პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

21 ივნისი 2017
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგები შეაფასა, რომელიც საქართველოში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხთვიან საქმიანობაზე ისაუბრა. 

„მოქმედი კონსტიტუცია, სხვადასხვა თვალსაზრისით, არის დაუხვეწავი, უამრავი ტექნიკური ხარვეზით და შინაარსობრივი პრობლემით. კონსტიტუციურ ორგანოებს შორის კომპეტენციები ბუნდოვნად არის გამიჯნული, განსაკუთრებით კი საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. დაუბალანსებელი სახით არის მოწესრიგებული ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობები. არის უამრავი კონკრეტული ნორმა, რომელიც ნებისმიერ თავში არა ერთ შინაარსობრივ ხარვეზს შეიცავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა ორი კონკრეტული მიზანი დაუსახა - ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა სამართლებრივ პრონციპებთან და დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება. „სწორედ ამ ორ მიზანს ემსახურება ის დოკუმენტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ პრეამბულა, როგორც ისტორიული ნაწილი უცვლელად დარჩენილიყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს მოსახლეობის მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე გაამახვილა.

„საქმე ეხებოდა პრეზიდენტის არჩევნებს, რომელთან დაკავშირებითაც გამოთქმული იყო მოსაზრებები. ასევე, გარკვეული კითხვები უკავშირდებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. საარჩევნო სისტემა იყო ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, სადაც ყურადღება არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე იყო გამახვილებული. ასევე, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე. გამოიკვეთა ორი ძირითადი საკითხი, რომლის მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა, ეს იყო კონსტიტუციის დონეზე ქორწინების დეფინიციის დაზუსტება და მიწის განკარგვის საკითხის კონსტიტუციური სამართლებრივი მოწესრიგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის მთავარი კანონის ცალკეულ თავებზე დეტალურად ისაუბრა.

მისი თქმით, პირველი თავის ცალკეული მუხლები სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს, სახელმწიფო სიმბოლოებს, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოსა და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპებს ეხება.

მან ტერიტორიული მოწყობის საფუძვლებთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი დამატებებია თვითმმართველობებთან დაკავშირებით, სადაც გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიები.

„პირველი თავში ასახულია ოთხი ფუნდამენტური პრინციპი რომელსაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება. ეს არის დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ადამიანის ძირითად უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი.

„ამ მუხლში ჩნდება ადამიანის ღირსების ძირითადი უფლება, გაზრდილია სტანდარტები თანასწორობის კუთხით და წარმოდგენილია გენდერული თანასწორობის უფლება, დაცულია შშმ პირთა უფლებები და ინტერესები. ასევე, ეს მუხლი ადგენს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ძირითად უფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ა. შ. ეს არის ის ძირითადი უფლებები, რომელიც აისახება ქვეყნის ძირითად კანონში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებით დოკუმენტში წარმოდგენილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტს აძლიერებს, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს და საკვანძო კონსტიტუციურ ორგანოს ამ მმართველობის სისტემაში. მან ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებაში აძლიერებს ოპოზიციის როლს.

„შემოდის საგამოძიებო კომისიის შექმნის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ოპოზიციას ენიჭება დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა. ასევე, დგინდება ფრაქციების შექმნის წესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო სისტემაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ძირითად ტექსტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზეა საუბარი. მან ე.წ. ბონუს სისტემაზეც ისაუბრა. დოკუმენტში ბონუსის დანამატის სამი ძირითადი ელემენტია წარმოდგენილი. ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც არ იცვლება, უქმდება ბლოკის ინსტიტუტი და ე.წ. ბონუსი, რომელიც მომხსენებლის განმარტებით, ფართო განხილვის საგანი იყო.

„საუბარი იყო სხვადასხვა თეორიულ ვარიანტებზე. ჩვენ გადავწყვიტეთ მკაცრი ზღვარი დაგვეწესებინა ბონუსისთვის, რომელიც არის სამი სახით დაწესებული. პირველი არის აბსოლუტური ზედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას რომ ბონუსის ხარჯზე პარტიამ არ უნდა მიიღოს 89 მანდატზე მეტი, მეორე არის ფარდობითი ზედა ზღვარი, ანუ ძირითადი მანდატების 35%-ს არ უნდა გადააჭარბოს დამატებითი მანდატების რაოდენობამ და მესამე, ეს არის აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას რომ თუ პარტიას აბსოლუტურ უმრავლესობამდე - 76 ხმამდე არ ევსება მანდატების რაოდენობა ასეთ შემთხვევაში ბონუსი აზრს კარგავს და ის არ განაწილდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მომხსენებელმა პრეზიდენტის არჩევის წესსა და უფლებამოსილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უცვლელი რჩება როგორც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, ასევე პრეზიდენტის კომპეტენციები. მან ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებაზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის კომპეტენციას ეხება. „ვენეციის კომისიის 2010 წლის რეკომენდაცია იყო რომ ეს კომპეტენცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადასულიყო. ეს ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, შემდეგ უკვე მოიწონა შესაბამისი ცვლილება. იურიდიული მოსაზრებებიდან გამომდინარე ეს კომპეტენცია გადადის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მეორე ცვლილება ეროვნული უშიშროების საბჭოს ეხება. ეს საბჭო არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო, რისი მიზეზიც დღევანდელი კონსტიტუციაა რადგან ეს აბსოლუტურად არასწორი ფორმითაა მოწესრიგებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და პირდაპირიდან არაპირდაპირზე გადასვლა ხდება.

„გარდამავალ დებულებებში წარმოდგენილია ნორმა, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი წესით და არაპირდაპირი არჩევის წესი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციურ კანონში მთავრობასთან მიმართებაში განიხილება.

მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი სუსტი მხარე საქართველოს მთავრობაა. უკიდურესად იყო გართულებული უნდობლობის პროცედურა. რასთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიას განსაკუთრებული შენიშვნები ჰქონდა. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია წარმოდგენილ დოკუმენტშია ასახული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ზოგადად მთავრობის როგორც ანგარიშვალდებულების, ისე პასუხისმგებლობის ხარისხი საქართველოს პარლამენტის მიმართ იზრდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურის თავში.

„საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით არ იცვლება ფორმირების წესი. ერთადერთი აქ ჩვენ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც დადგენილი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევისთვის. ეს კვალიფიციური უმრავლესობა კი განსაზღვრულია 90 დეპუტატით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი ეხება სახალხო დამცველსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესსაც. ცვლილებები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადების კომპეტენცია ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს. დოკუმენტის თანახმად დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლო უნდა შედგებოდეს 28 მოსამართლისგან. დღეს წარმოდგენილია 13 მოსამართლე და მათი რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვანია რადგან უზრუნველყოფილი იყოს ამ ორგანოს ქმედითი ფუნქციონირება“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, იცვლება მოსამართლეების წარდგენის წესიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, პარლამენტი ირჩევს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეს უვადოდ, ხოლო თავმჯდომარეს წევრთაგან 10 წლის ვადით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი. „ვენეციის კომისიის რეკომენდაციით პარლამენტი ამ პროცედურიდან უნდა იყოს გამორიცხული, თუმცა ჩვენი აზრით, არ იქნება მისასალმებელი პარლამენტისთვის ამ უფლებამოსილების შეკვეცა. უმჯობესია პარლამენტი კვლავაც იყოს ჩართული ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში და გაინაწილოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა, ამაზე შეგვიძლია კიდევ ვიმსჯელოთ“, - მიმართა კოლეგებს ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან პროკურატურის გამოყოფა და როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს ჩამოყალიბება. „ვფიქრობ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმწიფო ფინანსების და კონტროლის თავზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მეშვიდე თავში ბიუჯეტთან და გადასახადებთან დაკავშირებული ცვლილებებია შესული, სადაც ახალი რედაქცია საბიუჯეტო წლის კალენდარულ წელთან დამთხვევას აუცილებელი წესით არ ითვალისწინებს.

მომხსენებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის თავზე საუბრისას აღნიშნა, რომ დამატებულია უმნიშვნელოვანესი გარანტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის გარანტიებს შეესაბამება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი რედაქციით შემოღებულია ე.წ. პლურალური ვოტუმის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია 2/3 უმრავლესობით კონსტიტუციის მიღება „ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა დამტკიცდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ¾-ის უმრავლესობით კომნსტიტუციის მიღება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ქვეყნის მთავარ დოკუმენტში საქართველოს საგარეო პრიორიტეტების ასახვაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მეთერთმეტე თავი შეიცავს მხოლოდ ერთ ნორმას, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას ადგენს, მიიღონ ყველა ზომა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტი უკვე ასახულია ქვეყნის მთავარ დოკუმენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ეს კანონი მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება. მომხსენებლის ინფორმაციით, ასევე განსაზღვრულია, მთელი რიგი კანონები რომლებიც ორგანული კანონის სტატუსს იძენს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ კონკრეტული ნორმების ამოქმედების ვადებზეც ისაუბრა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით სამართლებრივ პრინციპებთან კონსტიტუციის ახალი რედაქციის სრული შესაბამისობა ვენეციის კომისიამ უკვე დაადასტურა. „ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი იყო 23 რეკომენდაცია საიდანაც 21 უპირობოდ გავიზიარეთ. გაუზიარებელი დარჩა მხოლოდ ორი რეკომენდაცია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებული რეკომენდაციით, პარლამენტი უნდა ამოირიცხოს და მეორე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციით, პარლამენტს უნდა ჰქონდეს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა მთავრობის თანხმობის გარეშე. ჩვენი აზრით ეს მენეჯმენტის, მათ შორის პოლიტიკური მენეჯმენტის ლოგიკას ეწინააღმდეგება. მიგვაჩნია, რომ ეს არა თუ გააძლიერებს პარლამენტს არამედ პირიქით დაასუსტებს მას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი პროცედურა აგებულია კონსენსუსის პრინციპზე. „ეს არის ბევრად უფრო სწორი და ლოგიკური პროცედურა. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტს ექნება უფლება მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტში ნებისმიერი ცვლილება მთავრობის დაუკითხავად განახორციელოს, დაირღვევა ის ლოგიკა, რაზეც არის დაფუძნებული პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროექტის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კითხვები, ძირითადად, პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესს, კანონის ამოქმედების ვადებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეხებოდა.

საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა, რატომ არ გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის თაობაზე.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვადებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. „უმრავლესობის შიგნით იყო დისკუსია და ამით ჩვენ ბუნებრივია, ვამაყობთ. შეუძლებელია, 116-ვე ადამიანს ერთი და იგივე აზრი ჰქონდეს, განსაკუთრებით, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. არის გაჟღერებული პოზიცია, რომლის თანახმადაც მომავალი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. საუბარია 3%-იანი ბარიერის დადგენაზე ბლოკების გაუქმების პირობებში. ეს არის ის მოცემულობა, რომელზეც უმრავლესობა შეჯერდა. 2024 წლიდან კი საუბარია პროპროციულ სისტემაზე გადასვლაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანოა და მისი გაუქმება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე ნულოვან დონეზე აისახება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უშიშროების საბჭო არ არის ქმედითი ორგანო, რადგან უშიშროების საბჭო წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პოლიტიკური კრიტიკის საგანი. „წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სახით არჩეულ პრეზიდენტს ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურის როლის შესრულება ძალიან გაუჭირდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადავადების მიზეზზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მოქმედ პრეზიდენტს იმის თეორიული შანსი მაინც უნდა მიეცეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედაც იყაროს კენჭი.

„ჩვენ ვფიქრობთ, დღევანდელი და ხვალინდელი საპარლამენტო სისტემისთვის უკეთესია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, თუმცა ანგარიში გავუწიეთ იმ ფაქტორს, რომ დღეს მოქმედ პრეზიდენტს თეორიული შანსი მაინც დარჩეს იმისა, რომ მან კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. სწორედ ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების 6 წლით გადავადება. ეს გვირჩია და მოგვიწონა ვენეციის კომისიამ. შესაბამისად, არაპირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნები პირველად 2023 წელს ჩატარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებების კორექტირებულ ვარიანტში ასახულ ინიციატივას, რომლის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებზე რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულება 12 წლის განმავლობაში იარსებებს. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა, რომლის მოსაზრება დეპუტატებმა ბექა ნაცვლიშვილმა და გია ჟორჟოლიანმა გაიზიარეს. მათი თქმით, უმჯობესია აღნიშნული თარიღი საპარლამენტო არჩევნებს მიებას. „რაც შეეხება 94-ე მუხლს ძველი რედაქციით და ახალი ცვლილებებით 67-ე მუხლს, თუ რატომ განისაზღვრა 12 წელი, ეს არის ის საკითხი, რომელთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან, განსაკუთრებული კონსულტაციები გვჭირდებოდა, რადგან საქმე მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ საკვანძო, ეკონომიკურ სფეროს ეხება. მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვადით უნდა იყოს განსაზღვრული დროებითი რეგულაცია. საორიენტაციოდ 12 წელიწადში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით, 10 000 დოლარს მიაღწევს, რის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება - ეს არის დაახლოებით პოზიციის არსი და საიდან გამომდინარეც 12 წლიანი დათქმა ჩაიდო შესაბამის მუხლში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია კონსტიტუციაში ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული ჩანაწერის გაკეთებაზე მსჯელობა საკითხის მეორე მოსმენის განხილვისას შესაძლებლად მიიჩნია.

სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტს, როგორც საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს ელჩების დანიშვნაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ამ ფორმითაც მიიღოს მონაწილეობა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს საკითხი, საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციებს საჭიროებს რისი საშუალებაც, პარლამენტს საკითხის მეორე მოსმენით განხილვამდე მიეცემა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებით, მას სურდა, კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა არის საქართველოს დედაქალაქი. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა. „მე მინდოდა, კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა არის საქართველოს დედაქალაქი. ეს არ არის გათვალისწინებული. ჩემი თხოვნა იქნება, წერილები, რომელიც მე კომისიას გადავუგზავნე აუცილებლად იყოს დოკუმენტთან თანდართული, რამდენადაც ეს ისტორიული დოკუმენტია და უნდა ჩანდეს, რომ საქართველოსთვის, რბილად რომ ვთქვათ, იმ არასწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოს დედაქალაქიდან პარლამენტი სხვაგან იქნა გადატანილი, მე პირადად ვეწინააღმდეგებოდი“, - განაცხადა რევაზ არველაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკური დაპირება, იმის შესახებ, რომ ვიდრე ქუთაისი სხვა ფუნქციას არ შეიძენს, პარლამენტი ქუთაისში იქნება - ძალაში რჩება.
„ამასთან დაკავშირებით იყო ფართო დისკუსია. პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე ჩანაწერი ამოღებულია, თუმცა ძალაში რჩება პოლიტიკური დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერჯერობით პარლამენტი რჩება ქუთაისში, ვიდრე ქალაქი სხვა ფუნქციას არ შეიძენს. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება ის რეგულაცია, რომელიც ქვეყნის ძირითად კანონში დღეს არის ასახული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შესვენების შემდეგ სხდომა ფრაქციების წარმომადგენელთა გამოსვლებს დაეთმო.

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წევრებმა კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ” დარბაზის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
„ვტოვებთ დარბაზს და საშუალებას მოგცემთ უმრავლესობას ერთი პარტიის ხმებით, წყნარად მიიღოთ ის ცვლილებები, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პარტია,” - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, დებატების ბოლოს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ უმრავლესობა ჩამოყალიბებულია საკუთარ პრინციპებზე, რომელიც “ევროპული საქართველოს” აზრით, ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ, ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, ქართველ ხალხთან ერთად დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, შეკითხვები, წინააღმდეგობა. ამის იქით გვრჩება მხოლოდ მეორე მეთოდი საპარლამენტო პოლიტიკური ბრძოლის - შემდგომ განხილვაში მონაწილეობის აღარ მიღება, რასაც „ევროპული საქართველო” აკეთებს,”-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ სამ ძირითად მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რომლითაც, მისი განცხადებით, საზოგადოებას დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაამახსოვრდება.

„პირველი გახლავთ ის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით ხალხს ვართმევთ პრეზიდენტის არჩევის უფლებას, მეორე გახლავთ ის, რომ დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაიდო რვა წლით და მესამე ის, რომ ამ ცვლილებების მიღება ხდება სრული ანტიკონსენსუსის პირობებში, როდესაც ცვლილებები გავა მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ხელისუფლებას განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების ინიციატივით მიმართა.

„იმისათვის, რომ ამ ცვლილებებს ჰქონდეს ლეგიტიმაცია, ვკითხოთ ხალხს, იმიტომ, რომ უზენაესი სიტყვა და ძალაუფლება როდესაც პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან, ეკუთვნის ხალხს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში იმ ადამიანებს, ვინც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვართ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, საჯარო განხილვებში და მათ, ვინც იმუშავა იმისთვის, რომ ჩვენ კოლეგებს ევროპარლამენტში, ვენეციის კომისიას, სხვა პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონოდათ სრული ინფორმაცია იმაზე, თუ რის შეცვლას ვაპირებთ ჩვენ.“

არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ დარბაზის დატოვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა მათი მოსაზრება კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით არის საფუძველს მოკლებული.

„იმ პოსტულატების და იმ პრინციპების ორი მესამედი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა წარმოადგინეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში, არის გათვალისწინებული პროექტში, რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ. ამ ფონზე, საუბარი, რომ არანაირი თანამონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული, ჩემის აზრით, არის კიდევ ერთი სიყალბე. ევროპული საქართვლო რჩება დარბაზში, ხოლო იმ ადამიანებმა ვინც ახლა დატოვეს დარბაზი ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო ევროპული არ ყოფილიყო და ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა იცვლება შემოთავაზებული კანონპროექტით. „ჩვენ ვცვლით კონსტიტუციას, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას უნდოდა თავისთვის და რომელსაც აშკარად ეტყობა ეს მიდრეკილებები სხვადასხვა თავში.“ მისი შეფასებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი და საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესმა აჩვენა, რომ არავინ არის ამის წინააღმდეგი.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ახალ კონსტიტუციაში იქნება ახალი სტანდარტები და ახალი პრინციპები, რომელსაც საზოგადოების სრული მხარდაჭერა აქვს.

„იყო ძალიან საინტერესო საჯარო განიხლვების ორი რაუნდი, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე, კომისიის წევრები პირისპირ დასხდნენ საზოგადოებასთან, მიიღეს შეკითხვები და უპასუხეს მათ. ჩვენ დღეს ვცვლით კონსტიტუციას, კონსტიტუციით, რომელიც აღარ ეკუთვნის მხოლოდ ხელისუფლებას და ის გადაეცემა ხალხს. შემოგვაქვს მთელი რიგი ახალი სტანდარტები ახალ კონსტიტუციაში. უფლებები, რომელიც აქამდე არ იყო, სწორედ დღეს იწერება. ახალ კონსტიტუციაში არის პრინციპები, რომელიც აძლიერებს თვითმმართველობას, რომელიც სასამართლოს უფრო დამოუკიდებელს ხდის, რომელიც საგარეო ვექტორს პირდაპირ განსაზღვრავს. და ეს ევროპული არჩევანი არის გამაგრებული კონკრეტული საქმეებით ამ 4-5 წლის განმავლობაში,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წინადადებას პლებისციტის ჩატარების თაობაზე. მისი შეფასებით, შეთავაზება არის ფარისევლური. „ასეთი მარტივი ხრიკებით ისინი საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. ჩვენ უკვე ვიყავით მისული ხალხთან. ველაპარაკეთ ხალხს ყველა რეგიონში. ჩვენ ველაპარაკეთ ევროპელებს და ველაპარაკეთ პარტნიორებს,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, კონსტიტუციის პროგნოზირებადობა არის სწორედ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობა.

„ახალი კონსტიტუცია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემუშავდა არის ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელი და ეს შინაარსი არის ამ კონსტიტუციის პროგნოზირებადობა. ეს კონსტიტუცია იძლევა პროგნოზირების შესაძლებლობას, თუ საით განვითარდება საქართველო ხვალ და ხუთი-ათი წლის შემდეგ. იქ, სადაც არ არის პროგნოზი, არ არის გრძელვადიანი განვითარება,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალალვაძემ საარჩევნო სისტემასთან, პრეზიდენტის არჩევის წესთან, ბონუსის სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი განცხადებით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მყარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო აუცილებლად გადავა დემოკრატული არჩევნების სისტემაზე. „ეს აისახება მომდევნო არჩევნებზე, როდესაც ჩვენ მზად ვართ დავწიოთ ბარიერი და თეორიული რისკებიც კი მოვხსენით ბონუსის სისტემაზე. პრეზიდენტის არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ვამბობთ რომ გადავდივართ არაპირდაპირ არჩევნებზე უკვე ამ არჩევნების შემდეგ, ვინაიდან, ეს ნამდვილად უფრო რაციონალურ სისტემად მიგვაჩნია,“-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა ვენეციის კომისიის დასკვნაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ პარლამენტი და საპარლამენტო მოდელი დღევანდელ ბუნდოვანებას და კონსტიტუციას მოიყვანს შესაბამისობაში ევროპულ პრინციპებთან და პრეზიდენტის მანდატიც იქნება ისეთი, როგორც ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის და თამარ ჩუგოშვილის ვიზიტმა ყველა ოპონენტს გამოაცალა არგუმენტები კონსტიტუციასთან დაკავშირებით. „ვენეციის კომისიამ თავიდანვე, წინასწარი დასკვნის პრეამბულაში თქვა, რომ ეს ცვლილებები არის ცალსახად პროგრესისკენ მიმართული და ეს არის უკეთესი კონსტიტუცია და უკეთესი ხვალინდელი საქართველო,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ნდობა შეგნებულად გამოუცხადა.

„გახსოვთ, რომ პირველი ტურის შემდეგ მთელი კამპანია წარიმართებოდა „ქართული ოცნების“ და საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ამომრჩეველმა მიიღო პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ნდობა გამოგვიცხადა. მათ შორის, იმის გამო, რომ ავიღეთ შესაბამისი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ აუცილებლად დავხვეწდით ქვეყნის ძირითად კანონს და მოვიყვანდით მას შესაბამისობაში ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპთან. ეს არის ჩვენი პროგრამული ვალდებულება ქართველი ამომრჩევლის წინაშე, რომელიც ზედმიწევნით სრულდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დღეს მოქმედი კონსტიტუცია ყველაზე მეტად ხელსაყრელი სწორედ მმართველი გუნდისთვისაა, თუკი მას სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა სხვა გზა აირჩია და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს ზღუდავს.

„ეს კეთდება ერთადერთი მიზნით - ეს მიზანი არის ქვეყნის ინტერესების დაცვა და ქვეყნის ინტერესებშია ის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი საფრთხე ავტოკრატიის და გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს იყო ჩვენი ამოცანა, ამისთვის შეიქმნა დეკემბერში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ამისთვის მივუძღვენით ჩვენ ყოველდღიური დაუღალავი შრომა ოთხი თვის განმავლობაში იმას, რომ მომზადებულიყო დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი საკონსტიტუციო ცვლილებების სახით. ეს არის ამომრჩევლის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა, რომელიც აუცილებლად იქნება სათანადოდ რეალიზებული. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ამომრჩევლის წინაშე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ პლენარული სხდომის დატოვებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიციის ეს ნაბიჯი ირაციონალურია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს პოლიტიკური სპექტრი კონსენსუსის მიღწევისთვის მომწიფებული არ არის და ამ სინამდვილის შეცვლა, პირველ რიგში, მმართველი გუნდის ვალია.

„თანმიმდევრულობის გარეშე პოლიტიკაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. თანმიმდევრულობაზე საუბარი ზედმეტია, როდესაც ერთი და იმავე პროცესიდან ორჯერ გადიხარ. აბსოლუტურად ირაციონალურია ასეთი ნაბიჯები. გახსოვთ, ჯერ კომისიიდან გასვლა, ახლა უკვე - პლენარული სხდომიდან გასვლა. ეს არის არათანმიმდევრულობის ძალიან ნათელი მაგალითი, რის პირობებშიც, საუბარი ზედმეტია ამ პოლიტიკური ძალების პოლიტიკურ წარმატებაზე. არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის, საარჩევნო სისტემის კონტექსტში, იმაზე, რომ დღეს პოლიტიკური სპექტრი კონსესუსის მიღწევისთვის და პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისების მიღწევისთვის არ არის მომწიფებული . ეს არის სამწუხარო, დღევანდელი რეალობა და პირველ რიგში, ჩვენი, მმართველი გუნდის ვალია, რომ ეს სინამდვილე შევცვალოთ და თანდათანობით ჩამოვაყალიბოთ ისეთი პოლიტიკური და ურთიერთობათა ისეთი სისტემა, რომელიც მომავალში შესაძლებელს გახდის კომპრომისებს და კონსესუსებს. დღეს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,რომ ოპოზიციური სპექტრი არ არის მომწიფებული როგორც კონსესუსებისთვის, ასევე, კომპრომისებისთვის.

აქ საუბარი იყო პლებისციტზე და ითქვა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ცუდია და ამ ცუდ ცვლილებებს ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ მას ხალხი დაეთანხმება. ეს არის არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი მაგალითი - თუ ცუდია დოკუმენტი, როგორც შეიძლება მას მხარი დაუჭირო, თუნდაც, სახალხო მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მიღებული კონსტიტუცია ავტოკრატიის ჩამოყალიბების სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და მმართველი გუნდის პოლიტიკური ნების საფუძველზე, ქვეყნის მოქმედი მთავარი კანონი დახვეწილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუციით იცვლება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს პროცესი ისტორიულია.
„დღეს არსებული კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ სისტემაში პარლამენტი ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი. პარლამენტი თვისებრივად ძლიერდება სხვადასხვა მექანიზმით. ასევე, უზრუნველყოფილი არ არის კონსტიტუციურ ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა მკაფიო გამიჯვნა, არ არის დაცული ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და ეს ხარვეზები სწორდება. აბსოლუტურად აღრეულია ის რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია თავდაცვასთან, უსაფრთხოებასთან და ყველა ეს რეგულაცია სწორდება, იზრდება თვითმმართველობის გარანტიები და ასე შემდეგ. საუბარი ზედმეტიც კია იმაზე, თუ რამხელა პროგრესს ვაღწევთ იმ ცვლილებებით, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში ხორციელდება. ეს ნამდვილად ისტორიული პროცესია. ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, პროავტორიტარულ კონსტიტუციას ვცვლით ნამდვილად დემოკრატიული, აბსოლუტურად ჯანსაღი დემოკრატიული კონსტიტუციით. ჩვენ ვართ ამ ისტორიული პროცესის მონაწილეები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობისა, კონსესუსი მიღწეულ იქნა. ირაკლი კობახიძის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა ოპონენტების მხრიდან ნეგატიურად იყო წარმოჩენილი.

„ჩვენთვის ოპონირება ნიშნავს დემოკრატიას, პლურალიზმი ნიშნავს დემოკრატიას, ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდი არის ცოცხალი, არის ჯანმრთელი და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით. ამ ძალიან ჯანსაღი, აქტიური ოპონირების რეჟიმში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რომ მოვახერხეთ კონესეუსის გამონახვა ნამდვილად მისასალმებელია და ეს ჩვენ ყველამ ერთმანეთს უნდა მივულოცოთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

რიგგარეშე პლენარული სხდომა ხვალ 12.00 საათზე გაგრძელდება, სადაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.