პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

11 იანვარი 2021
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 83 ხმით, ერთხმად მიიღეს. 

საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ამნისტიის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით). 

მომხსენებელმა კოლეგებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ იქნა გაზიარებული.

„საკითხის მესამე მოსმენით განხილვისთვის გარკვეული რედაქციული ცვლილებები გვაქვს. არის გარკვეული ტექნიკური და გრამატიკული ხასიათის ცვლილებები, რომელიც ასახულია კანონპროექტში, თუმცა, ასევე არის გარკვეული საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც სასურველია ყურადღება გამახვილდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

მისი თქმით, საკითხის მეორე მოსმენით განხილვის დროს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ნაწილი მოქცეოდა ამნისტიის გავრცელების ქვეშ.

„კეთდება დათქმა, რომ გარდა სისტემატიური ცემისა, სხვა შემთხვევაში 126-ე მუხლის 1¹ ნაწილი ასევე, იქნება მოცული ამნისტიით. შესაბამისად, ის ტექნიკური შეუსაბამობა, რომ მომდევნო ნაწილი უთითებდა ამ ამოღებულ ნაწილზე, ეს პრობლემა აღმოიფხვრება. ეს არის ის, რაზეც დღევანდელი განხილვების შედეგად შევთანხმდით კომიტეტის სხდომაზე“, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, რამდენიმე მუხლში იყო ერთგვაროვანი დებულებები, რომელიც უკავშირდებოდა დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენას იმ შემთხვევაში, თუკი დაზარალებულის უფლებამონაცვლეზეა საუბარი.

„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე მუხლი შეიცავდა იდენტურ დებულებებს, გამართლებულად ჩაითვალა, რომ ერთი ცალკე მუხლი გაკეთებულიყო ზოგადი დათქმით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ყველა მუხლში პრობაციის ბიუროს,  ნაცვლად მიეთითება პრობაციის ეროვნული სააგენტო. ასევე, მე-8 და მე-9 მუხლები, რომლებიც უკავშირდება არასრულწლოვანის მშობელს - დედას და სტუდენტს, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის შეცვლას შინაპატიმრობით.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მე-11 მუხლით ზუსტდება აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენას. 

ახალი რედაქციის მიხედვით, ცვლილებაა მე-15 მუხლში, რომელიც ამნისტიასთან დაკავშირებით გასაჩივრების განხილვის პროცედურას ეხება. 

მომხსენებელმა კოლეგებს ასევე გააცნო „სისხლის სამართლის საპროცესო“ და „სისხლის სამართლის“ კოდექსებში“ განხორციელებული რედაქციული ხასიათის ცვლილებები, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარეობს. 

სხდომაზე, მეორე მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს პარლამენტის წევრის, მიხეილ დაუშვილის  ინიციატივა, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.

მომხსენებელმა კოლეგებს პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელებული ცვლილებები გააცნო, რის შემდგომაც წარმოდგენილ კანონპროექტს კანონმდებლებმა მხრი დაუჭირეს.

ამით პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.