით, მის მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების შესწავლის საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად გავცემთ რეკომენდაციას, რომ დაინტერესდეს გამოძიება ამ საკითხით. ასევე, შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება გ.მ-ს დაჭრის საქმის ცალკე გამოყოფას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რეკომენდაციებს შორის მან დაასახელა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ საკუთარ უწყებებში სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების აუცილებლობა, რათა გამოიკვეთოს, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის გადაცდომას და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მდგომარეობა გვაქვს ამ საქმის ირგვლივ. მინდა გითხრათ, რომ 10 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული დღეის მდგომარეობით ამ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, მირზა სუბელიანი, მისი ნათესავი მ.კ., მისი ძმა, მისი მამა და მისი მეზობლები“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მან ისაუბრა, თუ რატომ არის ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული დასკვნა პოლიტიკური დოკუმენტი და არაკომპეტენტური. უმრავლესობის წარმომადგენელმა “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შეახსენა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათ არცერთ გახმაურებულ საქმეზე საგამოძოებო კომისიის შექმნისთვის მხარი არ დაუჭერიათ და ოპოზიციის ყველა შესაბამისი ინიციატივა ჩააგდეს.

კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა კომისიის წევრმა, ეკა ბესელიამ. „მინდა მივუსამძიმრო არამარტო სარალიძის, არამედ დადუნაშვილის ოჯახსაც, რომელიც გუშინ არ გახსენებია კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს. პოლიტიკური განწყობებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, როდესაც ვსაუბრობთ დაზარალებულებზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მან ყურადღება კომისიის საქმიანობაზე გაამახვილა. „პარლამენტს არ ჰქონდა ასეთ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის გამოცდილება. ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ჰქონდა არა მხოლოდ ამ ერთი საქმის, არამედ შემდგომში, საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა“, - აღნიშნა დეპუტატმა. 

მისივე შეფასებით, კომისიამ, რომლის უმრავლესობას ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ქმნიდნენ, ვერ შეძლო თავისუფალი ყოფილიყო პოლიტიკური განწყობებისგან. „კომისიის უმცირესობის წევრები ვერ გაექცნენ პოლიტიკურ განწყობებს. გუშინ, ბატონი სერგი კაპანაძე საუბრობდა, რომ გიორგი გახარია იმიტომ უნდა გადადგეს, რომ მან ჩაკეტა გამოძიება თავისი სიტყვებით. ამ „ჩაკეტილი“ განცხადების ფონზე ჩატარდა 500-მდე საგამოძიებო მოქმედება და ახალი პირების გამოვლენა. როდესაც საუბრობთ თეა წულუკიანის გადადგომაზე, ერთი კითხვა მაინც უნდა მოგემზადებინათ, ხელოვნურად მაინც, როდესაც მას იბარებდით. თქვენ ამბობთ, რომ ირაკლი შოთაძის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს, ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მან აიღო, არის თუ არა ის ახალი პასუხისმგებლობის სტანდარტი, რომელიც არასდროს გვინახავს. არ არის უმნიშვნელო მოვლენა, როდესაც პარლამენტის ლეგიტიმაციით არჩეული პირი ტოვებს თანამდებობას. ამის გაუბრალოება როგორც არ უნდა სცადო, ვერ გამოვა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა.

პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგების შესახებ“ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა.

დადგენილების პროექტის წარდგენის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვეს. მამუკა მდინარაძის შეფასებით, მათ დარბაზი დატოვეს სწორედ იმის გამო, რომ პასუხი არა აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე. „ჩემს კითხვაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პასუხი არის ის რაც დარბაზში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დატოვებს დარბაზი, სწორედ იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე. ისინი გაიქცნენ დარბაზიდან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ბუნებრივი ამბავია, რადგან დადგენილებაში წარმოდგენილი რეკომენდაციების საპირისპირო არგუმენტები არ არსებობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

მისი განცხადებით, კომისიის შექმნის მომენტისთვის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა მთავარი კითხვები, თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა და ხომ არ ჰქონდა ადგილი გამოძიების პროცესის მწარმოებელ პირთა მხრიდან გამოძიებისათვის ხელის შეშლას, მათი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ზემოთხსენებული ლეგიტიმაციის მიუხედავად, კომისიის წევრების კითხვებიც ახსნა-განმარტების მიმცემ პირთა მიმართ უმეტესწილად ამ კონკრეტული გარემოების დადგენას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე. 

მამუკა მდინარაძემ კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები გააცნო დეპუტატებს. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარონ სამსახურეობრივი შემოწმება, რათა, არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ კანონდარღვევა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება; საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ მ. კ.- ს ქმედებებს გამოძიების სასამართლო განხილვის ეტაპზე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. დადგენილების მიხედვით, მიზანშეწონილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ჩართულობით შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შესაძლებელი გახდება პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-დღიანი ვადის გახანგრძლივება.

ჩვენი რეკომენდაციაა, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთიანი წესი, რაც, თავის მხრივ, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებზე ეფექტიან რეაგირებას, სკოლის უსაფრთხო გარემოზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, მანდატურის სამსახურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობას“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. 

დადგენილების პროექტის წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვიეს, რომელთაც ეგონათ, რომ ეს კომისია მათი მომავლისთვის და უსაფრთხოებისთვის მუშაობდა. „ჩვენი მთავარი ამოცანა ამ საქმესთან დაკავშირებით არის მართლმსაჯულების ბოლომდე განხორციელების კვალდაკვალ ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი შვილების, თქვენი შვილების მომავალი ამ ქვეყანაში, როგორ უსაფრთხოდ გააგრძელებენ ისინი ცხოვრებას და განვითარებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს პარლამენტის დადგენილების პროექტს „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგების შესახებ“.

სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. მომხსენებლის, ზაზა გაბუნიას განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ხარვეზის გასწორებას, რაც გამოწვეული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 30 მაისს მიღებული საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 20 ივლისს მიღებული საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კერძოდ, ხსენებული კანონები ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული ნორმების განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბებას.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე პირველი მოსმენით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც პარლამენტის წევრებთან, ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად. „დოკუმენტი შემუშავდა როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ექსპერტებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ყველა მონაწილეს. მომხსენებელმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავების ძირითად მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება. „ერთი მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ამოქმედდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს განსაზღვრავს სხვაგვარად. ბუნებრივია, პარლამენტის რეგლამენტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს. მეორე მიზეზი, თუ რატომ გახდა ახალი დოკუმენტის შემუშავება იყო ის ხარვეზები, რომელსაც მუშაობის პროცესში ვაწყდებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი განმარტებით, თანამედროვე პარლამენტი უნდა აკმაყოფილებდეს 5 პრინციპს. „ეს არის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, წარმომადგელობითობა, ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ძალიან კარგად პასუხობს ყველა ამ მოთხოვნას და ყველა მიმართულებით გააუმჯობესებს ჩვენს მუშაობას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მან პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, დოკუმენტი თხუთმეტივე კომიტეტმა განიხილა. მასში პარლამენტის ადგილსამყოფელია - ქალაქი თბილისი, პარლამენტის სასახლე. საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პოლიტიკური დებატებით; პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში; ინტერპელაციის წესის დამკვიდრება.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას; დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას; პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას; საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგის 3 დღით ადრე გამოქვეყნებას; მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგი საპარლამენტო სესიისთვის.

ერთ-ერთი ცვლილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის გამარტივებას შეეხება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში კი მნიშვნელოვნად ძლიერდება კომიტეტების უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც, ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას ფინანსთა მინისტრის და დარგობლივი მინისტრის დასწრების ვალდებულება შემოდის.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პარლამენტში აუდიტის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს განიხილავს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დასკვნა, რომელსაც სახელმწიფო აუდიტი მიიღებს, მუდმივად განიხილებოდეს პარლამენტში.

„აუდიტის ჯგუფი სიახლეა. აქამდე ეს არ ყოფილა საქართველოს პარლამენტში. ის იქმნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და ემსახურება იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შექმნილი ანგარიშები, რომელიც პარლამენტამდე მოდის, მაგრამ არ მოჰყვება ხოლმე აქტიური განხილვა, ეს პროცესი გავააქტიუროთ და ყველა დასკვნა, რომელსაც აუდიტის სამსახური შეიმუშავებს, ყველა დარღვევა, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც დაადგენს, მუდმივად იხილებოდეს მუდმივმოქმედ რეჟიმში მომუშავე სპეციალურ ჯგუფში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით საპროცედურო საკითტა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, იმ სამართლებრივი ურთიერთობების უზრუნველსაყოფად, რომელიც დარეგულირებულია აღნიშნული საკანონმდებლო აქტით, მნიშვნელოვანია რეგლამენტი იყოს გამართული, უხარვეზო და სრულყოფილი.
დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც პარლამენტს გააძლიერებს. „ვისარგებლებ შემთხვევით, მადლობას გადავუხდი თამარ ჩუგოშვილს იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რომელიც მან გასწია რეგლამენტის რეფორმირების პროცესში. ეს არ არის რიგითი რეფორმა. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც თვისობრივად გააძლიერებს პარლამენტის ადგილსა და როლს მთლიანად კონსტიტუციურ სისტემაში. გაძლიერდება პარლამენტის კანონშემოქმედებითი ფუნქცია, გაძლიერდება მისი საზედამხედველო ფუნქციები და შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ნამდვბილად ფუნდამენტური რეფორმა და მადლობას ვუხდი თითოეულ იმ პირს, რომელიც იყო ჩართული ამ რეფორმის მომზადებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს 77 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

პარლამენტმა 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „ნინო გვენეტაძისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორშაბათს, 24 სექტემბერს, ბიუროს სხდომა თბილისში, 15:00 საათზე გაიმართება.